top of page

რუსეთ-უკრაინის ფრონტი - სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი სექტორი: რა იკვეთება ღია წყაროებიდან?

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 1 სექტემბერი, 2022


“დნეპრზე, ანტონოვის ხიდზე,

დგას დემურ გიორხელიძე”

© მამუკა გერმანიშვილი



ფრონტზე ვითარება რთულია: უკრაინის ახალგაზრდა ლიბერალური დემოკრატია ებრძვის რკინისა და საზარბაზნე ხორცის თითქმის ულევი მარაგის მქონე გავეშებულ მოლოხს, ლევიათანს. ამ მონსტრის ოფიციალური სახელი რუსეთის ფედერაციაა, რეალური კი - ვლადიმირ სოროკინისეული „ოპრიჩნინა“ ან ლევ გუდკოვისეული „მეორეული ტოტალიტარიზმი“, ანაც პოსტმოდერნული იმპერია.


ამ უკანასკნელი განსაზღვრებით იმის თქმა მინდა, რომ 1) იმპერიების დრო წავიდა და რის შექმნასაც პუტინი ცდილობს, უკანმოუხედავად მოძველებულ-არაადეკვატურია. შესაბამისად, იგი ასლია, პაროდიაა, კიტჩია, რაზეც დაკვირვება პოსტმოდერნული დისკურსის თემაა 2) პოსტმოდერნიზმი ბევრ რამესთან ასოცირდება, საიდანაც ერთ-ერთი საგანი საყოველთაო, ობიექტური ჭეშმარიტებების უარყოფაა. რუსმა პოსტსაბჭოთა პოლიტტექნოლოგებმა პოსტმოდერნული თეორიები თუ სოციოლოგია ისე მოირგეს, რომ სახელმწიფოს (იგივე ლევიათანის) სამსახურში ცინიზმი და „პოსტ-სიმართლე“ ჩააყენეს. ისტორიის გადაწერ-გადმოწერა და მასების ტვინთა რეცხვა რუსული ოფიციალური პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი ტაქტიკათაგანია. იგი ეხმარება ზემოთნახსენები რკინისა და საზარბაზნე ხორცის სასურველი მიმართულებით გაგზავნას. ამჯერად, ეს მიმართულება უკრაინაა. შესაბამისად, უკრაინას უწევს არა მხოლოდ რკინასთან და ხორცთან, არამედ რუსეთის ზომბირებულ მენტალობასთან გამკლავება. ყველაფერს აგვირგვინებს პუტინ-ლავროვთა ბირთვული შანტაჟის სეანსები.


და მაინც, ზემოთ ვთქვი, რომ რუსული მარაგები თითქმის ულევია და აქ საკვანძო სიტყვაა თითქმის. მონსტრი წინ ვეღარ მიდის. იგი გაიჭედა დონეცკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში. ბოლო დროს რუსული ზარბაზნებიც ნაკლებს ისვრის, რადგან ლულებს თავისი საექსპლუატაციო ვადები აქვს, ყუმბარების მარაგის შევსება კი ლოჯისტიკურ სირთულეებს უკავშირდება. უკრაინელები სწორედ რუსული ლოჯისტიკის მოწყვლადობაზე აკეთებენ აქცენტს.


