პოსტკოლონიური დისკურსი და ქართულ-რუსული კონტექსტი
დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 24 აგვისტო, 2022
ფოტო მოპოვებულია რადიო თავისუფლების ვებ-გვერდიდან
პოსტკოლონიურ აკადემიურ დისკურსს გასდევს მოუცილებელი სურნელი იმისა, რომ რუსიც და ქართველიც „სუბალტერნია“ - დაქვემდებარებულ/ქვემდგომი აროგანტულ დასავლეთთან მიმართებაში. ასეთი დისკურსი ნაკლებად იტევს იმ მოცემულობას, რომ რუსს ქართველი დაპყრობილი ჰყავდა - მისთვის ორივე აღმოსავლეთია და დაჩაგრული. მჩაგვრელი კი ევრო-ამერიკული ცივილიზაციაა, რომელიც მათ, როგორც, მაგალითად, კატასა და თაგვს, ბუნების უძღებ შვილებად აღიქვამდა. პოსტკოლონიური დისკურსი ტრადიციული საერთაშორისო სოციალური რეალობის ასეთ სურათს ხატავს და მერე „წარმატებულად“ უარყოფს და ებრძვის მას, ცდილობს რა, ახსნას, რომ ზემოთაღწერილი სურათი კოლონიალიზმის ეპოქისაა, „თეთრი კაცის ტვირთის“ მენტალობისაა და უნდა დაგმობილ იქნას. შესაბამისად, პოსტკოლონიური დისკურსით, ყველა „ცხოველს“ უნდა უღიარონ საზრისები, გაათანაბრონ ისინი. თუ საჭიროა, ბოდიშიც მოუხადონ და თავი დაანებონ.
რა თქმა უნდა, ეს ნათქვამი საკითხის გამარტივებაა. პოსტკოლონიალიზმის კვლევები ნაირფერია და იმასაც ცდილობს შეეხოს, რომ, ისტორიულად, რუსეთიც კოლონიურ-იმპერიული სახელმწიფო იყო. ოღონდ, როგორც ასეთი, იგი იმდენად სხვა რასების „გაკულტურებით“ კი არ იყო დაკავებული, არამედ თავისნაირი „თეთრების“ - პოლონელების, ლიტველების, ქართველების თუ სომხების - დაპყრობა-ასიმილირებით. მაგრამ აქ ერთი კონცეპტუალური ხაფანგია: დაპყრობა-ასიმილაციები შიდაევროპული ისტორიის ნაწილია და ეხება გერმანული, ფრანგული და ა.შ. ნაციონალური სახელმწიფოების გენეზისს. შესაბამისად, იკარგება პოსტკოლონიალიზმის ფოკუსი და ყოველივე ამის ასახსნელად ისევ ნაციონალიზმების, სახელმწიფოების, დემოკრატიის თუ რელიგიის კვლევებში არსებული მიგნებები უფრო მოსახერხებელი ჩანს.
მოკლედ, პოსტკოლონიალიზმს უფრო თეთრი რასის სხვა რასებზე ბატონობის დაგმობა იზიდავს, რუსეთის შემთხვევა კი ასეთ ქარგაში მხოლოდ ნაწილობრივ თუ ჩაჯდება. პოსტკოლონიალიზმის თეორიების ჩვენებური მიმდევრები ცოტა სხვა გზას ადგებიან. მათ აინტერესებთ რუსული მეტროპოლიური და, მაგალითად, ქართული კოლონიური ლიტერატურის ჟანრები თუ პერსონაჟები - მათში არეკლილი კოლონიური ჩაგვრა და ანტიკოლონიური ბრძოლა. ეს, თავისთავად, საინტერესოა, მაგრამ წინა აბზაცში ნათქვამისა არ იყოს, მგონია, რომ ასეთ თემატიკას მკვლევრები ყოველგვარი პოსტკოლონიური დისკურსის გაჩენამდეც უტრიალებდნენ. იგივე საბჭოთა პერიოდის ისტორიოგრაფია სავსეა ნაშრომებით, რომლებშიც ქართული მხატვრული ლიტერატურის ანტიიმპერიული ხასიათია დანახული: საბჭოთა კავშირში მისი კრიტიკა იკრძალებოდა, თორემ ცარიზმის კრიტიკაზე ხსნილი იყო. სწორედ საბჭოური ქართული ტექსტებიდან მახსოვს ჯერ კიდევ ცარიზმისას გაჩენილი მეტაფორა, რომ რუსეთი ევროპას ვირზე შემჯდარი მისდევდა, საქართველოს კი თოკზე გამობმულს მიათრევდა იგივე მიმართულებით.
