კრემლის საგარეო პოლიტიკა: 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია

Image-empty-state.png

გიორგი ფანიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 12 იანვარი, 2022

Kremlin.ru

2021 წლის შემოდგომაზე რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან შეიარაღებული ძალების შესამჩნევი თავმოყრა დაიწყო, რამაც დასავლეთის დამსახურებული უკმაყოფილება და კიევის საფუძვლიანი შფოთვა გამოიწვია. რუსეთ-დასავლეთის უამისოდაც რთულ ურთიერთობებში დაძაბულობის შედარებით ძველი კერა ხელახლა გააქტიურდა და ახალი, უფრო ღრმა, გეოპოლიტიკური თუ დოქტრინული დაპირისპირების პლატფორმად იქცა.

ვლადიმირ პუტინი, ამჯერად, არ უარყოფს რომ უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობა თავად შექმნა და არც იმის თქმას ერიდება, რომ ამ ,,დაძაბულობის" შეძლებისდაგვარად ხანგრძლივად შენარჩუნებასაც აპირებს. უკრაინის ირგვლივ დასავლეთის შფოთვებსა და წუხილებს კი კრემლმა უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნით უპასუხა. ეს უსაფრთხოების გარანტიები აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომ გაფართოებასა და სამხედრო-პოლიტიკურ აქტიურობაზე უარის თქმას გულისხმობს.

წმინდა სამხედრო-პოლიტიკური შეუთავსებლობის გარდა, კრემლი ამბობს, რომ ხრწნადი დასავლეთი, სადაც კაპიტალიზმისა და ღირებულებების სერიოზული კრიზისია, რუსეთის საზღვრებიდან რაც შეიძლება მოშორებით, ,,ჯანსაღი კონსერვატიზმით“ უნდა შეკავდეს.

ამიტომ, ,,ჯანსაღი კონსერვატიზმის“ დოქტრინით შეიარაღებული რუსი ჯარისკაცები რუსეთის ,,საზღვრების გასწვრივ პერიმეტრზე“ კრემლის განახლებული საგარეო პოლიტიკის კოშკურებში გამაგრებულან და მათ დასავლეთის შეკავება აქვთ ნაბრძანები, რათა ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა და დასავლური ცხოვრების ნირი სახიფათო მანძილზე არ მიუახლოვდეს კრემლის პოლიტიკური მოწყობის მოდელს.

ქვემოთ ერთად გადავავლოთ თვალი მოსკოვის საგარეო პოლიტიკის ბოლო კოლექციას.


დასავლეთის დეკადანსი, ცვლილებების მიუღებლობა და ,,ჯანსაღი კონსერვატიზმი“


გასული წლის შემოდგომაზე უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების დახვავება დაიწყო, რაც სათანადო გამართლებას, კონტექსტსა და ფონს საჭიროებდა. აკურატულმა რუსეთის პრეზიდენტმაც არ დააყოვნა, დასავლეთის შეკავების განახლებული ფილოსოფიური ჩარჩო მოხაზა და ის ვალდაის სადისკუსიო ფორუმზე წარმოადგინა.


2021 წლის 21 ოქტომბერს ვალდაის საშემოდგომო ფორუმზე ვლადიმირ პუტინმა თავისი გამოსვლის ძირითადი ნაწილი დასავლეთის დეკადანსზე საუბარს დაუთმო.


აქამდე თუ საქმე დიდწილად რუსეთ-დასავლეთის ღირებულებით განსხვავებებში იყო, ამჯერად კრემლი უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ დასავლეთის მორალური ღირებულებების სისტემას თვალი წაუვიდა და შეუქცევადი რღვევა დაეწყო.


ვალდაის პოდიუმის გადმოსახედიდან დასავლური ცივილიზაცია პრინციპებისა და მიდგომების ღრმა კრიზისს განიცდის. ამასობაში კაპიტალიზმის არსებულმა მოდელმაც თურმე თავი ამოწურა, სოციალურ-ეკონომიკური მოწყობის ახალი მოდელი კი, ჯერ არ გამოძერწილა.


