რა "ვუშველოთ" რუსეთს
დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 25 ოქტომბერი, 2022
სტატია "რუსეთის პოლიტიკური ომის ვირუსის შემდეგი ვარიანტი" დასავლური კონტრდაზვერვის ექსპერტთა თანამეგობრობის პროდუქტია. იგი საინტერესოდ განიხილავს იმ პოლიტიკური ომის ფორმებს (ჰიბრიდული, ნაცრისფერი ზონის), რომლებსაც რუსეთი მიმართავს უკრაინული სამხედრო ავანტიურის შემდეგ. შესაბამისად, ავტორი მსჯელობს, თუ რით უნდა უპასუხოს დასავლეთმა რუსეთს.
არსებითად, საუბარი კარგად ნაცნობ მეთოდებზეა: რუსეთი არ შეეშვება ე.წ. აქტიურ ზომებს, რისი მიზანიც დასავლური პოლიტიკური სისტემების მორყევაა ინფლაციის, პარტიებს შორის დაპირისპირების, დევნილთა ტალღების და სხვა ამგვარი ხერხების გამოყენებით. რა თქმა უნდა, “აქტიური ზომები” კვლავ იქნება მნიშვნელოვანწილად დახუნძლული დეზინფორმაციული ჟურნალისტიკისა და ე.წ. დასავლელი სასარგებლო იდიოტების ინტელექტუალური პროდუქტებით. საერთოდ, ავტორი მიიჩნევს, რომ რუსული საინფორმაციო არხების დასავლეთში გადაკეტვის შემდეგ კრემლის მესვეურები მეტ აქცენტს გააკეთებენ უშუალოდ ევრო-ამერიკელი თანამოაზრეების გააქტიურებაზე. პასუხი, ექსპერტის აზრით, უნდა იყოს ა) ანტიკორუფციული და კონტრდაზვერვითი პოლიტიკის შემდგომი გააქტიურება, ბ) დასავლური დემოკრატიული სისტემების გამძლეობაზე განუხრელი ზრუნვა, რისთვისაც მისაღწევია უფრო მაღალი დონის სოციალური კოჰესიურობა. ამას უნდა ახლდეს იმ დასავლელ პოლიტიკოსთა გამომზეურება-შერცხვენის კამპანიები, რომლებიც,რამენაირად, თუნდაც მესამე მხარეების შუამავლობით, არიან მიბმულნი რუსულ ფულზე. რა თქმა უნდა, ავტორი არც განიხილავს რუსეთის სანქცირების შერბილებას მომავალში. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ერთგვარი თავდაცვაა, რაც რუსეთს თავისუფლად მოქმედების საშუალებას უტოვებს. აქ, ამ ტექსტში არ იგრძნობა, რომ არსებული სახით რუსეთის შენარჩუნება დაუშვებელია და მისი პოლიტიკური სისტემის, როგორც ანტიჰუმანურისა და ევროპის მთავარი მტრის, განადგურებაა საჭირო. ნიშანდობლივია, რომ ავტორი ვერ ხვდება - რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში, როცა ყველაფერი (მათ შორის, ევროპასა და ამერიკაში პოლიტიკური/ჰიბრიდული ომის მექანიზმები) აწყობილი ჰქონდა - რატომ ჩაიგდო თავი ასეთ გასაჭირში. პასუხად ავტორს მხოლოდ ის აქვს, რომ 2022 თებერვლის სამხედრო ნაბიჯი ძალიან ვიწრო წრეში დაიგეგმა და გადაწყდა. ანუ, ყველაფერი მხოლოდ პუტინის არაადეკვატურობას ბრალდება. ეს, რა თქმა უნდა, ფაქტორია. მაგრამ ავტორს ავიწყდება, რომ რუსეთს ამოძრავებს იდეოლოგია. ის „რაშიზმი”, რომელზეც ბევრს და კარგად საუბრობს თუ წერს ტიმოთი სნაიდერი. რა თქმა უნდა, „რაშიზმი“ სიგიჟეა, მაგრამ არა მარტო პუტინის, არამედ რუსული მმართველი კლასისა და საზოგადოების დიდი ნაწილის. მათთვის ჰიბრიდული ომი მხოლოდ დამხმარე საშუალებაა, მთავარი კი იმპერიის შენარჩუნება-გაფართოება. თუ დასავლეთმა ეს სიმართლე ვერ დაინახა და თავად რუსეთში არ გაუმართა ბრძოლა ლევიათანს, მისი აღმოსავლეთი საზღვარი ყოველთვის მოწყვლადი იქნება.