top of page

დიდი რუსული მიგრაცია: რისკები და საფრთხეები

Image-empty-state.png

გიორგი ფანიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 25 ნოემბერი, 2022

"ჩვენი სამშობლოსა და ერთიანობის დასაცავად მიზანშეწონილად მივიჩნევ, მხარი დავუჭირო ნაწილობრივ მობილიზაციას" - ამ სიტყვებით, 21 სექტემბერს, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოსახლეობას მიმართა და ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ნაწილობრივი მობილიზაციის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, ჯარში გაწვევას დაექვემდებარნენ თადარიგში მყოფი სამხედროები და ის პირები, რომელთაც გავლილი ჰქონდათ სამხედრო სამსახური. ამასთან, ითქვა, რომ „გახრწნილ დასავლეთთან“ ფრონტის ხაზის გასამაგრებლად, მობილიზაცია დაახლოებით 300 ათასს რუს მამაკაცს შეეხებოდა.  


თუ ისტორიაში ჩავიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ამ ბოლო შემთხვევის ჩათვლით, რუსეთში მობილიზაცია სულ სამჯერ გამოცხადდა - 1914 წელს (პირველი მსოფლიო ომი), 1941 წელს (დიდი სამამულო ომი) და 2022 წელს ("სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უკრაინაში). ამიტომ, კრემლის თავკაცის პატრიოტულ მოტივებზე დამყნობილ მიმართვას ხალხში საბრძოლო განწყობები უნდა წაეხალისებინა და ასობით ათასი ადამიანი სამხედრო კომისარიატებში შეეყარა.


თუმცა, ვლადიმირ ვლადიმირის ძის საბრძოლო-სამობილიზაციო ყიჟინამ აბსოლუტურად უკუეფექტი იქონია. პრეზიდენტს გამოსვლა დასრულებული არ ჰქონდა, რომ უახლოეს სამეზობლო მიმართულებებზე ყველა ავიაბილეთი გაიყიდა (რუსულ ავიაკომპანიები ვერ დაფრინავენ „გახრწნილი დასავლეთის“ ქვეყნებში), ხოლო ასობით ათასი რუსეთის მოქალაქე თვალუწვდენელი რუსეთის სხვადასხვა სახმელეთო საზღვარს მიაწყდა და მეზობელ ქვეყნებში თავის შეფარებით შეეცადა „უკრაინული მარყუჟისგან“ თავის დაღწევას.  

 

მობილიზაციის გამოცხადებით, კრემლის მეპატრონემ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეიძლება ბევრი ვერაფერი შემატა, მაგრამ მეზობელ ქვეყნებს ომში გაწვევას გამოქცეული მიგრანტების ჯერ არნახული ლაშქარი ნამდვილად აჩუქა. ახალგაზრდა და საშუალო ასაკის რუსმა მამაკაცებმა უკრაინაში სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად ძირითადად ისეთ ქვეყნებს მიაშურეს, როგორიც არის - ყაზახეთი, საქართველო, ფინეთი, სომხეთი, თურქეთი და მონღოლეთი. შედარებით მცირე ნაკადების მიღება მოუწიათ - აზერბაიჯანს, ეგვიპტეს, უზბეკეთსა და ტაჯიკეთსაც. 


ოქტომბრის დასაწყისში, კრემლის წყაროზე დაყრდნობით, “Forbes”-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი 700 ათასამდე ადამიანმა დატოვა (რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული სხვა წყაროები ამბობენ, რომ  რუსეთიდან მილიონამდე ადამიანი გავიდა).   


ვლადიმირ პუტინის მილიტარისტულ თავგადასავლებს გამოქცეული ადამიანების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დროებითი (თუ მუდმივი) ნავსაყუდელი რუსეთის მიერვე ოკუპირებულ საქართველოში იპოვა, სადაც შეღწევაშიც მათ ხელს მხოლოდ საკუთარი სიმრავლე უშლიდათ.


„ასე ვიყოთ და რამე გამოჩნდება…"


რუსეთთან უვიზო რეჟიმის პირობებში მყოფმა საქართველომ რუსი მიგრანტების პირველი დიდი ნაკადი ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე მიიღო (ეკონომიკური სანქციების დისკომფორტსა და ინტერნეტ შეზღუდვებს გამოქცეულები). მიგრანტების ეს ნაკადი საქართველოს ხელისუფლებამ იმწუთიერი, მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებლის მიღებით გაამართლა და ცხოვრება უზრუნველად განაგრძო. როგორც გამოჩნდა, ოფიციალურ თბილისს დიდად არც მათ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე უფიქრია, არც ქართულ კულტურასთან ადაპტაციაზე და არც რაიმე გეგმაზომიერ განსახლებაზე. მარიფათიანი რუსი მიგრანტების ეს ნაკადი საქართველოს ციფრულ თუ ფინანსურ ინფრასტრუქტურას თავად მოერგო და „ახალი ქართული ცხოვრება“ მშვიდად განაგრძო. 


