top of page

უკრაინული საზღვაო დრონები და რუსეთის შერყეული ბატონობა შავ ზღვაზე

Image-empty-state.png

გიორგი ფანიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 21 დეკემბერი, 2022

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ შავი ზღვის რეგიონში არსებულ ისედაც მყიფე უსაფრთხოების ლანდშაფტს ძირი გამოუთხარა. ხმელეთზე, ცასა თუ ზღვაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა ძველ საფრთხეებთან ერთად, ახალი შესაძლებლობები და საყურადღებო სამხედრო ტენდენციებიც გამოკვეთა. ამ მხრივ, ნატო-ს მოწინავე ქვეყნების განსაკუთრებული სამხედრო დაკვირვების არეალში შავი ზღვა მოექცა და სამხედრო-საზღვაო საქმის მესვეურებს საფიქრალიც გაუჩინა.


აღმოჩნდა, რომ შავ ზღვაზე მიმდინარე შედარებით მოკრძალებული მასშტაბის რუსულ-უკრაინული სამხედრო-საზღვაო ბატალიები მონიშვნისა და უფრო ღრმა დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.


საქართველოში უკრაინული ფრონტის სამხედრო-საზღვაო თეატრისადმი საზოგადოებრივი ინტერესი ძირითადად რუსული კრეისერი „Москва“-ს ჩაძირვით შემოიფარგლა და მალევე მინელდა, არადა მას შემდეგ, შავ ზღვაზე არაერთ ნიშანდობლივ და ყურადსაღებ განვითარებას ჰქონდა ადგილი.


ძლევამოსილი რუსული კრეისერის ჩაძირვიდან რამდენიმე თვეში, უკრაინელები საკუთარი მცირე ზომის მართვადი საზღვაო დრონი-კატერებით ჯერ სევასტოპოლს მისწვდნენ, ხოლო შემდეგ, ნოვოროსიისკის სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ნავსადგურს. ამ თავდასხმებმა კი, შავ ზღვაში აქამდე არსებული ძალთა ბალანსი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.      


ქვევით, სწორედ ამ უკრაინულ საზღვაო დრონებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, რომლებმაც რუსეთის ყველაზე დაცულ სამხედრო-საზღვაო ნავსადგურებში შეაღწიეს და შავ ზღვაზე რუსეთის ფლოტის გაბატონებულ მდგომარეობას ღიად დაემუქრნენ. 

 

სევასტოპოლი და ნოვოროსიისკი


უკრაინულმა საზღვაო დრონებმა თავისი შეტევითი პოტენციალის საჯარო დემონსტრირება პირველად  29 ოქტომბერს მოახდინეს, როდესაც სევასტოპოლში მდგომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე იერიში მიიტანეს. სწორედ 29 ოქტომბრის დილას, ათამდე დისტანციურად მართვადმა დრონ-კატერმა, რომელიც ვიდეო-კამერებით იყო აღჭურვილი სევასტოპოლის სამხრეთ ყურეში შეაღწია და რუსულ ფლოტს დაზიანებები მიაყენა. მოგვიანებით, უკრაინული დრონების თავდასხმა  რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც აღიარა და განმარტა, რომ ამ შეტევაში 7 უკრაინული საზღვაო დრონი მონაწილეობდა, რის შედეგადაც უმნიშვნელო დაზიანება მიიღო ერთმა რუსულმა გამნაღმველმა - „ივან გოლუბეთსმა“. თუმცა, დამოუკიდებელი წყაროები  ამბობენ, რომ გამნაღმველის გარდა, სერიოზულად დაზიანდა რუსული ფრეგატი „ადმირალი მაკაროვიც“.


უკვე მეორედ, უკრაინული საზღვაო დრონების აფეთქების ხმა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ნოვოროსიისკის პორტში გაისმა, სადაც რუსეთის მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა და მსხვილი ნავთობტერმინალია განთავსებული. ამ შემთხვევაში, მიუხედავად  იმისა, რომ რუსეთის ფლოტს რაიმე საგრძნობი ზიანი არ მიუღია, უკრაინული დრონების წვდომის რადიუსმა ყველა სახტად დატოვა.


