top of page

კიდევ ერთხელ რუსული იმპერიალიზმის განსხვავებულობაზე.

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 30 დეკემბერი, 2022

(საახალწლოდ)


რაღაც ძირითადი მახასიათებლებით, იმპერია იმპერიაა. როდესაც დიდი ბრიტანეთი, მაგალითისათვის, სამხრეთ აფრიკაში ფართოვდებოდა, მისი ადგილობრივი დიდმოხელე ისევე ექცეოდა ზულუსებს, როგორც ერეკლეს ტოტლებენი. თუმცა მაშინდელი ბრიტანეთის პრემიერი, ლორდი ბიკონსფილდი (იგივე დიზრაელი), რუს იმპერატრიცა ეკატერინასთან შედარებით, ბევრად დიდ ზომიერებას იჩენდა. სამაგიეროდ, რედიარდ კიპლინგი უფრო ცალსახად უჭერდა მხარს „თეთრი კაცის ცივილიზატორული მისიის“ იდეას, ვიდრე, თუნდაც, დაპყრობილ მიწათა ეგზოტიკის მისი მსგავსი რუსი ტრუბადურები  - ტოლსტოი ან ლერმონტოვი. მაშ რაა მაინც განსხვავება, თუ ცივილიზაციის ზღურბლზე მყოფი პატარა ხალხების სისხლი თანაბრად იღვრებოდა კავკასიაში, აფრიკაში თუ ინდოეთში? ამ კითხვაზე პასუხი მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე რუს იმპერიალისტთა საყვარელი დეზინფორმაციული სლოგანია „სამაგიეროდ, რა უქნეს ამერიკელებმა ინდიელებს“ ან „მაგათთვის შეიძლებოდა ერაყში და სერბეთში, ჩვენთვის კი არ შეიძლება“?


არსებითად, ამ კითხვას უტრიალებენ მამა-შვილი პასტუხოვები თავის საკმაოდ პოპულარულ და საინტერესო ვიდეოსტრიმის - Пастуховская Кухня - წინასაახალწლო გამოშვებაში. მე მათი საუბარი საინტერესო მომეჩვენა და გადავწყვიტე, ჩემი, მეორადი წინასაახალწლო ბლოგით გამოვეხმაურო. ვერ ვიტყვი, რომ პასუხი რუს-უკრაინელი პოლიტოლოგისაგან თუ მისი ვაჟისაგან, რომელიც ცოტა ხნის წინ ყოფილა თბილისში, ამომწურავია, მაგრამ საინტერესო კი არის. ყოველ შემთხვევაში, შემდგომი ფიქრების ინსპირაციას იძლევა.

 

შვილი ეკითხება მამას, თუ უინძორში, ბრიტანელ მეფეთა სასახლეში იყიდება პატრიოტული საბავშვო ზღაპარი, სადაც გმირობის და რაინდობის გაგების მსურველი პინგვინი მაგალითებს ფოლკლენდის კუნძულზე მდებარე ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე პოულობს, ესე იგი მილიტარისტული იმპერიალიზმი მოსულა? ან როგორ ხერხდება ისე, რომ ბრიტანული სამხედრო-კოლონიური დიდება მართლა იწვევს დადებით ემოციებს, რუსული კი არა? მამა პასუხობს, რომ ა) ზუსტად არ იცის, როგორ და რატომ ხდება ასე, თუმცა ემოციურად გრძნობს, რომ ეს ასეა; ბ) მიანიშნებს სწორ პასუხზე - ფოლკლენდის პატარა მოსახლეობა ყოველთვის პრობრიტანული იყო. 1982 წელს არგენტინა დაესხა თავს ფოლკლენდს და არა პირიქით. ეს პასუხი სწორია, მაგრამ არასრული. საჭიროა რაღაცების დამატება და პასტუხოვზე უფრო ნათლად იმის თქმა, რომ არა მხოლოდ პუტინის ქცევაა ამაზრზენი და დანაშაულებრივი, არამედ ალექსანდრე სუვოროვისაც, რომლითაც ვლადიმერ პასტუხოვი, საკუთარივე აღიარებით, 14 წლის ასაკში ამაყობდა.


14 წლის ასაკში ყველანი ვამაყობდით ისეთი რაღაცებით, რაც ორმოცდაათიოდე წლის შემდგომ მწარე ღიმილს თუ გამოიწვევს. ამიტომ, ეგ არაფერი. ისიც ცხადია ჩემთვის, რომ XVIII-XIX საუკუნეებში დიდი მორალური განსხვავება, ვთქვათ, ბრიტანელ ადმირალ ნელსონსა და (სავარაუდოდ) ფინურ-შვედური წარმოშობის ფელდმარშალ სუვოროვს შორის არც იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სამართალი უფრო თანამედროვე გახდა, ფეოდალურმა იმპერიებმა რღვევა დაიწყო და კოლონიებიც, იშვიათი ნებაყოფლობითი გამონაკლისების გარდა, წარსულს ჩაბარდა, რუსული და იგივე ბრიტანული საგარეო პოლიტიკების გათანაბრება შეუძლებელია.