უკრაინულ არმიას არ აქვს ტანკებისა და ჯავშანმანქანების დიდი რაოდენობა. მისი ავიაცია კი კარგად იკბინება, მაგრამ პატარაა. ამიტომ, ტრადიციული კონტრშეტევა მოსალოდნელი არ არის. უკრაინული კოლონები არ დაიძვრება და არ გადაუვლის რუსულ სანგრებს. მაგრამ ეს არც არის აუცილებელი. მთავარია ინიციატივა, მოწინააღმდეგის ნების დამორჩილება, რასაც მისი გატეხა უნდა მოჰყვეს. უკრაინული არმია სწორედ ამით მგონია დაკავებული და დასამოწმებლად ვეყრდნობი როგორც ომების შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის დასკვნებს, ისე ღია წყაროების საკმაოდ საინტერესო ანალიტიკოსის, ამერიკაში მცხოვრები უკრაინული წარმოშობის ყოფილ საბჭოთა მზვერავის, იური შვეცის შეფასებებს უკრაინის ამბებით დაინტერესებული ყველა ადამიანისათვის კარგად ნაცნობი ალექსეი არსეტოვიჩი ზოგჯერ ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე მეოცე საუკუნის ორი მეორეხარისხოვანი არმია დაეჯახა ერთმანეთს, რაც პატურ სიტუაციას ქმნის. გასაგებია მისი ლოგიკა, მაგრამ ვითარება მგონი სხვაა. უკრაინა აჩვენებს 21-ე საუკუნის ომის მაგალითს, რომელშიც მთავარია სიზუსტე და ინოვაციურობა/ასიმეტრიულობა. მე-20, უფრო კი მე-19 საუკუნის მასიურობა რუსული „ნოუ ჰაუა“. უკრაინელებმა მას, გარდა სიმამაცისა, დასავლური ზე-ზუსტი შეიარაღება და გამჭრიახობა დაუპირისპირეს. ამ უკანასკნელს განაპირობებს/ხელს უწყობს დასავლური სადაზვერვო საშუალებები და ომის წარმოების მობილური სტილი.


მობილურობაში თავს იჩენს როგორც დაბალი ინტენსივობის ომში მონაწილეობის რვაწლიანი გამოცდილება, ისე ნატოს სტანდარტებზე გადასვლის სტრატეგიული არჩევანი, რომელშიც არსებითი საველე ოფიცერთა ინიციატივის წახალისებაა. ეს საომარი კულტურის ის სტილია, რომლებშიც რუსები არასოდეს გამოირჩეოდნენ.


რუსებისგან განსხვავებით, უკრაინული სამხედრო ძალები გაურბიან დიდი მსხვერპლის რისკს როგორც საკუთარ რიგებში, ისე მშვიდობიანი მოსახლეობის შორის. ამაშიც ნატოს სტანდარტებისა და უკრაინული სულისკვეთების კომბინაცია გამოსჭვივის: ა) დასავლური ტრადიციით ჯარისკაცის სიცოცხლის ფასი არ ჩამოუვარდება ამა თუ იმ ტერიტორიის დაკავება/შემტვრევის ტაქტიკურ თუ პოლიტიკურ ფასს. რუსულმა მიდგომამ სრულიად საპირისპირო ღირებულებათა სისტემა არჩია; ბ) უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცდილობს დაიბრუნოს ქალაქები თავისი მოსახლეობითა და შენობებით და არა ცარიელი ნანგრევები; გ) მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციაზე აპელირება ზოგჯერ მხოლოდ რიტორიკული ხერხი ან პოლიტიკური ხრიკია, უკრაინის ისტორიაში კაზაკთა ფენომენს (ტრადიციას) მართლაც დიდი ადგილი უკავია. კაზაკთა, როგორც ე.წ. მსუბუქი კავალერიის ტაქტიკა კი ყოველთვის იყო „დაარტყი და გაიქეცი“, რაც მშვენივრად შეესაბამება თანამედროვე ომის წარმოების მობილურ ბუნებასა თუ საჭიროებებს.


ასეთი შესაძლებლობებით და განწყობით, მასიური შეტევა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მტერი მორალურად გატყდება და ჩამოშლას დაიწყებს. შეტევა, ამ შემთხვევაში, იქნება არა დაბრკოლებების გადალახვა, არამედ დემორალიზებული და უკან მიბრუნებული მტრის კვალში ჩადგომა. არსებითად, ეს უკვე მოხდა კიევსა და ხარკოვს შორის, 2022 წლის გაზაფხულზე. ახლა ეს უნდა მოხდეს სამხრეთსა და სამხრეთ დასავლეთში. უკრაინული ტაქტიკაც, ჩანს, ამ დროის დადგომას ემსახურება და მოთმინებაზეა ორიენტირებული.


სამხრეთ-დასავლეთისა და სამხრეთის მიმართულებები ორი მიზეზითაა ხელსაყრელი უკრაინული ტაქტიკის პირობებში: ხერსონთან (სამხრეთ-დასავლეთი) რუსებმა უკრაინული ცეცხლის რკალში ჩაიგდეს თავი. მას შემდეგ (ან ამის პარალელურად), რაც შექმნილი ვითარება რუსი სამხედროების ნებას გატეხს, იგივე განმეორდება ზაპოროჟიეში, მელიტოპოლის მიმართულებით (სამხრეთი).