ასევე უზრუნველად ჩაიარა ზაფხულის ტურისტულმა სეზონმაც, თუმცა უკვე ზაფხულში არსებობდა იმის ნიშნები, რომ რუსეთს უკრაინის შესაკავებლად მობილიზაცია დაჭირდებოდა,  რაც მიგრაციის ახალი ტალღის რისკებთან იყო დაკავშირებული.


22 სექტემბერს, როდესაც ზემო ლარსის მხრიდან საქართველოს საზღვარს რუსული ავტომანქანების რამდენიმე კილომეტრიანი კოლონა მოადგა, რაიმე კონკრეტული შემზღუდავი ზომების შემოღება უკვე ცოტა დაგვიანებული იყო, თუმცა ჯერ კიდევ შესაძლებელი. ადამიანს დარჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ოფიციალური თბილისი დაიბნა, ვერ მიხვდა კრემლს რა უფრო გააღიზიანებდა - სავიზო რეჟიმის შემოღება თუ ათიათასობით გამოქცეული რუსეთის მოქალაქის შეფარება - ამიტომ რუსი მიგრანტების ახალ მძლავრ ტალღას უპასუხოდ დარჩენილი ძველი უვიზო რეჟიმითა და დამაშვრალი მესაზღვრეებით შეხვდა.


მოგვიანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსები საქართველოში ადრეც შემოდიოდნენ და ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. ამ განცხადებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ დიდი რაოდენობით მიგრანტების ქვეყანაში შემოდინება ოფიციალურ თბილისის გააზრებული, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკის ნაწილი ნაკლებად იყო. ცხადი გახდა, რომ მიგრაციის პროცესი მნიშვნელოვანწილად თვითდინებაზე იყო მიშვებული.


შედეგად, მხოლოდ 21-29 სექტემბრის პერიოდში, საქართველოში რუსეთიდან 69 ათასამდე ადამიანი შემოვიდა, ხოლო შემდეგ დღეებში, საქართველოს საზღვარს ყოველდღიურად 5-6 ათასი ადამიანი კვეთდა. ოქტომბრის შუა რიცხვებში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა და შემომავალი მიგრანტების რაოდენობამაც იკლო.


აქ, ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ როგორც პირველი, ისე მეორე ტალღის ფარგლებში, საქართველოში შემოსული რუსი მიგრანტების დიდმა ნაწილმა საქართველო უბრალოდ სატრანზიტოდ გამოიყენა და მალევე დატოვა. ამის მიუხედავად, ორივე დიდი შემოდინების შედეგად, საქართველოში დაახლოებით 100 ათასზე მეტი რუსი მიგრანტი დარჩა. 


შესაძლო რისკები და საფრთხეები

მიგრაცია, მწვავე სოციალურ-ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური თუ სხვა სახის კრიზისების თანმდევი მოვლენაა და შედარებით თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნები ამას ნორმალურად, გაგებით ეკიდებიან. ამიტომ, იმის ხელაღებით მტკიცება, რომ საქართველოს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე  საზღვრები უნდა ჩაეკეტა ვლადიმირ პუტინის მილიტარისტულ თავგადასავლებს გამოქცეული რუსეთის მოქალაქეებისთვის, უპასუხისმგებლო და არა სერიოზული იქნებოდა. თუმცა, მიგრაციის მნიშვნელოვან ნაკადებს გონივრული მართვა ჭირდება, რათა ზემოთ ჩამოთვლილი თუ სხვა კრიზისები მიმღებ ქვეყანაშიც არ წარმოიშვას.


როგორც წესი, პასუხისმგებლობიანი ევროპული სახელმწიფოები თავიანთი ფართობის, მოსახლეობის რაოდენობისა და ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მიგრანტების იმ რაოდენობას იღებენ, რომელთა ინტეგრაციას, ადაპტაციას, განსახლებასა თუ დასაქმებას მეტ-ნაკლები წარმატებით გაუმკლავდებიან.


მიგრანტების დიდი რაოდენობა დამატებითი წნეხია მიმღები ქვეყნის ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, განათლებისა და სამართალდამცავი სისტემებისთვის, ასევე საკმაოდ გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება იქონიოს მიმღები ქვეყნის ეკონომიკაზე. თუ ყველა ეს ფაქტორი შესაბამისად არ არის მხედველობაში მიღებული და გააზრებული, მაშინ ქვეყანამ შესაძლოა მიიღოს ისეთი პრობლემები, როგორიც არის - გაზრდილი დამნაშავეობა; გაუარესებული ჯანდაცვისა და სოციალური სერვისები; გაზრდილი უმუშევრობა, ეთნიკურად შეფერილი საყოფაცხოვრებო კონფლიქტები, გაზრდილი ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებსა თუ უძრავ ქონებაზე და სხვა.  