დიდი ხანია, რაც ზულუსების შთამომავლები სამხრეთ-აფრიკის მრავალეთნიკური ერის წარმმართველი ძალაა. ბრიტანეთი მათ ყოფაში არ ერევა, აქეთ თუ არ სთხოვეს რამე. ინგლისელები დღესაც აკონტროლებენ გიბრალტარის კონცხს ესპანეთში, მაგრამ სად კონკრეტული სამხედრო ბაზა, რომელიც საერთო ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ემსახურება, და სად სევასტოპოლის შემთხვევა. დარწმუნებული ვარ, რუსეთი რომ ბრიტანეთივით დაცლილიყო არა მარტო იმპერიალიზმისაგან, არამედ ირაციონალური ქსენოფობიისაგანაც, არც უკრაინელები იქნებოდნენ მონდომებულნი, ნებისმიერ ფასად დაუფლებოდნენ რუსული ფლოტის ამ ტრადიციულ ნავსაყუდელს. შესაბამისად, რუსი სამხედრო წყნარად გააგრძელებდა სევასტოპოლში დგომას უკრაინის მოქალაქე კეთილგანწყობილი ყირიმელების თვალწინ. არ იდარდებდა ამაზე ნატოც. თუმცა, ეს ყოველივე შესაძლებელი იყო ამ ბოლო ომამდე, რითაც პუტინმა წერა გამოუყვანა რუსეთის სახელმწიფოს. ამიტომ, გიბრალტარის თავზე კიდევ დიდხანს შეიძლება ფრიალებდეს Union Jack, სევასტოპოლში Триколор-ის ბედი კი უკვე განსაზღვრულია. მიზეზი ერთია - რუსული იმპერიალიზმი, რომელიც სრულიად ასცდა ეპოქის სულს და არაფერი საერთო არ აქვს გარდასულ წელთა „ცივილიზატორულ“ მისიებთან.


ისიც არსებითია, რომ სერბეთში თუ ერაყში დასავლეთი უპირისპირდებოდა ადამიანის უფლებების მასობრივ დამრღვევებს. რომც ჰქონოდა რომელიმე დასავლელ გენერალს თუ პოლიტიკოსს რაიმე რეზიდუალური ნაციონალისტურ-იმპერიალისტური სენტიმენტი, იგი ამას გულში ჩაიკლავდა, თუ არა მილოშევიჩის ან სადამ ჰუსეინის მახინჯი სახეები. დაახლოებით იგივე მიმართულებით შეიძლება საუბარი ფოლკლენდის კუნძულებზეც, რომელიც, სხვათა შორის, ბრიტანეთმა ჯერ კიდევ მაშინ დაიკავა პირველად, როდესაც არგენტინელი ერი არ არსებობდა.


ამდენად, ვეთანხმები მამა-შვილ პასტუხოვებს, რომ პატრიოტული აღზრდა და სამხედრო დიდების მაგალითები ნებისმიერი ერის არსებობის ქვაკუთხედად რჩება. ოღონდ, სასურველია, სიამაყე იმ სამხედრო ქმედებებით, რომელსაც ზურგს უმაგრებს საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართალი. სწორედ ამას არ აქცევდა რუსული ელიტა ყურადღებას არც ადრე, არც ახლა. რუსი ისტორიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა კი აღნიშნულ იურიდიული პრინციპების და პროცედურების დარღვევას თუ არქონას Победобесие-ს საფუძვლების მშენებლობით ანაცვლებდა. უნდა ითქვას, რომ დასახელებულ მამა-შვილს კარგად ესმის ამ უკანასკნელი ფენომენის არსებობა და მისი განსხვავება დემოკრატიული ქვეყნების პატრიოტიზმისაგან.


მოკლედ, აბსოლუტურად ყველა სახელმწიფოს მშენებლობას ეწირებოდა ადამიანთა თუ პატარა, ადგილობრივ ტომთა და თემთა თავისუფლება. ყველგან სისხლით ირწყვებოდა მიწანი. ამერიკელ ინდიელთა სავალალო ისტორიულ ბედზე მგლოვიარეთ არ უნდა დაავიწყდეთ ქართული ხალხური ლექსის სტროფი „ნუგზარ ერისთვის დროსაო, სისხლის წვიმების დროსაო“, რომელიც ფეოდალური სამეფოს მიერ დაჩაგრული უსახელო მთიელის წარმოთქმულია. მაგრამ კაცობრიობა ვითარდება, ცივილიზაცია იხვეწება, რუსეთი კი ჯერაც იგივეა, „მარად და მარად“. პასტუხოვებთან ერთად იმედს ვიტოვებ, რომ ცვლილება იქაც მოხდება უფრო ადრე, ვიდრე გვიან.

bottom of page