ფასეულობების ჩამოშლისა და ჰუმანურობის პრინციპების რღვევის პროცესს, თავის მხრივ, გაურკვეველი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებები მოაქვს, რაც რუსეთს არც შინ სჭირდება და არც მისი საზღვრების სიახლოვეს.


ვლადიმირ ვლადიმირის ძის თვალსაზრისით, რუსეთმა დასავლეთიდან თავსმოხვეული ცვლილებები ჯერ გასული საუკუნის 20-იან წლებში იგემა, შემდეგ კი, 90-იანებში, რაც რუს ხალხს ძალზე ძვირი დაუჯდა. ამიტომ, დასავლეთიდან მომდინარე ცვლილებების შეკავებაზე საუბრისას, კრემლის მეპატრონემ ძველი ჩინური სიბრძნე მოიშველია - ,,ღმერთმა არ გაცხოვროთ ცვლილებების ეპოქაშიო“ და ცვლილებების მიუღებლობის თემას მეტად ჩაუღრმავდა.


მას შემდეგრაც ვლადიმირ პუტინმა გასული საუკუნის რუსეთის ყველა ბედის უკუღმართობა და განსაცდელი დასავლეთიდან თავსმოხვეულ რევოლუციურ ძვრებს დაუკავშირა, გადაწყვიტა, ამაზე არ შეჩერებულიყო და ბარემ დასავლური სამყაროს გაჭიანურებული დომინაციის დასასრულიც გამოეაშკარავებინა:


„ცივ ომში თითქოს დამაჯერებლად გამარჯვებულებმა იგრძნეს, რომ ფეხ-ქვეშ ნიადაგი ეცლებათ და რაოდენ მშვენიერიც არ უნდა ყოფილიყო ეს გაელვება, ის უკვე შეუქცევადად წარმავალია“.

დასავლეთის დომინირება მსოფლიოს საქმეებზე, რომელიც რამდენიმე საუკუნის წინ დაიწყო და გასული საუკუნის ბოლოს თითქმის აბსოლუტური გახდა, თურმე დასასრულს უახლოვდება და ის ადგილს უფრო მრავალფეროვან სისტემას უთმობს.


კრემლის განახლებული ხედვით დასავლური სისტემის გახრწნას, გაურკვეველი ცვლილებების ქარბუქსა და ახალი მსოფლიო ბალანსის ჩამოყალიბებას კი რუსეთი ფრთხილად, თავშეკავებით უნდა შეხვდეს და ამ ყველაფერს ტრადიციებზე დაფუძნებული ,,ჯანსაღი კონსერვატიზმი” დაუპირისპიროს.



,,...სერგეი ვიქტოროვიჩ, ...ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია...“


მას მერე, რაც ვალდაის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დასავლეთთან დაპირისპირების ზოგადი ჩარჩო და დოქტრინა მოიხაზა, ვლადიმირ პუტინი, სერგეი ლავროვთან ერთად, რუს დიპლომატებს გაფართოებულ კოლეგიაზე შეხვდა, სადაც მოხაზული ზოგადი ჩარჩო დაავიწროვა და ველად მომუშავე დიპლომატებს უახლოესი მომავლის სამოქმედო გეგმა დაუსახა.


2021 წლის 18 ნოემბერს ელჩებთან შეხვედრისას, გამოსვლის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტი პანდემიისა და კლიმატის ცვლილების გლობალურ გამოწვევებს შეეხო. ერთ მომენტში შეიქმნა ცრუ განგაში იმისა, რომ ამ მართლაც გლობალური პრობლემების ირგვლივ მაინც გამოიკვეთებოდა დასავლეთთან თანამშრომლობისა და კოორდინაციის საჭიროება, თუმცა ნურას უკაცრავად...


სწორედ კლიმატის ცვლილებაზე საუბრისას კრემლის თავკაცმა რუს დიპლომატებს პირდაპირ დაავალა აქტიური წინააღმდეგობის გაწევა ევროკავშირისა და აშშ-ს იმ მცდელობებისთვის, რომლებიც მიმართულია კლიმატური დღის წესრიგის მითვისებისა და ერთპიროვნული განსაზღვრისკენ, ასევე კლიმატის თემაზე დასავლური სტანდარტების ფორმირებისკენ.


