top of page

КГБ მითი და რეალობა (დიმიტრი ზაპოლსკის ვერსია)

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 15 დეკემბერი, 2022

КГБ-ეს სათაო ოფისი. მოსკოვი.

ორი წლის წინ მარკ ფეიგინის არხზე იყო „პუტინბურგის“ ავტორი დიმიტრი ზაპოლსკი. ჩანაწერი ძველია, მაგრამ რუსეთის ფენომენით დაინტერესებულთათვის - მარადიული.


სხვათა შორის, ფეიგინს მასთან უფრო ადრინდელი ინტერვიუც აქვს, რომელიც უშუალოდ პუტინის აღმასვლას და მის გარემოცვას ეხება.


ზაპოლსკი პეტერბურგელია. წლების წინ იგი იქაურ განგსტერებთან (ასე ეძახის თავად) იყო ახლოს, სახელისუფლებო და ბიზნეს-დერეფნებშიც დადიოდა და ქალაქის დეპუტატობაც მოასწრო. მისი საუბრიდან ჩანს, რომ ამ მწერალს კარგად ესმის კრიმინალური პეტერბურგისა და ყოფილი ფინური ქალაქი ვიბორგის კრიმინალიტეტის - ამ უკანასკნელში იგი ჩრდილოვანი მმართველების, მაფიოზების მიერ შექმნილი ფირმის, „რუსული ვიდეოს“ ერთ-ერთი დირექტორი იყო.

ეს მწერალი და ანალიტიკოსი ბევრ საინტერესოს ყვება რუსული ელიტის კონკრეტულ ფიგურანტებზე, მაგრამ წინამდებარე ბლოგის თემა ეს არაა და არც პუტინის უშუალო ბიოგრაფია: ასეთ თემებზე ზაპოლსკის გარეშეც ბევრი დაწერილა თუ გადაღებულა. თან, შესაძლებელია, უშუალოდ პუტინის მისეულ დახასიათებაში დიქტატორის გაგების თუ მომგებიან რაკურსში წარმოდგენის რაღაც შეფარული ინტონაციებიც დავინახოთ. არა, იგი ბევრს საუბრობს მის წარსულში კორუფციის და ბანდიტური კავშირების როლზე, მაგრამ მაინც.


მოკლედ, მე ზაპოლსკის საუბრებში უფრო პოსტ-კომუნისტური რუსეთის მართვის სტრუქტურის ერთი ასპექტი მენიშნა - კერძოდ - სპეცსამსახურების როლი და ადგილი მასში.


თავისთავად, ესეც ერთგვარად გაცვეთილი თემაა: რუსულ ელიტაში მაღალია სპეცსამსახურების მაღალჩინოსანთა თუ ამ სამსახურებიდან გამოსულთა პროცენტი; ცნობილია მათი განფენის დიაპაზონი და განსაკუთრებული გავლენები. საბოლოო ჯამში, პუტინიც ყოფილი „კაგებეშნიკია“ და ამით ბევრი რამაა ნათქვამი. ყოველივე ამის საფუძველზე რუს-ამერიკელი ისტორიკოსი იური ფელშტინსკი ავითარებს თეორიას, რომლის თანახმად, რუსული სპეცსამსახური ძალაუფლებისათვის 1917 წლიდან იბრძოდა და პუტინის ხელში საბოლოო გამარჯვებას მიაღწია ჯერ კომპარტიაზე, შემდეგ კი პოსტ-კომუნისტურ პოლიტიკურ კლასზე.


ზაპოლსკის ნარატივით კი იკვეთება შემდეგი: „კა გე ბე“ მუდამ პოლიტიკური ხელისუფლების სამსახურისათვის იყო ნაჩვევი და ნაწრთობი - უპატრონოდ ყოფნა, ანუ სრული ავტონომიურობა მას არასოდეს არ შესძლებია. საბჭოთა კავშირის ნგრევის ფონზე იგი პარტიული და საკუთარი თანხების ადგილობრივ თუ უცხოურ ბიზნესში დაბანდებით დაკავდა. ამასთან, ჰქონდა რა ყოველთვის გავლენა და ზედამხედველობა კრიმინალურ თუ მოკრიმინალო წრეებზე, „კა გე ბე-მ“ დაიწყო მათი გამოყენება სამეურნეო ობიექტების პრივატიზაციის პროცესში. მაგრამ აქ ყველაფერი სპეცსამსახურთა ოფიცრების ხელმძღვანელობით არ წარმართულა. ისეც ხდებოდა, რომ ინიციატივასა და უპირატესობას მომრავლებული ბანდები იგდებდნენ ხელთ, გუშინდელი კურატორები კი მათ სამსახურში დგებოდნენ. ზაპოლსკის მონათხრობიდან მსგავსი სურათი პეტერბურგში იკვეთება, სადაც ბარსუკოვ-კუმარინის კრიმინალური დაჯგუფება სათავისოდ იყენებდა საზღვაო ძალების  ყოფილი ოფიცრის, ილია ტრაბერის და დროთა განმავლობაში მის უკან თუ გვერდით დამდგარი გენერალი ფილიპ ბობკოვის გამოცდილებას.