განცხადებებითა და ნამოქმედარით თუ ვიმსჯელებთ, ოფიციალურ თბილისს მიგრანტების არც პირველი და არც მეორე ნაკადის ინტეგრაციასა თუ ადაპტაციაზე  დიდად არ უზრუნია. საქართველოს ხელისუფლება მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებლის მიღებაზე ორიენტირდა და იქით მოერგო დიდ რუსული მიგრაციას. როგორც გამოჩნდა, დიდად არავის უფიქრია იმაზე თუ რა გავლენა შეიძლება ქონოდა მიგრანტების ამ რაოდენობით შემოდინებას ქვეყნის მოწყვლად ეკონომიკაზე, ჯანდაცვის სისტემაზე, სოციალურ თუ უსაფრთხოების გარემოზე.


გარდა ამისა, თუ საქართველოში დასახლებული რუსი მიგრანტების ნაწილი გადაწყვეტს ქვეყანაში დარჩენას, მაშინ საქართველომ საშუალო ვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია ახალი და არცთუ მცირერიცხოვანი რუსული თემი მიიღოს, რომლის ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე ნამუშევარი არავის ექნება. ეს კი, პოლიტიკური პრობლემის სათავე შეიძლება გახდეს მომავალში (დაზუსტება - პრობლემა შეიძლება გახდეს არა თავად რუსული უმცირესობის არსებობა, არამედ ის გარემოება, რომ მათ ქართულ სივრცეში ინტეგრაციაზე არავის ექნება ნამუშევარი).

შემაჯამებელი მოსაზრებები


საბედნიეროდ, საქართველოში დარჩენილი რუსი მიგრანტების უდიდესი ნაწილი მშვიდობიანი, კანონმორჩილი, საქმიანი და საკმაოდ შემოსავლიანი აღმოჩნდა, რამაც უმართავი მიგრაციის რისკები შეამცირა. სამართალდამცავ, სოციალურ, ჯანდაცვისა თუ განათლების სისტემების მუშაობის დატვირთვა გაიზარდა, მაგრამ ამ და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სერვისების არსებითი გაუარესება ჯერჯერობით არ შეინიშნება. იმედია, ეს მომავალში ასეც დარჩება.


მეორე მხრივ, საქართველომ მიგრანტების დიდი ნაკადის შემოდინების შედეგად, გარკვეული ეკონომიკური ზრდაც დააფიქსირა, თუმცა ეს ზრდა, რომელიც არაბუნებრივი ეკონომიკური გარემოებებით არის გამოწვეული შეიძლება საკმაოდ არამდგრადი, ხანმოკლე აღმოჩნდეს და „უხეში დაჯდომით“ დასრულდეს (მაგალითად, თუ უკრაინაში ომი მალე დასრულდა, შესაძლებელია შემოსავლიანი რუსი მიგრანტების უმრავლესობა კვლავ სამშობლოში დაბრუნდეს და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი „მოხმარების ბუმიც“ უმალ ჩაიფერფლოს). ამასთან, ეკონომიკური თვალსაზრისით, შემოსავლიანი რუსი მიგრანტების სიმრავლემ მნიშვნელოვნად გაზარდა ფასები თითქმის ყველაფერზე, რაც მძიმე ტვირთად დააწვა საქართველოს მოსახლეობის შედარებით დაბალშემოსავლიან ნაწილს.


რაც შეეხება საქართველოში რუსული უმცირესობის შესაძლო გაჩენის თემას, ამის თაობაზე გადაჭრით საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა დაშვების სახით, ამ თემაზე მსჯელობა ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა. თუ ოფიციალური თბილისი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად თანახმაა ქვეყანაში რუსულენოვანი უმცირესობის არსებობაზე, მაშინ მან შესაბამისი ვალდებულებებიც დროულად უნდა იტვირთოს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას რუსული თემის ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. ქართულ სივრცეში ინტეგრაციისა და ადაპტაციის გარეშე, საქართველოში დარჩენილი რუსული თემი დიდი პოლიტიკური თავსატეხის უშრეტი წყარო შეიძლება გახდეს მომავალში.  


საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისით,  მიგრაციის ამ ტალღამ გვარიანად შეანჯღრია და გაბზარა, რუსეთის, როგორც  „უფროსი ძმის“ სამხედრო-პოლიტიკური იმიჯი მისსავე ახლო სამეზობლოში. „უკრაინული მარყუჟისგან“ თავის დასაღწევად, მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო პუნქტებთან ჩამომდგარმა თვალუწვდენელმა რიგებმა, მეზობელი ქვეყნების მოსახლეობას თვალნათლივ დაანახა, რომ კრემლის რეჟიმმა მიმზიდველობა რუსეთისავე საქმიანი და წარმატებული მოქალაქეებისთვისაც დაკარგა.


ამიტომ, ალბათ დროა, რუსეთის ახლო სამეზობლო პოლიტიკური მენტალობით იმ პერიოდისთვის მოემზადოს, როდესაც „უფროსი ძმის“ კონცეფციის გარეშე მოუწევს გეოპოლიტიკური ცხოვრების გაგნება.  


 

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები და ინფორმაცია ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს რუსეთის კვლევის ცენტრის თვალსაზრისს.

  

bottom of page