საქართველო ახლაც ებრძვის რუსული კოლონიალიზმის რეციდივებს ხან წარმატებით და ხანაც, წარუმატებლად. ამ მოვლენას სწავლობს ისტორიაც და საერთაშორისო ურთიერთობებიც. ამიტომ, არ მგონია, ამ მხრივ პოსტკოლონიურ კვლევებს თუ დისკურსს რაიმე სიახლის შემოთავაზება შეეძლოს. არის კიდევ ერთი თემა მოსკოვ-თბილისის ურთიერთობებში, რაც კოლონიური თუ პოსტკოლონიური ელიტების „ყოფილ“ პატრონებთან კლიენტელური კავშირების გამძლეობას ეხება. მაგრამ ეს საკითხებიც მშვენივრად შუქდება უფრო ტრადიციული სოციალური მეცნიერებების ფარგლებში და არ ვიცი, რამდენადაა საჭირო აქ პოსტკოლონიური კვლევების ინსტრუმენტები. და მაინც, ყოფილ თუ ამჟამინდელ „მჩაგვრელ-ჩაგრულთა“ კულტურულ-მენტალური ბმების შესწავლა, რაშიც პოსტკოლონიალიზმის კვლევები ნიშას ეძებს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა გაგების გასაღებია. მარტო შემოსევების, აჯანყებების თუ დიპლომატიური ბატალიების ტრადიციული სურათების დაუსრულებელი გადახატვა ამისათვის საკმარისი არაა. საჭიროა ანთროპოლოგიის, დისკურს-ანალიზის, ელიტების თეორიების გამოყენება, რასაც პოსტკოლონიური კვლევა-ძიება ეყრდნობა. შესაძლოა სრულად არ გავიზიაროთ დეპიკა ბაჰრის ეპისტემოლოგიური თუ იდეოლოგიური ორიენტირები, მაგრამ პოსტკოლონიალიზმის ამ ცნობილი პროფესორის მიერ შექმნილ საიტზე ჩამოთვლილი კვლევითი კითხვებიდან ზოგიერთი საკმაოდ რელევანტურია არა მხოლოდ რომელიმე ევროპული და აფრიკული ერების ურთიერთგავლენების გასაგებად, არამედ რუსულ-ქართულ ორსახოვნებაში გასარკვევადაც.