რუსებსაც ესმით საფრთხისა. შემთხვევითი არაა, რომ საჩქაროდ შეკოწიწებული მესამე სარეზერვო კორპუსის ქვედანაყოფები მათ სწორედ ფრონტის ამ მონაკვეთებისაკენ გადაჰყავთ. მაგრამ ვითარება წმინდა სამხედრო თვალსაზრისით მათთვის განწირული მგონია, სანამ უკრაინელებს კაზაკური „დრაივი“ არ გამოელევათ და დასავლეთი კი ზუსტი საარტილერიო-სარაკეტო და საავიაციო შეიარაღება/ამუნიციის მიწოდებას არ შეწყვეტს. თვალსაწიერ მომავალში არც ერთია მოსალოდნელი და არც მეორე: ნიშანდობლივია, რომ საარტილერიო და აირსაწინააღმდეგო დანადგარების უკრაინისათვის მიწოდების პასუხისმგებლობაზე ენთუზიაზმით ლაპარაკობს გერმანიის სოციალ-დემოკრატი კანცლერი. ისტორიული რეალობები უკანმოუხედავადაა შეცვლილი პუტინის საზიანოდ, რაც ასევე ჩანს ევრო-ამერიკულ სანქციებსა თუ ენერგო-პოლიტიკაში. მაგრამ დავუბრუნდეთ ფრონტის ხაზებს, რადგან ბლოგ-პოსტი მათზეა. აქ, ამ განზომილებაში, კიტჩური იმპერიის დასასრულს კაზაკთა შთამომავლების ხელში მოხვედრილი „ჰაიმარსები“, არტ-სისტემა „777“ და იგივე ჯაველინები განაპირობებს. არის ამაშიც რაღაც პოსტ-მოდერნული.


ბლოგ-პოსტის ეპიგრაფში ნახსენები ანტონოვის ხიდი ის ხიდია, რომელიც ხერსონის ოლქში შეჭრილ რუსებს დნეპრის გარდი-გარდმო უნდა აკავშირებდეს, მაგრამ ვეღარ აკავშირებს. სავალალო მდგომარეობაშია დნეპრის გადაღმა დარჩენილთა მომარაგების სხვა საშუალებებიც. ამიტომაც არის, რომ რუსული არმიის ერთ-ერთი უმსხვილესი დაჯგუფება, რომელშიც 30-მდე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი მოიაზრება, სამი მხრიდან უკრაინული ცეცხლითაა გარშემორტყმული, ზურგთან დამაკავშირებელ დნეპრის ხიდებს კი ისევ უკრაინული შორსმსროლელი „ჰაიმარსები“ თუ 155 მმ ჰაუბიცები ფარავს. მოქმედებს უკრაინული ავიაციაც, რადგან რუსებს ანტისაჰაერო საშუალებები ინტენსიურად უნადგურდებათ. შესაბამისად, საჭიროა მხოლოდ ლოდინი იმისა, თუ როდის ამოეწურებათ რუსებს დნეპრის მარჯვენა ნაპირზე შექმნილ ამ ანკლავში ამუნიცია, რასაც, განადგურებისა ან უკან დახევის და დნეპრში ბანაობის გარდა, შეუძლებელია რაიმე მოჰყვეს.


ერთი გამოსავალი შეიძლება თავად რუსთა კონტრშეტევა ყოფილიყო, მაგრამ ამის ძალა არსად ჩანს - თანამედროვე ტექნიკა და შემართება უკრაინის მხარეს მატულობს, რუსებისა კი, ფრონტის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთზე მაინც, მხოლოდ კლებად რეჟიმში შეიძლება იყოს: დნეპრზე გადასასვლელები პრაქტიკულად დახურულია, ზღვიდან დარტყმა კი რომ შესძლებოდათ რუსებს, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ.