პანდემიას რაც შეეხება, აქაც, რუსეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა ძირითადად ვირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინების აღიარების ჭრილში დაინახა.


საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტების ჩამონათვალში ვლადიმირ პუტინმა განსაკუთრებული ადგილი პოსტ-საბჭოთა სივრცეს დაუთმო და განაცხადა, რომ ამ სივრცეში უნდა ჩამოყალიბდეს კეთილმეზობლური, უსაფრთხო და პარტნიორული გარემო. ამისთვის კი, მოსკოვმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს თავისი ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირები დსთ-ს ქვეყნებთან.


მთავარ ინტეგრაციულ პროექტად, როგორც მოსალოდნელი იყო, კრემლის მეპატრონემ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი დაასახელა და დიპლომატებს ამ კავშირისთვის ახალი წევრებისა და პარტნიორების მოძიება მოსთხოვა. ამასთან, სამხედრო-პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით ხაზი გაესვა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ითქვა, რომ რუსეთის სამეზობლოში სწორედ ეს ორგანიზაცია უნდა გახდეს უსაფრთხოების გარანტი.


რეგიონულ კონფლიქტებზე საუბრისას უკრაინასთან კონფლიქტი ვლადიმირ პუტინმა ,,შიდა უკრაინულ კრიზისად“ მოიხსენია და თქვა, რომ მოსკოვისთვის ეს არის ყველაზე მწვავე და მგრძნობიარე თემა, რომელიც ჯერ შორს არის მოგვარებისგან.


უკრაინული კრიზისის გაღრმავებაში რუსეთის პრეზიდენტმა ნატო და მისი წევრი ქვეყნები დაადანაშაულა, რომლებიც ლეტალური იარაღით ამარაგებენ კიევს, შავ ზღვაში კი, პროვოკაციულ სამხედრო მანევრებს ატარებენ. ამ მხრივ, ,,ხრწნადი დასავლეთის“ თავხედობა იქამდე მივიდა, რომ შავი ზღვის თავზე, რუსეთის საზღვრებიდან სულ რაღაც ოციოდე კილომეტრში, ამერიკელების სტრატეგიული ბომბდამშენი იქნა შემჩნეული.


რუსეთის დიპლომატიური უწყების გაფართოებულ კოლეგიაზე პრეზიდენტმა ასაკოვანი ელჩები შეაფხიზლა და შეახსენა, რომ აღმოსავლეთით გაფართოების პროცესში ნატო-მ არაერთხელ უხეშად უგულებელყო რუსული ინტერესები.


,,ამიტომ, აქ ორი მომენტია. ერთი ის, რომ მათ უკვე იგრძნეს გარკვეული დაძაბულობა (საუბარია უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის კონცენტრაციაზე) და საჭიროა, რომ ეს დაძაბულობის შეგრძნება მათ რაც შეიძლება დიდხანს შეუნარჩუნდეთ, რათა თავში არ მოუვიდეთ არასაჭირო კონფლიქტის წამოწყება რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან და ჩვენ კონფლიქტები ნამდვილად არ გვჭირდება.


... და მეორე, სერგეი ვიქტოროვიჩ, ბოლოსდაბოლოს უნდა ვეცადოთ, მივიღოთ უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიები ამ მიმართულებით. ასე ცხოვრების გაგრძელება და მუდმივად ამაზე ფიქრი უბრალოდ შეუძლებელია“ - ასე თავისებურად შეაჯამა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ირგვლივ არსებული მდგომარეობა.


კოლეგიაზე ორიოდე სიტყვა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზეც ითქვა. ამ შემთხვევაში ვლადიმირ პუტინი უფრო ლაკონიური და არააგრესიული იყო. აღინიშნა რუსული სამშვიდობო კონტინგენტის როლი ცეცხლის შეწყვეტის პროცესში და ითქვა ისიც, რომ დაწყებულია აქტიური მუშაობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკურ განბლოკვასა და სატრანსპორტო კორიდორების გახსნაზე.


