„ძალოვნები“ თანამედროვე რუსულ პოლიტიკაში: შტრიხები პორტრეტისათვის

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 11 დეკემბერი, 2021

whoiswho@dp.ru - Деловой Петербург

ალექსანდრე ბასტრიკინი, რომელიც რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეა და გენერლის სპეციალურ მუნდირშია ხოლმე გამოწყობილი, ბოლო დროს რეზონანსული განცხადებებით გამოირჩევა. იგი საჯარო წიაღსვლებს აკეთებს თემებზე, რომლებიც მას თანამდებობრივად არ უნდა ეხებოდეს, თუმცა კი სამძებრო სამსახურის ელფერსა თუ მიდგომებსაც აქსოვს მათში. ბასტრიკინი, რომელსაც პროკურატურაში, სასწავლო დაწესებულებებში და კომკავშირის აპარატში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს, 2011 წელს შექმნილი, პრეზიდენტთან არსებული „გასამხედროებული“ ორგანიზაციის - საგამოძიებო კომიტეტის უცვლელი თავმჯდომარეა. მისი კარიერული აღმასვლა, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის სარდლის, ვიქტორ ზოლოტოვის აღზევება, ვლადიმირ პუტინის პეტერბურგულ პერიოდს უკავშირდება. ბასტრიკინი პუტინის თანაკურსელი იყო, ზოლოტოვი კი რუსეთის მომავალი პრეზიდენტის სპარინგ-პარტნიორი.


ბასტრიკინს უყვარს საჯაროობა - უფრო სწორად - პიარი და პროპაგანდა. 9 დეკემბერს იგი კორუფციასთან ბრძოლის დღეს გამოეხმაურა და Интерфакс-სა Российская газета-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში გრძელდება სახსრების მითვისება სახელმწიფო კონტრაქტების განხორციელების პროცესში. მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით, შეტყობინებებმა კორუფციული გარიგებების შესახებ 15%-ით მოიმატა. ყველაზე ხშირად ქრთამის აღება, მაქინაციები, სახელმწიფო სახსრების ფლანგვა ხდება სამართალდამცავ, ფინანსურ, განათლების და მეცნიერების, ჯანდაცვის და სოცუზრუნველყოფის სფეროებში.

მაგრამ ბასტრიკინის არც ამ და არც რომელიმე სხვა საჯარო გამოსვლებში, მითუმეტეს კი, მისი უწყების მოქმედებებში, არასოდეს დაფიქსირებულა ვიქტორ ზოლოტოვის სახელი. არა და ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობის კორუმპირებულობაზე, კერძოდ, გვარდიელებისათვის სურსათის შესყიდვების სფეროში მიმდინარე მაქინაციებზე 2018 წელს ალექსეი ნავალნიმ სერიოზული სამხილები დადო, რისთვისაც ზოლოტოვმა იგი „დუელში“ გამოიწვია და მისგან კატლეტის გაკეთება დაიქადნა. ეს არცაა გასაკვირი იმ ფონზე, რომ 2021 წლის დასაწყისში ევროპის კავშირმა შემოიღო პერსონალური სანქციები როგორც ბასტრიკინის, ისე ზოლოტოვისა და რიგი სხვა ძალოვანი/სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელების წინააღმდეგ. მათ ბრალდებათ ადამიანის უფლებათა დარღვევა და უშუალოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და ანტიკორუფციული მოძრაობის შემქმნელი ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ მოქმედება.


ამ ინფორმაციის გარეშეც ცხადია, რომ კორუფციასთან ბრძოლა რუსეთის ფედერაციაში, ისევე როგორც არაერთ პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოში, შერჩევითია: იგი განტევების ვაცთა აღმოჩენაზეა ორიენტირებული. ელიტარულ წრეებს, რომელთა შორის ძალოვნების ხელმძღვანელობა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, ეს არ ეხება მანამ, სანამ რომელიმე ამ უწყების ბოსთაგანი პრეზიდენტის ფავორს არ დაკარგავს ამა თუ იმ მიზეზის გამო. შესაბამისად, ბასტრიკინის ანტიკორუფციული გამოსვლა რუსულ ოფიციალურ თუ ოფიციოზთან დაახლოებულ მედია საშუალებებში, დიდი ანგარიშით, ფორმალობაა. მაგრამ, როგორც თავიდანვე აღინიშნა, ბასტრიკინის მედიადეფილეები სხვა მხრივაცაა საინტერესო:


2021 წლის 25 ნოემბერს უცხოეთის აგენტად შერაცხულ TV Rain-ზე პოლიტოლოგმა დიმიტრი ორეშკინმა განაცხადა, რომ „ძალოვნებს დაუცურდათ“ (У силовиков поехала крыша) საუბარი მოყვა რეპერ მორგენშტერნზე ბასტრიკინის სიტყვიერ თავდასხმას მას შემდეგ, რაც რეპერმა გააკრიტიკა მთავრობა „გამარჯვების დღის“ აღნიშვნისათვის ზედმეტად დიდი თანხების ხარჯვის გამო. მორგენშტერნს საჯარო ბოდიშის მოხდა მოუხდა. ბასტრიკინი თავდასხმებს აწყობს სხვა, ზედმეტად (რუსული სტანდარტით) თავისუფლად მოაზროვნე ხელოვნების მოღვაწეებზე, ქადაგებს, რომ აღსადგენია „საბჭოთა სკოლა“, რომელიც „მსოფლიოში საუკეთესო იყო“. იგი ახდენს დოსტოევსკის ინტერპრეტაციებს, მსჯელობს რუსეთის საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობის მიმართულებებზე. დიმიტრი ორეშკინს იგი ლუკაშენკას აგონებს. „ბასტრიკინი პუტინურ-ლენინგრადული კონსერვატორია, პუტინის მართვე, ბრეჟნევის ეპოქის გერონტოკრატიის შესაფერისი. . .ჩვენ შევდივართ ამ ეპოქაში“ - ამბობს ორეშკინი. „ეს ანეკდოტია, მაგრამ მათი თამაშები, ამ მოხურთა ცეკვა უკრაინის საზღვრებთან შეიძლება დიდი სისხლით დამთავრდეს.“ ორეშკინის აზრით ბასტრიკინი სამხრეებიანი ადამიანების სისტემური დეგრადაციის ყველაზე მკაფიო სახეა.


დიმიტრი ორეშკინის სისტემური შეფასებით, წლებია, რაც რუსეთი წოდებრივი სახელმწიფოა, სადაც „ძალოვნებს“ ერთი კანონით უდგებიან, მღვდლებს მეორით, „ლოხებს“ ანუ ჩვეულებრივ ადამიანებს - მესამით და ოპოზიციას კი იმ კანონით, რომელსაც განუკითხაობა ჰქვია. ოღონდ „ძალოვნებს დაუცურდათ“ (ანუ დისციპლინა დაივიწყეს და ყველაფერზე საჯაროდ საუბრობენ) მხოლოდ ბოლო დროს.