top of page

„დაუმთავრებელი საქმე“: 1991 თუ 1945?

Image-empty-state.png

ზურაბ ჭიაბერაშვილი | ბლოგ-პოსტი | 10 იანვარი, 2023

2022 წლის 16 დეკემბერს ლოს-ანჟელესის მსოფლიო საქმეთა საბჭოს წარმომადგენელმა რობერტ აბერნატიმ ინტერვიუ აიღო ფიონა ჰილისგან, რომელიც ამჟამად ბრუკინგის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია. 2006-2009 წლებში ჯორჯ ბუშ-უმცროსისა და ბარაკ ობამას ადმინისტრაციებში ფიონა ჰილი ეროვნული დაზვერვის საბჭოში რუსეთისა და ევრაზიის საქმეთა ანალიტიკოსად მუშაობდა. 2017-2019 წლებში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მას ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპისა და რუსეთის საქმეთა დირექტორის პოსტი ეკავა.


ინტერვიუში აბერნატი და ჰილი ცდილობენ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ფართომასშტაბიან ომში გადაზრდილი რუსეთის 8-წლიანი სამხედრო აგრესია უკრაინის მიმართ ისტორიულ კონტექსტში ჩასვან. რუსეთის ამ გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის გარემოებებს ფიონა ჰილი პირველი მსოფლიო ომისას ადარებს: ერთი საუკუნის წინ ომს პანდემია მოჰყვა, ერთი საუკუნის შემდეგ — პანდემია წინ უსწრებდა ომს; მაშინაც და ახლაც სახეზეა იმპერიული აზროვნების ჯახი დროის ახალ მოთხოვნებთან; პირველი მსოფლიო ომის შემდგომ რუსეთის იმპერიამ მოახერხა ახალ ტყავში ტრანსფორმაცია საბჭოთა კავშირის სახით, ახლა ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა ტიპის ტრანსფორმაცია ელოდება რუსეთს ამ ომის დასრულების კვალად.


მთავარი საკითხი, რომლის ირგვლივაც ინტერვიუ ტრიალებს, ასეთია: პირველი მსოფლიო ომის შემდგომმა მყიფე მშვიდობამ და სუსტმა საერთაშორისო ინსტიტუტმა - ერთა ლიგამ - ვერ შეძლო მეორე მსოფლიო ომის პრევენცია. სწორედ ამიტომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა მთელი ძალისხმევა ისეთი საერთაშორისო წესრიგის შექმნისაკენ მიმართეს, რომელსაც „სამარადჟამო მშვიდობა“ უნდა უზრუნველეყო: შეიქმნა გაერო, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები, განხორციელდა მარშალის გეგმა.


ეს თემა და შედარებები პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდგომ შექმნილ ვითარებასთან უკავშირდება ინტერვიუში დასმულ კითხვას: რა პასუხი უნდა ჰქონდეს მსოფლიოს პუტინის რევანშიზმზე (და მე დავამატებდი, რევიზიონიზმზე)? აქ ფიონა ჰილი კიდევ ერთ პარალელს ავლებს: 1920-იანი წლების ბოლშევიკური პროპაგანდა მსოფლიო რევოლუციაზეა მიმართული, ანუ იმ პერიოდის რუსეთს სურს, შეარყიოს იმ მომენტისათვის არსებული საერთაშორისო წესრიგი. ახლაც, კრემლის პროპაგანდა აგებულია იმის მტკიცებაზე, რომ არსებული საერთაშორისო წესრიგი რუსეთის საწინააღმდეგოდ მუშაობს, რომ ასეთ ვითარებაში რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებს საფრთხე ემუქრება.


ფიონა ჰილის აზრით, საერთაშორისო წესრიგის და უსაფრთხოების არქიტექტურის ასეთი გადააზრება დაგვჭირდება ამ ომის შემდეგაც, არამხოლოდ პუტინის რევიზიონიზმისა და რევანშიზმის საპასუხოდ. უკვე კორონავირუსის პანდემიამ აჩვენა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი და მისი ინსტიტუტები სათანადოდ ვეღარ პასუხობდნენ არსებულ გამოწვევებს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ კიდევ უფრო ნათელი გახადა, რომ დროთა განმავლობაში საერთაშორისო ინსტიტუტები, განსაკუთრებით გაეროს უშიშროების საბჭო, გაცვდა, თუმცა, ჰილის თქმით, ამ ინსტიტუტების საჭიროება არსად გამქრალა.


