top of page

რუსული ეკლესიის როლი რუსეთ-უკრაინის ომში

Image-empty-state.png

ნანა ლობჟანიძე | ბლოგ-პოსტი | 25 ნოემბერი, 202

 

რელიგია, კონფლიქტის მიმდინარეობისას, როგორც ძალადობის, ასევე შერიგების წყაროდ შეიძლება იქცეს (Silvestri & Mayall, 2015). მოცემულ ბლოგში განხილულია რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი პუტინის პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებაში. ჩემი მიზანია, რუსეთ-უკრაინის ომში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციის შესწავლა და ანალიზი. ვფიქრობ განსაკუთრებით საინტერესოა რუსეთ-უკრაინის ომის რელიგიურ ჭრილში განხილვა იმ ფონზე, როცა კონფლიქტის ორივე მხარე მართლმადიდებლური ცივილიზაციის ნაწილია (რუსების დაახლოებით 75% და უკრაინელების 60% აღიარებს, რომ  მართლმადიდებელია) (Lehnen, 2022). ამასთან უკრაინაში რუსეთის საპატრიარქოს სამრევლოებისა და მონასტრების თითქმის მესამედია განთავსებული. 

 

ურთიერთობები რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის

რელიგიას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია სახელმწიფოთა ქმედებების ლეგიტიმაციის პროცესში (Dragovic, 2015). ეს კარგად აქვს გააზრებული ვლადიმერ პუტინსაც. პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი ადგილის დაკარგვამ და დასავლური გავლენის გავრცელებამ კრემლის შეშფოთება გამოიწვია. რუსეთს სჭირდებოდა იდეოლოგიური ინსტრუმენტი დემოკრატიის დასავლურ ნარატივთან დასაპირისპირებლად. ასეთ ინსტრუმენტად კი ,,რუსული სამყაროს’’ (русский мир)  კონცეფცია იქცა. ,,რუსული სამყარო’’ არის ცივილიზაცია, რომელიც მოიცავს ადამიანებს, რომლებიც კულტურულად ახლოს გრძნობენ თავს რუსეთთან. თუმცა, აღნიშნულ ცნებას მკაცრად შემოსაზღვრული საზღვრები არ აქვს (Lutsevych, 2016).


,,რუსული სამყაროს’’ იდეების ერთ-ერთი აქტიური გამავრცელებელი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაა. მართლმადიდებლობა რუსული კულტურის რელიგიურ საფუძვლად მიიჩნევა და მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ეროვნულ იდენტობასთან. სხვადასხვა პუბლიკაციებისა და საქველმოქმედო ჯგუფების მეშვეობით ეკლესია მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთზე ორიენტირებული მსოფლიოს ხედვის პოპულარიზაციაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე (Lutsevych, 2016).


2006 წელს პრაღაში გამართულ რუსი ხალხის მე-10 მსოფლიო კრებაზე,  ჯერ კიდევ მიტროპოლიტმა კირილმა, ღიად განაცხადა, რომ დასავლური ადამიანის უფლებების კონცეფცია რუსეთში არ მუშაობს. მისი თქმით, ის უნდა შეიცვალოს მართლმადიდებლური ღირებულებებით - "სამშობლო, ერი და მეზობლების უსაფრთხოება’’ (Mite, 2006).


პატრიარქად არჩევის შემდეგ კირილი ხელისუფლების უფრო ახლო მოკავშირე გახდა და 2020 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალების საკათედრო ტაძარიც კი აკურთხა. ტაძრის შიგნით თითოეული დეტალი რუსი სამხედროების მიერ სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში გადატანილ ბრძოლებს ეხმიანება (Mite, 2006).