ფილიპ ბობკოვი

ამბობენ, პარალელურად, ბობკოვმა განსაკუთრებული როლი ითამაშა მედია-ჰოლდინგი „მოსტის“ მშენებლობაში და მანვე ჩააბარა ეს სტრუქტურა გუსინსკის. ასე რომ, როგორც ჩანს, სპეცსამსახური, ბანდიტები და ბიზნესმენები ცვალებადი უპირატესობით სარგებლობდნენ რუსულ პოლიტეკონომიაში. მაგრამ აქ კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი - ყოველ შემთხვევაში, ზაპოლსკი ამაზე მიუთითებს და მსოფლიო პრაქტიკითაც ეს მტკიცდება: სპეცსამსახურები სულაც არ იყვნენ ერთიანი. მათ შიგნით ხშირად ისეთი მეტოქეობა იყო, რომ პროფესიონალ კრიმინალებთან კონკურენცია ფერმკრთალდებოდა. არსებითად, თანდათან ყალიბდებოდა მინიმუმ ორი კრიმინალურ-სპეცსამსახურული ალიანსი.


ბობკოვს და მის მაფიოზ მეგობრებს ეჭვით უყურებდა პრიმაკოვი. მათ შორის დიდი განსხვავება იყო, რადგან ერთი „კა გე ბე-ს“ მეხუთე სამმართველოდან მოდიოდა და (პუტინივით) დისიდენტების დევნა-გამოვლენაში სპეციალიზდებოდა, მეორეს კი საქმე ყოველთვის პირველ სამმართველოსთან, ანუ საგარეო დაზვერვასთან ჰქონდა. შემთხვევითი არაა, რომ სსრკ-ს დანგრევის შემდეგ პრიმაკოვი ცალკე გამოყოფილი საგარეო დაზვერვის სამსახურის შეფი გახდა. ზაპოლსკის აზრით თუ ცოდნით, ქვეყნის შიდა საქმეების სტაბილიზაციისათვის ფორმირებადი სპეცსამსახურების და კრიმინალის ალიანსში პრიმაკოვი ტრადიციულ კანონიერ ქურდებთან არჩევდა საქმის დაჭერას, ბარსუკოვ-კუმარინის მსგავს ახალ განგსტერებს კი არ ცნობდა. 1990-იანი წლები რუსეთში იმდაგვარად წარიმართა, რომ განგსტერების და კანონიერი ქურდების ურთიერთობა „კა გე ბე-ს“ პირველი და მეხუთე სამმართველოს კონკურენციაზე მეტი თუ არა, ნაკლები არ ყოფილა.


ზაპოლსკი ერთსაც ამბობს: ბობკოვმა, ისევე როგორც პუტინმა, სახელმწიფოს ფორმიან სამსახურს ბიზნესი არჩიეს, ეს კი სპეცსამსახურებისაგან მათ გარდაუვალ გაუცხოვებას იწვევდა - ფორმიანებს არც ბანდიტები ეხატათ გულზე და არც ბიზნესმენებიო. შესაბამისად, მისი თქმით, პუტინი პეტერბურგის მერის, სობჩაკის სამსახურში კოლექტიური ჩეკისტობის მიერ შეგზავნილი არ ყოფილა. მას ილია ტრაბერმა გაუწია რეკომენდაცია სობჩაკის მეუღლესთან, ხოლო ტრაბერს კი ამ ნაბიჯის გადადგმა ბობკოვმა ურჩია. სხვათა შორის, პუტინის აღმასვლის ტრაბერთან კავშირის ვერსიას იმეორებს „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ მიერ შექმნილი მონაცემთა ელექტრონული ბაზა „პუტინის სია“


თუმცა კი, ყოველივე ეს მაინც აღძრავს ეჭვს, რომ გენერალი ილია ბობკოვი თადარიგში გასვლის შემდეგაც იყენებდა გავლენასა და ნაცნობობას ყოფილი „კა გე ბე-ს“ ქსელში, რომლის ახალი ოფიციალური სახელი ისევე ცვალებადი გამოდგა, როგორც სსრკ-ს არსებობის პირობებში. რუსეთში პოპულარული იყო და არის გამოთქმა „არ არსებობს ყოფილი ჩეკისტი“. თან ბიზნესმენებთან თუ განგსტერებთან თანამშრომლობას ძველი კავშირების შენარჩუნება მხოლოდ გაამყარებდა - არ მგონია, ეს უკანასკნელები მარტო ბობკოვის ნაირთა პირად გამოცდილებას თუ ჭკუას მოეხიბლა. ბობკოვებს და პრიმაკოვებს რომ ერთმანეთი არ ყვარებოდათ და ერთმანეთის ჩაძირვა რომ ხელისუფლებაში ერთობლივ ყოფნაზე მეტად სდომებოდათ, ეს კი სულ არ არის გასაკვირი.