ამ საზღვაო თავდასხმებისას, არც ერთი რუსული ხომალდი არ ჩაძირულა, თუმცა ორივე შემთხვევაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამ იყო. პირველ შემთხვევაში, სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზა, რომელიც აქამდე ყველაზე დაცულ და შეუღწეველ სამხედრო ნავსადგურად ითვლებოდა პირველად აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ დისტანციურად მართვადი უკრაინული დრონ-კატერების მხრიდან. მეორე შემთხვევაში, უკრაინულმა საზღვაო დრონებმა ოდესის ოლქიდან (დრონების საბრძოლო მისიაში გაშვების სავარაუდო ადგილი) თითქმის 670 კილომეტრი გაცურეს და აქამდე მათთვის აბსოლუტურად მიუწვდომელ სამიზნეს - ნოვოროსიისკის ნავსადგურს მისწვდნენ.   


ამ საზღვაო თავდასხმებმა აქამდე შავ ზღვაში თავისუფლად მცურავი რუსული სამხედრო ფლოტი ნავსადგურებს მიაჯაჭვა. ამასთან, რუსული მხარე იძულებული გახდა მთლიანად გადაეხედა საზღვაო თავდაცვის გეგმარებისთვის და დამატებითი თავდაცვითი ბარიერები დაეყენებინა სამხედრო ნავსადგურების მისადგომებთან. ნიშანდობლივია ისიც, რომ უკრაინული თავდასხმების შემდეგ, რუსული სამხედრო ნავსადგურები გაცილებით ხშირად იხურება და სამხედრო ხომალდები ვეღარ ტოვებენ ნავსადგურს სხვა სწრაფმავალი ხომალდების ესკორტირების გარეშე.   


შეიძლება ითქვას, რომ სხვა საშუალებებთან ერთად, საზღვაო დრონების მეშვეობით, უკრაინამ წარმატებით მოახერხა ოდესის სანაოსნო მიმოსვლის არხების შენარჩუნება, ასევე კიდევ უფრო შეამცირა მის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე (ოდესის ოლქზე) საზღვაო-სადესანტო შეჭრისა და ზღვიდან სარაკეტო იერიშების მიტანის რისკი.   


მოკლედ თავად საზღვაო დრონებზე


საზღვაო დრონების იდეა თავისთავად ახალი არ არის. უეკიპაჟო, დენთით დატვირთული ხომალდების საზღვაო ბრძოლებში გამოყენება ძლევამოსილი ფლოტის ადმირალებს შორეულ წარსულშიც არაერთხელ უცდიათ. სერ ფრენსის დრეიკმა 1588 წელს ესპანურ არმადაზე სწორედ  ცეცხლმოკიდებული ხომალდებით მიიტანა იერიში.


დასავლეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა მცირე ზომის სწრაფმავალი ასაფეთქებელი ნავების მოგერიებაზე  ფიქრი მას შემდეგ გააქტიურეს, რაც  2000 წელს ალ-ქაიდას თვითმკვლელი ტერორისტი კატერით აშშ-ს სამხედრო ხომალდს შეეჯახა და აფეთქდა.

ბოლო წლებში, ხმელეთიდან მართვადი დრონი-კატერები ასევე გამოიყენეს იემენში აჯანყებულმა ჰუსიტებმაც,  რომლებმაც ეს იარაღი საუდის არაბეთის ფლოტისა და ნავთობ ტანკერების წინააღმდეგ მიმართეს. ამბობენ, რომ საზღვაო დრონების მთელი არმადა ჰყავს ირანს, რომელსაც დასავლეთთან შერკინებისთვის ინახავს.


ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ, მცირე იმპროვიზაციისა და შემოქმედებითი მიდგომის პირობებში,ბევრი არც თუ მდიდარი ქვეყნისთვისაც, რომელთაც ფლოტის შენახვის საშუალება არ აქვთ, სავსებით შესაძლებელი გახადა დისტანციურად მართვადი დრონების შექმნა და წარმოება.


ზღვიდან ფრიად შევიწროებული და ფინანსურ შესაძლებლობებში საკმაოდ შეზღუდული უკრაინაც იძულებული შეიქნა გამჭრიახობა გამოევლინა და რუსეთის შესაკავებლად საზღვაო დრონების წარმოება განევითარებინა.  


უკრაინული დრონი-კატერი, რომელმაც რუსულ ფლოტს სერიოზული თავსატკივარი გაუჩინა დაახლოებით ხუთნახევარი მეტრი სიგრძისაა, 80კმ/სთ-ში სიჩქარეს ავითარებს, მას შეუძლია დაფაროს 800 კილომეტრამდე მანძილი (ოპერაციული მანძილი - 400კმ-დე) და საერთო ჯამში 1000 კილოგრამს იწონის. უკრაინული დრონის საბრძოლო-ასაფეთქებელი მასალის ტევადობა 200 კილოგრამს შეადგენს და ამბობენ, რომ მასში თავსდება/იტვირთება საბჭოთა დროს შექმნილი FAB-500-ის საჰაერო ბომბი, რომლის მოქმედებაში მოყვანა დრონის ცხვირის ნაწილში არსებული ორი სენსორულ დეტონატორის მეშვეობით ხდება. უკრაინულ კამიკაძე კატერს კორპუსზე დამაგრებული აქვს ელექტრო-ოპტიკური ინფრაწითელი მოწყობილობა (3HD კამერის ჩათვლით), რომლითაც დრონი ელონ მასკის სატელიტურ ინტერნეტს Starlink-ს უკავშირდება და დისტანციურად იმართება. თითოეული ასეთი საზღვაო დრონის ღირებულება 250 ათას აშშ დოლარს შეადგენს, რაც საკმაოდ მისაღები ფასია მოწინააღმდეგის მრავალმილიონიანი სამხედრო ხომალდის მწყობრიდან გამოსაყვანად.


აქ ისიც უნდა ითქვას, რომ საზღვაო დრონი-კატერების გამოყენების უპირატესობა მათ რაოდენობაშიც მდგომარეობს. საბრძოლო მისიაში გაშვებულ ათეულობით დრონთან გამკლავება საზღვაო ხომალდის თავდაცვის სისტემისთვის საკმაოდ რთული ამოცანაა. ასეთი შეტევისას, ათიდან შეიძლება მხოლოდ ერთი საზღვაო დრონი დაუსხლტეს მოწინააღმდეგის თავდაცვის სისტემას და ეს ერთიც სავსებით საკმარისი აღმოჩნდეს დიდი ხომალდისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მისაყენებლად. ამიტომ, დასავლეთის ფლოტებში უკვე დაწყებული აქვთ დრონების მოსაგერიებელი სპეციალურ საზღვაო წვრთნების ჩატარება.


ამ სახის ათი ან/და მეტი დრონის თავდასხმისას, ხომალდის გადარჩენა კომბინირებულ და საკმაოდ დახვეწილ თავდაცვის სისტემაზეა დამოკიდებული, რაც მოიცავს - წინმსწრებ დაზვერვას, შვეულმფრენის დახმარებას, სწრაფ ავტომატიზებულ ტყვიამფრქვევებისა და ყუმბარმტყორცნების გამოყენებას, ასევე აგრესიულ მანევრირებას. ამასთან, სამხედრო-საზღვაო საქმის ბრიტანელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კამიკაძე დრონებთან გამკლავების საუკეთესო საშუალებად მაინც რჩება მღელვარე ზღვა, მანევრირება და დრონების მოქმედების რადიუსიდან ხომალდის დროული გაყვანა. თუმცა ისეთ პატარა სივრცეში, როგორიც მაგალითად შავი ზღვაა, ეს თითქმის შეუძლებელია.