 

უკრაინის ომი - როგორც ,,წმინდა ომი“ რუსეთის ხელისუფლებისა და ეკლესიისათვის

ვლადიმერ პუტინისთვის მართლმადიდებლური ეკლესია არის ინსტრუმენტი სუვერენულ უკრაინაზე მოსკოვის უფლებების დასამტკიცებლად. მან თავისი ხედვა დიდი წმინდა რუსეთის შესახებ 2021 წლის ივლისში ვრცელ სტატიაში ჩამოაყალიბა, სათაურით "რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობის შესახებ". პუტინი ამტკიცებს, რომ რუსები, უკრაინელები და ბელორუსები ერთი ხალხია, რომელთა "საერთო ნათლობის წყარო’’ 988 წელს კიევში პრინცი ვოლოდიმირის ქრისტიანობაზე მოქცევაა. აღნიშნული ნარატივი ცხადყოფს, რომ რუსეთის მტრები განლაგებულია დასავლეთით. პუტინისთვის, უკრაინულ იდენტობას ან სახელმწიფოებრიობას „არ აქვს ისტორიული საფუძველი“ და გეოპოლიტიკური იარაღია რუსეთის დასუსტებისთვის, ხოლო უკრაინის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ახასიათებს, როგორც "რადიკალებს და ნეონაცისტებს" (European Parlament, 2022).


მან ეს არგუმენტები გაიმეორა 2022 წლის 21 თებერვალს თავის სატელევიზიო მიმართვაშიც და კონფლიქტის ,,წმინდა ომად’’ წარმოჩენა სცადა. უკრაინა არა მხოლოდ რუსეთის ისტორიისა და კულტურის „განუყოფელი ნაწილია“, არამედ მისი „სულიერი სივრცეც“ (Maqbool, 2022).


პატრიარქმა კირილმა ცალსახად გაიზიარა პუტინის არგუმენტები და მხარი დაუჭირა უკრაინაში შეჭრას. 6 მარტს წირვაზე მან ომი დასავლური ღირებულებების ლეგიტიმურ წინააღმდეგობად წარმოაჩინა. კირილი ავრცელებს კრემლის პროპაგანდას და ამტკიცებს, რომ რუსეთი არ არის აგრესორი და დონბასში უკრაინელები რუსულენოვანი ხალხის „გენოციდს“ ახორციელებენ. ეს არის ბრძოლა "ნეო-ნაცისტების" წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სლავებს შორის ისტორიულ "ერთიანობას" ეღობებიან და გეი აღლუმების ჩატარებას ესწრაფვიან (Russianchurch, 2022).


გარდა იმისა, რომ პატრიარქმა ცალსახად არ დაგმო უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა უკრაინაში, მან დიდი სატელევიზიო წირვაც გამართა მოსკოვში რუსული ჯარების დასალოცად. კირილმა რუსეთის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელს ხატიც აჩუქა "ახალგაზრდა მეომრების" მხარდასაჭერად. მიუხედავად გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებისა, პატრიარქმა კირილმა თავისი გავლენა აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის რამდენიმე საათით შესაწყვეტადაც კი არ გამოიყენა (Giovanni, 2022).

კრემლის მიერ მხარდაჭერილი რუსული სახელმწიფო იდეოლოგიის ბრმა თაყვანისცემის ერთ-ერთი მაგალითი იყო სიმბოლო Z აღდგომის ნამცხვრებზე რუსი ჯარისკაცების მხარდასაჭერად მათ „კეთილშობილურ მისიაში“.


რელიგიური რიტორიკის პარალელურად უკრაინაში პირდაპირ იბომბება მართლმადიდებლური ეკლესიის შენობები და რელიგიასთან დაკავშირებული სხვა ადგილები. სვიატოგორსკის ლავრაც კი, უკრაინაში რუსული ეკლესიის სიმბოლური ეკლესია, დაიბომბა და დაიწვა (Karelska, 2022).


ბუნებრივია რუსეთის პატრიარქის პოზიციას მის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა სასულიერო პირი არ იზიარებს. იოანე ბურდინმა, სოფლის მღვდელმა ცენტრალური რუსეთიდან, ომის დაწყების შემდეგ პირველივე წირვაზე ილოცა უკრაინელი ხალხისთვის და მათი ტანჯვის დასრულებისთვის.