ევგენი პრიმაკოვი

მაგრამ მათი მტრობა თუ სხვადასხვა ბანაკებში გადალაგება ზოგჯერ ასევე გამჭოლი ალიანსებით იცვლებოდა. როგორც ითქვა, ბობკოვმა, ისევე როგორც პუტინმა, ქურდებთან ურთიერთობას პოსტკომუნისტურ ბანდებთან მეგობრობა არჩია. პეტერბურგში ასეთებთან ხიდს ტრაბერი წარმოადგენდა, ხიდის მეორე ბოლოში კი ბარსუკოვ-კუმარინის ტამბოველთა საძმო იდგა. ზაპოლსკის ინტერვიუებიდან კიდევ ერთია საყურადღებო.


ორი წლის წინ ფეიგინთან საუბარში მწერალი აცხადებდა, რომ პუტინის სამოქალაქო კოლეგა და პროტეჟე, ანატოლი ჩუბაისი კანონიერ ქურდებს როგორც ზოგადად პრივატიზაციის, ისე მედიის კონტროლისათვის იყენებდა. რუსული მაფიის ცნობილი მკვლევარი, მარკ გალეოტი პეტერბურგში ამ უკანასკნელთა წარმომადგენლად, ანუ მაყურებლად კონსტანტინე იაკოვლევს (მოგილას) მიიჩნევდა.  ზაპოლსკი ასევე იგონებს, რომ კოსწია მოგილა ჩუბაისის სქემებში მონაწილეობდა. მთლიანობაში, მისი თქმით, ველურ 1990-იანებში ტამბოველების განგსტერულმა საძმომ პეტერბურგი შეინარჩუნა, მაგრამ ლენინგრადის ოლქში ბიზნესის განვითარება, უცხოური ინვესტიციები ქურდების მონაწილეობით ხდებოდა. ჩუბაისი კი ამ პროცესს გარდაუვლად მიიჩნევდა. მედიაზე ქურდთა გავლენა ამ უკანასკნელს კომუნისტების შეკავების საშუალებად მიაჩნდა.


მარკ გალეოტის თქმით, რუსულ იატაქვეშა სამყაროს ის გამოარჩევდა, რომ აქ ალიანსები მუდმივად იცვლებოდა: აქ ყველაფერი შეიძლებოდა გადასხვაფერებულიყო, კომბინირებული ყოფილიყო თუ კონკრეტული მომენტი ითხოვდა ამას (Mark Galeotti, (2018), The Vory: Russia's Super Mafia, Yale University Press, p.126).


რაღაც ეტაპზე, ზაპოლსკის ვერსიით, პუტინს და სობჩაკს „კა გე ბე-ს“ კიდევ ერთი მემკვიდრის, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შეფი, სტეპაშინიც ებრძოდა. სობჩაკს გადაუდგა ჩუბაისიც და პუტინიც ამ გზაზე წაიყვანა. შემდეგ ძალაუფლებისათვის ბრძოლა პრიმაკოვთან გაგრძელდა. მაგრამ, როგორც ვნახეთ, მას ნელ-ნელა ქურდთა საგრძნობი ნაწილიც ჩამოაცილეს, შემდგომში კი პუტინის ოპონენტობაზეც ააღებინეს ხელი.


რაა ამ ისტორიის მორალი  КГБ-სა და მის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით? პოლიტიკური ელიტის თანამედროვე მკვლევრები მიიჩნევენ, რომ მასში მოხვედრილი გავლენიანი ფიგურების ქმედებას სოციალური თუ პროფესიული წარმომავლობა არ განსაზღვრავს - მთავარი შიდა-ელიტარული საჭიროებები, საკუთარი პოზიციის დაცვა და განმტკიცებაა. მგონია, რომ ამ პოლიტოლოგიურ თუ სოციოლოგიურ მიგნებას ზაპოლსკის მიერ დახატული სურათი უფრო ეხმიანება, ვიდრე ფელშტინსკის კონსპირაციული თეორია. ჩეკისტობა არასოდეს ყოფილა ამა თუ იმ მმართველის პოლიტიკის განმსაზღვრელი. პუტინის შემთხვევაში მთავარი ის არაა, რომ ოდესღაც იგი უშიშროების სახელმწიფო კომიტეტში მსახურობდა და რაიმე ორგანიზაციულ-მემკვიდრეობითი ვალდებულება თუ დავალება აქვს. მაგრამ, მეორეს მხრივ, ერთი კია - „კა გე ბე“, ისე როგორც რუსეთის კრიმინალური სამყარო, „კარგი“ სკოლა აღმოჩნდა პოლიტიკოსთა სპეციალური - უპრინციპო და სასტიკი - ჯიშის გამოყვანისათვის რუსეთში.

bottom of page