ამის ფონზე ინტერვიუში დასმული კითხვები კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ: საბოლოო ჯამში, რომელი „დაუსრულებელი საქმის“ შედეგია პუტინის რევიზიონიზმი და რევანშიზმი - 1991 წლის თუ 1945 წლის?


შევეცდები, ჩემი ეს კითხვა უფრო ნათელი გავხადო. ხშირად 2022 წლის 24 თებერვალი იმით აიხსნება, რომ რუსეთმა სათანადო პასუხი არ მიიღო 2014 წელს, როდესაც ყირიმის ანექსია მოახდინა და დონბასში ომი გააჩაღა. 2014 იხსნება რუსეთის დაუსჯელობით 2008 წელს საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის გამო. 2008 წელი რამდენიმე ფაქტორით იხსნება, რომელთა ნაწილი ძალაში იყო 2022 წლის 24 თებერვალსაც:


  • რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება (ამას ჰილიც აღნიშნავს)

  • რუსული ბაზრის მნიშვნელობა დასავლური, განსაკუთრებით გერმანული კომპანიებისათვის

  • რუსეთთან კონფრონტაცია დაკავშირებული იქნებოდა ევროპაში სამხედრო ხარჯების გაზრდასთან, სოციალური (ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა) ხარჯების მინიმუმ გარკვეული პერიოდით გაყინვასთან


გარდა ამისა, რუსეთი [ჩინეთთან შედარებით] არ აღიქმებოდა გლობალურ საფრთხედ. ფიონა ჰილი მიუთითებს, რომ მარცვლეულის კრიზისმა გამოავლინა, რომ „ლოკალურ“ კონფლიქტს ევროპაში შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს მსოფლიო პროცესებზე.


ვუბრუნდები ჩემს კითხვას: რომელი „დაუსრულებელი საქმის“ შედეგია პუტინის რევიზიონიზმი და რევანშიზმი – 1991 წლის თუ 1945 წლის? ანუ დასავლეთს უფრო გადამჭრელად რომ ემოქმედა 1991 წლის შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა აღმოსავლეთ ევროპის დაცვა ასეთი მასშტაბის ომისგან? თუ ასეთი ომის შესაძლებლობა 1945 წლის შემდგომ უსაფრთხოების არქიტექტურის საძირკველშივე ჩაიდო, როდესაც კომუნისტური რუსეთი გამარჯვებულთა რიგებში აღმოჩნდა და „თავის ნიურნბერგს“ გადაურჩა?


ამ კითხვაზე დასავლეთის პასუხი გასაღები იქნება იმ კითხვაზე პასუხისთვის, რაც ინტერვიუში ისმის და რაზეც ფიონა ჰილს მკაფიო პასუხი არ აქვს: რა პასუხი უნდა ჰქონდეს მსოფლიოს პუტინის რევანშიზმზე. პასუხის მონახაზი შეიძლება ვეძებოთ იმაში, რომ 2022 წლის სექტემბერში აშშ-მ გახსნა საუბარი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმის თაობაზე, კერძოდ, უნდა ჰქონდეს თუ არა აგრესორ ქვეყანას ვეტოს უფლება გაეროს უშიშროების საბჭოში.


ამ კითხვაზე სრულფასოვანი პასუხის გასაცემად მნიშვნელოვანია ინტერვიუს ის ხაზიც, რომელშიც ფიონა ჰილი აღწერს, როგორ არის შესაძლებელი დღევანდელ საერთაშორისო წესრიგში ისეთი ავტორიტარული რეჟიმების არსებობა, რომლებიც სასარგებლო ფონს ქმნიან პუტინის რუსეთისათვის რამდენიმე ასპექტით:


  • დასავლური ტიპის ლიბერალური დემოკრატია არაა არსებობის ერთადერთი და, მით უმეტეს, სასურველი ფორმა; უფრო მეტიც, რუსეთის უპირატესობა „ლპობადი დასავლეთის“ ფონზე უნდა დადასტურდეს.

  • თუ ავტორიტარი ლიდერები ჩნდებიან დასავლეთის წიაღში (ინტერვიუში ამ თვალსაზრისით ნახსენებია დონალდ ტრამპი, რომლის სკანდალურ სატელეფონო საუბრამდე ვოლოდიმირ ზელენსკისთან 2019 წლის ზაფხულში ფიონა ჰილმა ადმინისტრაცია დატოვა), მით უფრო ძლიერდება კრემლის პროპაგანდა დასავლეთში ლიბერალური დემოკრატიის ეროზიის შესახებ.