ჯგუფის სახელწოდებით ,,რუსი მღვდლები მშვიდობისთვის’’ 300-მდე მართლმადიდებელმა წევრმა ხელი მოაწერა წერილს, რომელიც გმობდა უკრაინაში განხორციელებული "მკვლელობის ბრძანებებს" და მოითხოვდა ცეცხლის შეწყვეტას. მასში ნათქვამია, რომ  „უკრაინის ხალხმა არჩევანი დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს“ (Pullela, 2022). მოგვიანებით ეს სასულიერო პირები სახელმწიფო რეპრესიების სამიზნე გახდნენ.


აღსანიშნავია, რომ ასეთი დამოკიდებულების მქონე ადამიანები მცირე ჯგუფს წარმოადგენენ იმის ფონზე, როცა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია დაახლოებით 36000 სასულიერო პირისგან შედგება. რუსეთის შიგნით არცერთ მაღალი რანგის სასულიერო პირს არ გამოუთქვამს უკმაყოფილება უკრაინაში განხორციელებულ რუსულ აგრესიაზე. ერთ-ერთმა მღვდელმა თავისი ქადაგება იმ იმედითაც დაასრულა, რომ უკრაინის გარდა ყაზახეთი, მოლდოვა და საქართველოც რუსეთს შეუერთდებიან (Fagan, 2022).

 

უკრაინის ეკლესიების პასუხი რუსეთის აგრესიაზე

ამჟამად უკრაინაში ორი მართლმადიდებლური ეკლესიაა. აქედან ერთი არის უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებლური ეკლესია (UOC). აღსანიშნავია, რომ ამ ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული 2014 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეულ პროცესებთან. უკრაინის ეკლესია მანამდეც ითხოვდა დამოუკიდებლობას, თუმცა უკრაინელი მორწმუნეების დიდი ნაწილი რუსული ეკლესიის წინააღმდეგ სწორედ 2014 წლის შემდეგ გამოვიდა. პოპულარულმა და პოლიტიკურმა მხარდაჭერამ შედეგი გამოიღო და 2019 წელს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა, რითაც რუსეთის საპატრიარქოს გაღიზიანება გამოიწვია.


მეორე მხრივ, უკრაინაში მოქმედებს უკრაინის რუსული მართლმადიდებლური ეკლესია (ROC), რომელიც ავტონომიური ერთეულია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში. წლების განმავლობაში  იგი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი იყო პუტინის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ყუთში და კრემლის იდეოლოგიის "მიმწოდებელს" წარმოადგენდა თავისი მრევლისთვის (Karelska, 2022).


თუმცა, რუსეთის შემოჭრის შემდეგ უკრაინის რელიგიური მრავალფეროვნება ეროვნულ ერთიანობად იქცა. უკრაინის ორი მართლმადიდებლური ეკლესიიდან თითოეულმა "ომი" სახელით მოიხსენია და მტკიცედ დაგმო (Lehnen, 2022).

შეჭრამ სწრაფად შეარყია მოსკოვის საპატრიარქოს პოზიციები. უკრაინელების დიდი ნაწილი, რომლებიც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს წარმოადგენდნენ გაბრაზდნენ რელიგიურ ლიდერზე, რომელმაც წმინდა დანიშნულება მისცა რუსეთის მიერ მათი ქვეყნის დაბომბვასა და მეზობლების მკვლელობას (Ellie, 2022). უკრაინაში მართლმადიდებელი მღვდლების ნაწილმა შეწყვიტა რუსეთის პატრიარქის ლოცვებში მოხსენიება და კირილის საეკლესიო ტრიბუნალზე გასამართლება მოითხოვა ,,უკრაინის წინააღმდეგ ომის დალოცვისთვის’’ (Karelska, 2022).


მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფმა კიევის მიტროპოლიტმა ონუფრი ბერეზოვსკიმ, რომელიც მანამდე რუსეთის ერთგულ სასულიერო პირად ითვლებოდა, პუტინს მიმართა „ძმის მკვლელი ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის“. უკრაინის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა პატრიარქს მოუწოდა, ,,გამოიყენოს თავისი გავლენა პუტინზე და იმუშაოს მშვიდობისთვის" (Lehnen, 2022). ომი დაგმეს სხვა მანამდე პრორუსული პოზიციებით გამორჩეულმა სასულიერო პირებმაც.