ასე მაგალითად, პროფესორი ბაჰრისათვის პოსტკოლონიალიზმის წამყვან კვლევით კითხვათაგანაა:როგორ აღწევდნენ კოლონიზატორები კონტროლს? რა კვალი დატოვა კოლონიზატორმა კოლონიურ ხალხთა განათლებაში და მეცნიერებაში? დეკოლონიზაცია წინარე კოლონიურ წარსულთან აგრესიულ დაბრუნებას უნდა გულისხმობდეს? როგორ ფუნქციონირებს გენდერი, რასა და კლასი კოლონიურ და პოსტ-კოლონიურ დისკურსებში? ვფიქრობ, ეს კითხვები ჩვენ შემთხვევაში შემდეგნაირ პასუხებს ითხოვს: 1) ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დღემდე გავრცელებულია რუსეთის უძლეველობის რწმენა; 2) ასევე მყარადაა ჩვენში შემოსული საკუთარი მიდრეკილებების ოპონენტზე გადაბრალების სააზროვნო-რიტორიკული მოდელი, რაც სწორედ რუსულ პოლიტიკურ-საინფორმაციო სფეროს ახასიათებს. ტიმოთი სნაიდერის მეტაფორული ენით, ამ ფენომენს რუსეთის შემთხვევაში ,,შიზოფაშიზმი” ეწოდა; 3) ისევე როგორც რუსეთში, საქართველოშიც ნოყიერ ნიადაგს პოულობს რესენტიმენტი ევრო-ამერიკულ უნივერსალურ ცივილიზაციასთან მიმართებით: ბოლო დროს შეუზღუდავად არტიკულირებული განცდები, რომ ევროპა და ამერიკა „ჭკუას არ უნდა გვასწავლიდეს,“ ამის გამოვლინებაა. ასეთი განწყობისას უფრო იოლი ხდება რუსულ სპეცსამსახურებში მომზადებული ისეთი უმსჯელობების დაჯერება, როგორიცაა ბოლო დროს მოარული „რუსებს და უკრაინელებს ებრაელები აომებენ, რათა დასუსტდნენ და სიონიზმის საკბილო გახდნენ“. მსგავსი შეხედულებები რაღაცით მე-19 საუკუნის ევროპულ ანტისემიტიზმს ჩამოჰგავს, რომელიც პასკვილით - „სიონის ბრძენთა ოქმები“ - იკვებებოდა. მაშინაც იგი რუსულმა ნაციონალიზმმა აიტაცა. ქართული საზოგადოება იმჟამად ბევრად უფრო რაციონალურად გამოიყურებოდა. დღეს საქმე სხვაგვარადაა და ანტისემიტიზმის ახალრუსული ვერსია, რომელიც ისევ „შიზოფაშიზმში“ ჯდება და, სერგეი ლავროვის პირით, ვოლოდიმირ ზელენსკის ჰიტლერთანაც აიგივებს, ჩვენშიც პოულობს მუშტარს.
ყოველივე ეს დამატებით კვლევებს ითხოვს და, ვინძლო, ასეთმა კვლევა-ძიებამ პოსტკოლონიურ დისკურსსაც ახალი სიმაღლეები ააღებინოს: მართლაც-და რატომ ვემსგავსებით ასე გუშინდელ მეტროპოლიას მენტალურად? რა თქმა უნდა, აქ ისეთი ცვლადებია გასათვალისწინებელი, როგორიცაა მოსკოვის და თბილისის ელიტათა კვლავაც არსებული კავშირები, რუსული საინფორმაციო-პროპაგანდისტული შტურმი, რომელსაც აქ, ადგილზე მრავალი მთარგმნელ-გამავრცელებელი ჰყავს. ეს ყოველივე პარადოქსულად თანაარსებობს ქართულ ეთნიკურ ნაციონალიზმთან, რომელიც რუსულ ენას და კულტურას, მთლიანობაში, არ სწყალობს. ამიტომაცაა, რომ რუსული საინფორმაციო პროდუქტები ქართულად ითარგმნება და, ძირითადად, ასე ვრცელდება: არა, „შიზოფაშიზმის“ პროვინციული ვარიანტის ბევრმა ლიდერმა კი იცის რუსული, მაგრამ ამით სიამაყე მაინც ცუდი ტონია. თანაც, მასები დუგინს ან, მით უმეტეს, ტრუბეცკოის არ და ვერ წაიკითხავენ. მათ მშობლიურ ენაზე გაკეთებული მოკლე შეტყობინებები სჭირდებათ.
ვფიქრობ, პოსტკოლონიური კვლევებისათვის საინტერესო უნდა იყოს ჰიპოთეზა, რომ ზემოთჩამოთვლილი სამი ნიშანი: მითი რუსეთის უძლეველობაზე, „შიზოფაშიზმი“ და ანტიდასავლური სენტიმენტების მომძლავრება საქართველოში ნასესხებ-მეორადია: იგი „სუბალტერნულია“ რუსებთან მიმართებაში და ჩრდილოეთიდან შემოთავაზებულ ქარგაში ჯდება. ეს არ ნიშნავს, რომ კრემლის კოშკების გავლენათა მიღმა არ გვაქვს ანტილიბერალური ფესვები. ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ჩვენი წინაპრები კლანებად და ფეოდალური წესებით ცხოვრობდნენ. შესაბამისად, პოსტ-მოდერნული თუ გენდერულად მგრძნობიარე ევროპის ვერგაგება თუ არმიღება ადგილობრივ ტრადიციებშიც პოვებს საყრდენებს. მაგრამ სიტყვათაწყობა „ლიბერასტი“, რომლითაც ამას წინათ აჭარის მოურავმა ოპონენტები მოიხსენია, რუსულის კალკია.