პოსტ-საბჭოთა სივრცესა და სამეზობლო თემატიკის ამოწურვის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ერთგულ დიპლომატებს მოუწოდა კარგად გაითავისონ ის ახალი საერთშორისო გარემოება, რომ მსოფლიო პოლიტიკისა და ეკონომიკის სიმძიმის ცენტრი ევროატლანტიკიდან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ინაცვლებს.


სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ვლადიმირ ვლადიმირის ძემ პეკინთან და ნიუ-დელისთან თანამშრომლობის სტრატეგიულ ხასიათს გაუსვა ხაზი და ამ ორ ქვეყანასთან მეგობრობაზე, სიახლოვესა და ურთიერთგაგებაზე განევრცო. ამასთან, პრიორიტეტი მიენიჭა ისეთ აზიურ რეგიონულ საერთშორისო ორგანიზაციების ფარგლებში რუსეთის მუშაობას, როგორებიც არის - შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია (ასეანი), ასევე BRICS-ი (ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ეკონომიკური კავშირი).


,,მილევადი დასავლეთის“ ანუ აშშ-ს, ევროკავშირისა და ნატო-ს თემები საპრეზიდენტო გამოსვლის ბოლოში მოექცა. ევროკავშირთან და აშშ-სთან რუსეთის დაძაბული ურთიერთობების მდგომარეობა ვლადიმირ პუტინმა ,,არადამაკმაყოფილებლად“ შეაფასა და იქვე დასძინა, რომ ეს ამ ურთიერთობების მდგომარეობის შეძლებისდაგვარად რბილი შეფასება იყო. ევროკავშირსა და აშშ-ზე საუბრისას მან ასევე დაამატა, რომ სანქციებისა და სხვა არამეგობრული ნაბიჯების ფონზე თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების სივრცე სულ უფრო ვიწროვდება.


ბოლო პერიოდში ნატო-რუსეთის გაწყვეტილ ურთიერთობებს კი გულმოსული კრემლის მეპატრონე საკმაოდ მკვახედ გამოეხმაურა:

,,არ უნდათ ჩვენთან თანამშრომლობა - არც არის საჭირო, დიდად არც ჩვენ გვინდოდა ეს“.



უღრუბლო ცა და უსაფრთხოების გარანტიები


გაფართოებულ კოლეგიაზე უსაფრთხოების გარანტიების თემის გაჟღერებიდან მალევე, სერგეი ვიქტოროვიჩის უწყებამ ნაჩქარევად მოამზადა და გამოაქვეყნა შეთანხმების პროექტი რუსეთის ფედერაციასა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის უსაფრთხოების ზომების შესახებ.


ეს დოკუმენტი ძირითადად ნატო-ს წევრი ქვეყნების საყურადღებოდ გამოქვეყნდა, თუმცა, ქართული ანდაზის არ იყოს - კოკავ, შენ გეუბნები - ლიტრავ, გეყურებოდესო - კიევისთვის, თბილისისთვის და რეგიონის სხვა დედაქალაქებისთვისაც ფრიად საგულისხმო საკითხავს წარმოადგენს.


უსაფრთხოების ზომებზე შეთანხმების პროექტს რომ ჩავხედოთ და იქ მოყვანილი დებულებები მოკლედ შევაჯამოთ, გამოდის, რომ ნატო-ს ძირძველ ანუ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს აეკრძალებათ საჯარისო დანაყოფების, შეიარაღებისა და თუნდაც მცირე რადიუსის რაკეტების განთავსება ნატო-ს წევრ ისეთ სახელმწიფოებში, როგორიც არის ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. ამასთან, ნატო რუსეთის წინაშე აიღებს ვალდებულებას, რომ ის არასდროს გააწევრიანებს თავის რიგებში უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს, აზერბაიჯანს ან/და სომხეთს და აღარ განახორციელებს ამ და სხვა ქვეყნებში მნიშვნელოვან სამხედრო საქმიანობას. ნიშანდობლივია, რომ წარმოდგენილ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი რუსეთის ვალდებულებებზე.