 


საზრდო საფიქრალისთვის

მართალია, საზღვაო დრონების გამოყენების შემთხვევებს ადრეც ჰქონიათ ადგილი მსოფლიოს ამა თუ იმ წერტილში, თუმცა დრონი-კატერების პირველი მასშტაბური საბრძოლო ნათლობა სწორედ შავ ზღვაში შედგა. უკრაინულმა საზღვაო დრონებმა ყველას ნათლად დაანახა, რომ ერთ დროს ძლევამოსილი რუსული ფლოტის უპირობო დომინირება შავ ზღვაზე დასრულდა. მომავალში კი, საზღვაო დრონების მონაწილეობით, სულ უფრო მეტი ბატალია გაიმართება და მათი გავლენა საზღვაო ომის წარმოებაზე მხოლოდ გაიზრდება. ეს ტექნოლოგიები, საფრთხეებთან ერთად, ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ამიტომ, ამ ყველაფრიდან შესაბამისი სამხედრო-პოლიტიკური დასკვნებიც სხვებთან ერთად, შავი ზღვის ქვეყნებმაც უნდა გამოიტანონ და განსაკუთრებით იმ ქვეყნებმა, რომლებსაც სუსტი ფლოტი ჰყავთ ან/და სამხედრო-საზღვაო ძალები საერთოდ არ გააჩნიათ.

საიდუმლო არ არის, რომ უკრაინის სამხედრო ფლოტის ნაწილი განადგურებულია, ნაწილი კი, რუსეთმა ჩაიგდო ხელში. ამ ეტაპზე, უკრაინას არც იმის შესაძლებლობა გააჩნია, რომ შეინახოს მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი ფლოტი. საზღვაო დრონების ფლოტის განვითარება და შენახვა კი, გაცილებით ხელმისაწვდომი სამხედრო ამოცანაა, რომელსაც საკმაოდ მწირი ბიუჯეტის მქონე ქვეყნებიც გაწვდებიან.


ფიზიკური, ფინანსური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს უკრაინული დრონები დაბალ რისკიანია, მათი სამხედრო-პოლიტიკური უკუგება კი საკმაოდ მაღალი შეიძლება აღმოჩნდეს.


უკრაინის მდგომარეობასთან საქართველოს ბევრი მსგავსება აქვს (და განსხვავებაც).  საქართველოს არც სამხედრო ფლოტი ჰყავს და არც სამხედრო ფლოტის ყოლის ისტორია გააჩნია, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის განჭვრეტად მომავალში სამხედრო ფლოტის განვითარებას ან/და შენახვას შეძლებს. საზღვაო დრონების ფლოტი კი, როგორც სადაზვერვო, ისე საბრძოლო მიზნებისთვის საქართველოსთვისაც საკმაოდ ხელმისაწვდომ და მიმზიდველ სამხედრო-საზღვაო იდეად შეიძლება გამოიყურებოდეს. საქართველოს მოშიშვლებული შავი ზღვის სანაპიროს დასაცავად, ეს საზღვაო დრონები შეიძლება საუკეთესო გამოსავალი იყოს.


ამიტომ, ალბათ დროა, საქართველომაც ისწავლოს უკრაინული გაკვეთილები და დროულად მოერგოს ახალ სამხედრო-ტექნოლოგიურ განვითარებებსა და შესაძლებლობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვისთვის ახალი შესაძლებლობა საქართველოსთვის მხოლოდ კიდევ ერთი დამატებითი საფრთხის წყარო გახდება

__________________________________________________________________________________

ამ საინფრომაციო-ანალიტიკური ბლოგ-პოსტის შთაგონების წყარო გახდა ბრიტანულ The Telegraph-ში 26 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატია - How Ukrainian drone navy is outsmarting Russia’s superior Black Sea forces.

 

 

bottom of page