შეიძლება ვიკითხოთ, რა მოხდება ამ განწირული რუსული ანკლავის ლიკვიდაციის შემდეგ. ხომ შეიძლება, რუსებმა დნეპრის მარცხენა სანაპირო გაამაგრონ, ანუ მელიტოპოლი და ყირიმის მისადგომები დაიცვან - უკრაინელებს ხომ არანაკლებ გაუჭირდებათ ამ წყალუხვი მდინარის გადალახვა, მასზე ლოჯისტიკური ხაზების აგება, ვიდრე ეს რუსებს უჭირთ? ეს რომ მე-19 ან თუნდაც მე-20 საუკუნე იყოს, ასეც იქნებოდა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ხერსონული ანკლავის გაქრობის შემდეგ, შორს მსროლელი დასავლური სარაკეტო-საარტილერიო დანადგარები კიდევ უფრო მოიცლიან ფრონტის სამხრეთი მონაკვეთის რუსულ დაჯგუფებისათვის. თანაც აქ მთავარი მელიტოპოლის სატრანსპორტო კვანძია და ყირიმის ყელი. დანარჩენი ნაკლებად დასახლებული სტეპებია, რომლებშიც გაბნეულ რუს ოკუპანტებს მომარაგება ესაჭიროებათ. სწორედ მათი მომარაგების ხაზებს დაფარავს უკრაინა მზარდი ეფექტიანობით. ყველაფერს დაემატება ის მორალური დარტყმა, რომელსაც რუსის ჯარი გარდაუვალად მიიღებს ხერსონის დაკარგვისას. უკრაინული სახმელეთო ჯარების მასობრივი შეტევა კი ისევე არ იქნება საჭირო, როგორც არ არის იგი საჭირო დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე. როცა სიტუაცია მომწიფდება, სახმელეთო ოპერაციას პარტიზანები და სხვა მობილური ჯგუფებიც ეყოფა. ირონიაა, რომ რუსებს 21-ე საუკუნის ომის ეს თავისებურება ესმოდათ 2014 წელს, ახლა კი დაივიწყეს.


ბლოგ-პოსტის წინ წამძღვარებულ ეპიგრაფში ნახსენები დემურ გიორხელიძე, რომელიც ეპიგრაფის ავტორმა, მამუკა გერმანიშვილმა, მეტაფორულად ანტონოვის აწ უკვე გაუვალ ხიდზე მოათავსა, ქართველი ეკონომისტია. მას ჰგონია, რომ უკრაინა მარცხდება და ამ თავის განცდას ხშირად გამოხატავს საჯაროდ. ჩანს, დემური რუსულ წყაროებს ეცნობა მხოლოდ. რუსი ბლოგერების ნაწილი იხტიბარს მართლაც არ იტეხს, თუმცა მხოლოდ ნაწილი. მე კი, როგორც გითხარით, უკრაინული და ამერიკული საინფორმაციო ნაკადებიდან ვიღებ ინსპირაციას. თან მგონია, რომ რუკებს თუ დავხედავთ, პოსტ-მოდერნიზმის ეპოქის თავისებურებებსაც გავიხსენებთ და მოქმედებების დინამიკას/ძალთა თანაფარდობას გავითვალისწინებთ, სამხრეთ/სამხრეთ-დასავლეთ ფრონტებზე რუსთა სავალალო მდგომარეობა თვალნათელი გახდება. რა თქმა უნდა, თუ რუსეთი მობილიზაციას გამოაცხადებს და ისევ შეუტევს უკრაინის ჩრდილოეთს, შეიძლება ვითარება შეიცვალოს - როგორც ვთქვი, რკინა და ხორცი რუსეთს არ აკლია. მაგრამ ამისთანა ახალი ესკალაციის ნიშნები არანაირად არ ჩანს, რისი მიზეზებიც უკვე პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიბრტყეებშია საძიებელი. მარტო სამხრეთის შენარჩუნება კი - ძალთა თანაფარდობიდან და ლოჯისტიკის თავისებურებებიდან გამომდინარე - რუსთათვის ისეთივე შეუსრულებელი მისიაა, როგორიც ეს ვრანგელის თეთრი არმიისათვის იყო 1920 წელს. მთავარია, უკრაინას ფარავდეს „წმინდა ჰაიმარსი“.


P.S. მეტი თვალსაჩინოებისათვის დააკვირდით ფრონტის ხაზებს და უკრაინის მოსახლეობის სიმჭიდროვის რუკას. დონეცკისა და ლუგანსკის ფრონტები, ანუ სამხრეთ-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთის თემა სხვაა. მგონია, ომის ბედი სამხრეთში გადაწყდება.






bottom of page