რამდენიმე მოსაზრება:


1) ,,ხრწნად დასავლეთსა“ და ცვლილებების შიშზე


რუსეთი მშვენივრად აცნობიერებს, რომ არაერთი სერიოზული პრობლემის მიუხედავად, დემოკრატიული დასავლეთი კვლავ რჩება პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, ტექნოლოგიური, მეცნიერული თუ კულტურული პროგრესის ყველაზე სანდო და ნოყიერ ველად. ამასთანავე, მოსკოვს კარგად ესმის, რომ დასავლური პროგრესი, როგორც წესი, მუდმივად მოითხოვს და წარმოშობს ცვლილებებს, ცვლილებებს საზოგადოებრივ აღქმებში, განწყობებსა და მიდგომებში. განახლებითა და ცვლილებებით კი კრემლი დაინტერესებული არ არის. ამიტომ, ის ერიდება დასავლურ ველს და ურჩევნია მხოლოდ იქ შექმნილი სიკეთეების მოხმარებით შემოიფარგლოს.


2) გაფართოების შფოთვებზე


ცვლილებებისადმი შიშსა და რიდს მხოლოდ ავსებს და კვებავს დასავლური სისტემებისა და დემოკრატიული ინფრასტრუქტურის გაფართოების შიში. აქაც, კრემლმა მშვენივრად უწყის, რომ ნატო-ს ქვეყნები არ აპირებენ რუსეთზე სარაკეტო თუ რაიმე სხვა სახის სამხედრო იერიშის მიტანას, არც ახლო სამეზობლოდან და მითუმეტეს არც შორეული ინგლისიდან. თუმცა, რუსეთის ხელისუფლებას ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოახლოებაზე უფრო მეტად იმ დასავლური ცხოვრების ნირის მოახლოება აფიქრებს და აფორიაქებს, რასაც პროგრესი, განახლება და ცვლილებები მოაქვს. რუსეთის საზღვრების სიახლოვეს მცოცავი დასავლური ცხოვრების წესი კი მოსკოვის პოლიტიკური სისტემის მდგრადობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.


3) ,,უღრუბლო ცასა“ და უსაფრთხოების გარანტიებზე


რაც შეეხება ნატო-სგან მოთხოვნილ უსაფრთხოების გარანტიებს ანუ აღმოსავლეთით ნებისმიერ საქმიანობასა და გაფართოებაზე უარის თქმას, მცირედით საგანგაშო და ზომიერად მისასალმებელი იქნებოდა, თუ კრემლი ნატო-ს სანაცვლოდ რაიმე ღირებულს შესთავაზებდა, მაგალითად, დონბასის საკითხზე წინსვლას, ბელარუსის კრიზისის განმუხტვაზე მუშაობას ან თუნდაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დემილიტარიზაციას. თუმცა, მოსკოვი ნატო-ს სანაცვლოდ აბსოლუტურად არაფერს სთავაზობს, რაც რუსეთის მოთხოვნების სერიოზული აღქმისა და განხილვის სივრცეს ფაქტობრივად არ ტოვებს.


შემაჯამებელი მოსაზრება ამ ყველაფერზე


მოსკოვის საგარეო პოლიტიკა ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების რეალურ ინტერესებს ნელ-ნელა წყდება და ის სულ უფრო მეტად ირგებს კრემლის პოლიტიკური სისტემის გუშაგის როლს. ამიტომ, ასაკში შესული რუსეთის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკა დასავლეთთან და მის მოკავშირეებთან მიმართებით ალბათ სულ უფრო ხისტი და გამომწვევი გახდება.


ამასობაში კიევსაც და თბილისსაც განსაკუთრებული სიფხიზლე და მოქნილობა მართებთ, რათა მათი გამოტანჯული არჩევანი მეზობლის ცვლილებებისა და დასავლეთის გაფართოების ფანტომურ თუ რეალურ შიშებს არ ემსხვერპლოს.