ამდენად, პროფესორ ბაჰრის ერთ-ერთი პოსტკოლონიური კვლევითი კითხვის - არის თუ არა დეკოლონიზაცია წინარე-კოლონიურ წარსულთან აგრესიული დაბრუნება - პასუხად ქართული მაგალითი საინტერესო ჰორიზონტებს ხსნის: ყველაში, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ მოსახლეობის საგრძნობ ნაწილში ანტილიბერალიზმი კვლავაც მიმდინარე მენტალური კოლონიზაციის შედეგია. სხვაგვარად რომ იყოს საქმე, ჩვენებურ ახალ ანტიდასავლელებს ეგებ შთაგონების წყარო არა ალექსანდრე დუგინის წიაღსვლებში თუ ეფესბეს „ფეიკებში,“ არამედ იგივე გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში ეძიათ. ამ მწერლის სახით ქართველებსაც გვყავდა გასული საუკუნის დასაწყისში აღმოცენებული ინტეგრალური ნაციონალიზმის მეხოტბე. მაშინ ასეთი იდეები, რომლებიც მართლაც მიდიოდა პირველდაწყებით ფაშიზმამდე, დასავლეთის მეინსტრიმთაგანი იყო ლიბერალიზმისა და სოციალიზმის კვალდაკვალ. არსებითად, მათ იზიარებდა როგორც, მაგალითად, პოლონური, ისე ქართული ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა. რუსთა შემთხვევაში, იმავდროულად ჩაისახა „ევრაზიანიზმი“, რომლის მედროშე, ანიკომუნისტი ნიკოლაი ტრუბეცკოი სხვა გზით წავიდა და რუსეთში სლავურ-მონღოლური ცივილიზაცია დალანდა, რომელიც დასავლურ იდეოლოგიებს უნდა აღსდგომოდა წინ. ახალგაზრდა მკვლევარი იუნუს ნადი, რომელიც, ჩანს, „ევრაზიანიზმით“ თავადაცაა გატაცებული, დუგინს სწორედ ტრუბეცკოის გამგრძელებლად მიიჩნევს. აი, კიევში გადასახლებული ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ევგენი კისილიოვისათვის კი დუგინი „შარლატან-მისტიფიკატორია“.
საბოლოო ჯამში, მე კისილიოვის დეფინიცია უფრო მომწონს, თუმცა თავს ვერ დავდებ, სჯერა დუგინს არტიკულირებული იდეების თუ იტყუება. აქ საინტერესო ისაა, რომ ტრუბეცკოის მოძღვრება დუგინის შემთხვევაში ერთგვარ მეორად პროდუქტად, კიტჩად წარმოდგება. 21-ე საუკუნეში 100 წლის წინანდელი მოძღვრებების აღორძინება სხვაგვარი ვერც იქნება: როგორც ვთქვი, ტრუბეცკოის დროს ყველგან და ყველა იყო გატაცებული იმდაგვარი კონფრონტაციული იდეოლოგიებით, რომლებსაც დიდი სისხლის მოტანა თუ შეეძლო. დღეს იმავე გზით სიარული, რბილად რომ ვთქვათ, ანაქრონიზმია. ამ საქმეში ტონის მიმცემი თავად პუტინი და მისი ომებია. ქართული ანტილიბერალიზმი კი, რომლის „ევრაზიანიზმში“ ჩართვას ლევან ვასაძე ცდილობდა, ამ რუსულ-იმპერიულ ჰანგებზე ტრადიციული ცეკვის აწყობას ჰგავს. ამის გამო მიმაჩნია რუსულ-ქართული თანამედროვე ურთიერთობების მთელი დიაპაზონის დასანახად პოსტკოლონიური კვლევების მოსინჯვა საჭიროდ.