მართალია ბევრი ეჭვით უყურებს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინელი მღვდელმსახურების გულწრფელობას, თუმცა, მაშინ როცა უკრაინაში მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სრულ გაუქმებას ემხრობა, მღვდლებს საკუთარი მრევლის ნების წინააღმდეგ წასვლა არ შეუძლიათ. ამის მაჩვენებელია 2022 წლის 27 მაისს უკრაინის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის გამოცემული ბრძანებულება, რომლითაც მისი "სრული დამოუკიდებლობა და ავტონომია" გამოაცხადა. ეს ნაბიჯი ნათლად გვიჩვენებს, როგორ კარგავს უკრაინაში შეჭრით რუსეთი თავის ყველაზე მგზნებარე მხარდამჭერებსაც კი.


მიუხედავად ამისა, უკრაინაში კვლავ რჩებიან მართლმადიდებლები, რომლებიც ომის შესახებ რუსულ ხედვას იზიარებენ. დაფიქსირდა რუსეთის ხელისუფლებასთან სასულიერო პირების თანამშრომლობის რამდენიმე შემთხვევა. როვენკოვსკის ეპარქიამ ლუგანსკის რეგიონში, ყირიმმა და სევასტოპოლის ეპარქიამ უარი განაცხადეს კავშირების გაწყვეტაზე მოსკოვთან, რაც აუცილებლად გააძლიერებს რუსეთის გავლენას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე (Karelska, 2022).

 

საერთაშორისო მართლმადიდებლური ეკლესიების რეაქცია უკრაინის ომზე

უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრაზე რუსეთის პატრიარქის სრულმა მხარდაჭერამ სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების ლიდერების შეშფოთება გამოიწვია. მათ მთელი მსოფლიოდან დაგმეს რუსული აგრესია და მოუწოდეს კირილს კონფლიქტში კონსტრუქციული როლის შესრულებისკენ.


კონსტანტინოპოლის მსოფლიო მართლმადიდებელმა პატრიარქმა ბართლომე I-მა ღიად დაგმო ომი და განაცხადა, რომ „მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგაა“ (Houston & Mandaville, 2022). მან ვარშავაში ვიზიტისას პოლონეთის  სულიერ ლიდერ სტანისლავ გადეცკისთან ერთად უკრაინელი ლტოლვილებიც მოინახულა (Gera, 2022).


ომში რუსეთი ღიად გააკრიტიკეს ალექსანდრიისა და მთელი აფრიკის პატრიარქმა თეოდორე მეორემ, რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა, ფინეთის მთავარეპისკოპოსმა ლეომ, საბერძნეთისა და საქართველოს საპატრიარქოებმა (European Parlament, 2022). უკრაინის ომში რუსეთის პატრიარქის პოზიციამ აღაშფოთა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მცირე მართლმადიდებლური ეკლესიებიც მთელი მსოფლიოდან.


უკრაინაში რუსეთის შეჭრა „მიუღებელი შეიარაღებული აგრესიის“ აქტად მოიხსენია რომის პაპმა ფრანცისკემაც (Houston & Mandaville, 2022). 16 მარტს ვიდეო კონფერენციის დროს მან მოუწოდა კირილს, არ ყოფილიყო „პუტინის საკურთხევლის ბიჭი“, რადგან პოლიტიკის ენა არ არის იესოს ენა (Karelska, 2022).


აღსანიშნავია, რომ ეკლესიების მსოფლიო საბჭომ (WCC) კირილს წერილი მისწერა და ხელისუფლებასთან შუამდგომლობა სთხოვა. სამწუხაროდ, 10 მარტს გაგზავნილ კირილის პასუხში ომის ჩვეული პრორუსული რიტორიკა იყო წარმოდგენილი (Pullela, 2022).


აქ მცირე ჩამონათვალია იმ კრიტიკული გამოხმაურებებისა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიებიდან მოჰყვა. ქრისტიანული ეკლესიები, ჩვეულებრივ, ყოყმანობენ პოლიტიკურ მოვლენებზე მკაფიო კომენტარების გაკეთებაზე. თუმცა, დღევანდელმა ომმა უკრაინაში მათი ეს ტრადიციული პოზიცია შეცვალა (Ellie, 2022).