  • როცა ომს იწყებს, არადემოკრატიული რეჟიმების ორჭოფული პოზიცია სწორედ რუსეთს აძლევს ხელს (აქ ფიონა ჰილი უკრაინის მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესიისადმი განსაკუთრებით ჩინეთისა და ინდოეთის არერთგვაროვან პოზიციას უსვამს ხაზს).  


რაც მთავარია, საერთაშორისო წესრიგი – უფრო სწორად კი, დასავლეთის მიერ ადმინისტრირებადი საერთაშორისო ლიბერალური წესრიგი – სწორედ იმ კონცეფციას ეყრდნობა, რომ წესრიგს ლიბერალური დემოკრატიული რეჟიმები ქმნიან. თუ პუტინის სამიზნე ასეთი საერთაშორისო წესრიგია, მაშინ რუსეთის სასიცოცხლო ინტერესია ასეთი რეჟიმების მხარდაჭერა და გადარჩენაც კი (იხ. ასადის სირია).


ფიონა ჰილი საინტერესოდ ხსნის არა მხოლოდ ცალკეული, არადასავლური ქვეყნების, არამედ გლობალური კომპანიების მოტივაციასაც კი. მისი აზრით, ილონ მასკის პერიოდული დაყვავების მესიჯები პუტინის მიმართ ცხადად ავლენს გლობალური კომპანიების დამოკიდებულებას ავტორიტარულ რეჟიმებზე: ვერ გახდები გლობალური ასეთ ქვეყნებთან გარკვეული თანაარსებობის გარეშე.


როგორ უნდა მოიქცეს დასავლეთი ასეთ პირობებში? შეინარჩუნოს ერთიანი გლობალური მსოფლიო თუ სამყარო ორ – ლიბერალურ და არალიბერალურ – ნაწილებად გაიყოს? ეს იმაზე უფრო დიდი დილემაა, ვიდრე თავად უკრაინის ომის დასრულება, რომელიც, ფიონა ჰილის აზრით, შეიძლება სულაც არ დასრულდეს მალე, როგორც ეს პირველი მსოფლიო ომის შემთხვევაშიც ეგონათ. მისი თქმით, პუტინს სურს ომის მიმდინარეობა ისეთ დონეზე დაასტაბილუროს, რომ იგი რაც შეიძლება დიდხანს გაწელოს და, შესაბამისად, უკრაინისთვის სათანადო იარაღის მიწოდებით მას დასავლეთმა ამის საშუალება არ უნდა მისცეს.


იმის მიუხედავად, რომ ანალიზი, რაც ინტერვიუს ძირითადი ხაზების მიღმა იკითხება, არსებითად სწორად მიმაჩნია, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო: პასუხი კითხვაზე, რა პასუხი უნდა ჰქონდეს დასავლეთს პუტინის რევიზიონიზმსა და რევანშიზმე, ჯერ მკაფიო არაა. მეტ-ნაკლებად მკაფიოა, რას ნიშნავს უკრაინის გამარჯვება (რაც, როგორც მინიმუმ, 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე მისი შეიარაღებული ძალების გასვლაა), მაგრამ არაა მკაფიო, რას ნიშნავს რუსეთის დამარცხება.


ერთი მხრივ, ეს შეიძლება ნიშნავდეს ერთიან გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემას, რომლიდანაც რუსეთი იზოლირებულია. მაგრამ მაშინ გაუგებარია, როგორ შეიძლება ინარჩუნებდეს ასეთი ქვეყანა ვეტოს უფლებას გაეროს უშიშროების საბჭოში. მეორე მხრივ, თავად მსოფლიო შეიძლება გაიყოს, როგორც უკვე აღვნიშნე, ლიბერალურ და არალიბერალურ ეკონომიკურად თვითკმარ ნაწილებად, რომლებიც თანხმდებიან პოლიტიკური თანაარსებობის რაღაც ფორმაზე ახალ საერთაშორისო წესრიგში. ამ საკითხს ამერიკა-ჩინეთის მზარდი დაპირისპირება უფრო მოჰფენს ნათელს, ვიდრე ევროპისთვის მასშტაბური, მაგრამ მსოფლიოსთვის მაინც ლოკალური ომი უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე.

bottom of page