რა თქმა უნდა, საქართველო ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე აქ ნახსენები პროვინციული ანტილიბერალიზმი, როგორც რუსული მეორადი იმპერიალიზმის კოლონიური პროდუქტი. მაგრამ ეს პროდუქტი ძლიერია, ყველგან გვხვდება. რუსეთში ელიტას პუტინი მწყემსავს და შესაბამის დისკურსსაც ქმნის თავისი სტატიებით უკრაინაზე და მეორე მსოფლიო ომზე. ხალხისათვის კი რუსეთში დუგინის მაგვარები ჰყავთ. ჩვენში ხალხისათვის ვასაძეები და „ასავალ-დასავალის“ ნაირსახეობებია, უმაღლესი ელიტა კი თითქოს ინიღბება, ბოლომდე არ ამბობს გულისნადებს, რაშიც ისევ მეორადობა, ამ ქართული პოსტკოლონიური დისკურსის ასლის ასლობა ჩანს. ერთი მხრივ, ელიტა უფრთხის არჩევანს, მეორე მხრივ კი თვალყურს ადევნებს ყოფილ მეტროპოლიაში მიმდინარე პროცესებს და ელის. მოდის დამდგენად ისევ კრემლი რჩება - აღიარებს ამას ვინმე ქართულ ელიტაში თუნდაც საკუთარი თავის წინაშე თუ არა. მანამდე კი ინერგება ქართული „შიზოფაშიზმის“ ვერსია - ლიბერალური წრეებიდან, იმავე სამოქალაქო საზოგადოებიდან მომდინარე კრიტიკას საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკე თავები ხან ბოლშევიზმად ნათლავენ, ხანაც უშუალოდ ფაშიზმად.
რა თქმა უნდა, როგორც უკრაინული პოლიტიკური სისტემა თუ სპექტრი არაა უხარვეზო, ისევე აქვს თავისი ცოდვები ქართულ ლიბერალიზმსაც, რომელსაც დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს, ნაციონალიზმსა და გლობალიზმს შორის ლავირება გაუჭირდა. რუსული იმპერიისაგან დისტანცირების დაუოკებელი ჟინი, რაც მას ახასიათებდა, ასევე წილნაყარი იყო პარანოიასთან. მაგრამ დღეს სწორედ ეს ლიბერალური, არსებითად ოპოზიციური ბანაკი ითხოვს უკრაინის მხარდაჭერას და დასავლეთში ინტეგრაციას, მაშინ როცა მმართველი წრე სულ უფრო იმაღლებს ხმას ევრო-ატლანტიკური სივრციდან მომდინარე დემოკრატიული შეგონებების წინააღმდეგ. მაშ ვინღა გამოდის ნამდვილი ფაშისტი, ბრალდებული თუ დამბრალებელი? მოკლედ, როგორც მოსკოვში, ისე თბილისში ცნებათა აღრევა თამაშის წესად რჩება და ესაა რუსულ-ქართული ურთიერთობების ქეისის მნიშვნელობა პოსტკოლონიური დისკურსისათვის.
თავად ამ დისკურსის მეინსტრიმი - „სუბალტერნული“ მესამე სამყაროს ფეტიში - ალბათ ქართულ-რუსული მაგალითით ვერ გამდიდრდება. მასში ხომ არსებითი ისაა, რომ რუსეთი ცდილობს ძალით მოწყვიტოს საქართველო დასავლეთს, რისთვისაც ქართველთა არქეტიპული ხატ-სახეებით მანიპულირებს და თავის ქარგაზე გარდაქმნის მათ. მაგრამ ამით აღნიშნული მულტიდისციპლინური მიდგომა არ გაღარიბდება - სულაც პირიქით. საფრანგეთისა და ცენტრალური აფრიკის თუ ალჟირის ურთიერთგავლენები კი იკვლიონ სხვებმა - სამყარო მრავალფეროვანია.