 

დასკვნა

რა შედეგები შეიძლება მოუტანოს პატრიარქ კირილის ამ პოზიციამ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას? პირველ რიგში, მილიონობით უკრაინელი მართლმადიდებლის სწრაფი და სრული გაუცხოება არის კოლოსალური ფასი, რომელსაც იგი პუტინისადმი ლოიალობისთვის იხდის. ომის სრული მხარდაჭერით, კირილი საკუთარ ტრანსნაციონალურ მართლმადიდებლურ პროექტს ებრძვის. რუსული სამყაროს ნაცვლად, მოსკოვის პატრიარქმა შეიძლება მალე აღმოაჩინოს, რომ მისი ავტორიტეტი რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან ჩერდება.

 

 

1.      Russianchurch. (2022, март 6). Проповедь Святейшего Патриарха Кирилла в Неделю сыропустную (Прощеное воскресенье). https://www.youtube.com/watch?v=Clbg1K4X8qY

2.      Lutsevych, O. (2016, April). Agents of the Russian World Proxy Groups in the Contested Neighbourhood. Chatham house. https://www.chathamhouse.org/sites/default/files/publications/research/2016-04-14-agents-russian-world-lutsevych.pdf

3.      Giovanni, J. (2022, April). The Real Reason the Russian Orthodox Church’s Leader Supports Putin’s War. Last view 04.08.2022. https://foreignpolicy.com/2022/04/26/ukraine-war-russian-orthodox-church-support-patriarch-kirill-homophobia/

4.      Pullela, P. (2022, march 14). Analysis: Ukraine invasion splits Orthodox Church, isolates Russian patriarch. Available at: https://www.reuters.com/world/europe/ukraine-invasion-splits-orthodox-church-isolates-russian-patriarch-2022-03-14/

5.      Lehnen, C. (2022, March). Ukraine war: The role of the Orthodox churches. Available at: https://www.dw.com/en/ukraine-war-the-role-of-the-orthodox-churches/a-61063614

6.      Fagan, G. (2022, April). How the Russian Orthodox Church is Helping Drive Putin’s War in Ukraine. Available at: https://time.com/6167332/putin-russian-orthodox-church-war-ukraine/

7.      Ellie, P. (2022,April 21). The Long Holy War Behind Putin’s Political War in Ukraine. Available at: https://www.newyorker.com/news/daily-comment/the-long-holy-war-behind-putins-political-war-in-ukraine

8.      Maqbool,A. (2022, April 15). 'I'm shocked by my church leaders in Moscow' - priest in Ukraine. Available at: https://www.bbc.com/news/world-europe-61109104

9.      Houston, A. & Mandaville, P. (2022,March 17). The Role of Religion in Russia’s War on Ukraine. Available at: https://www.usip.org/publications/2022/03/role-religion-russias-war-ukraine

10.  Gera,V. (2022, March 29). Orthodox patriarch denounces 'atrocious invasion' of Ukraine. Available at: https://abcnews.go.com/International/wireStory/orthodox-patriarch-denounces-atrocious-invasion-ukraine-83738849

11.  European Parlament. (2022,April). Russia's war on Ukraine: The religious dimension. https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/ATAG/2022/729355/EPRS_ATA(2022)729355_EN.pdf

12.  Karelska,C. (2022, June). The Great Orthodox Battle Amid the Russian Invasion. https://visegradinsight.eu/the-great-orthodox-battle-amid-the-russian-invasion/

13.  Dragovic,D. (2015, March 26). Religion's Role in Building Stronger States. Available at: https://institute.global/policy/religions-role-building-stronger-states

14.  Mite, V. (2006, April, 5). Russia: Orthodox Church Discusses Morality And Human Rights. Available at: https://www.rferl.org/a/1067421.html


 

 ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები და ინფორმაცია ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს რუსეთის კვლევის ცენტრის თვალსაზრისს.

bottom of page