top of page

„ომის ენა“ რუსულად

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 6 აგვისტო, 2022

ვასილი კანდინსკი

წინამდებარე მსჯელობა ისევ რეფლექსიაა ისტორიკოსი-კონსტრუქტივისტის, პოლიტიკის მეცნიერის და ფილოლოგ-ლინგვისტის საუბარზე თანამედროვე რუსეთის შესახებ. ამ შემთხვევაში, რუსული ფენომენის ახსნა მისი ოფიციალური და სამეტყველო ენის ანალიზით ხდება. ენა რომ ჩვენს სოციალურ რეალობას არა მხოლოდ ირეკლავს, არამედ ქმნის კიდეც - უწყიან სტრუქტურალისტებმა, პოსტ-სტრუქტურალისტებმა, კონსტრუქტივისტებმა თუ პოსტ-მოდერნისტებმა. მათი არგუმენტაციის ჯუნგლებში შესვლას აკადემიური სტატიის ფორმატიც არ ეყოფა და ცოტა სხვაგვარ განათლებასაც ითხოვს, ვიდრე მაქვს. მე ამ ნააზრევის მხოლოდ მომხმარებელი ვარ და ცოტა რამ კულტურისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ურთიერთმიმართებებზე გამეგება. ამიტომ, აკადემიურ დისპუტს არ დავიწყებ. ვიტყვი მხოლოდ, რომ ერთ ძველ წიგნში უსაფრთხოების ძალზედ ცნობილი კონსტრუქტივისტი მკვლევრები წერდნენ, საგარეო პოლიტიკა, ერთა უსაფრთხოებითი პრიორიტეტები თუ ინტერესები კულტურისგანაა დავალებული, რის ბოლომდე გაგებასაც ენობრივი სტრუქტურების კვლევა სჭირდებაო.[1] სწორედ ასეთი კვლევის მონახაზად წარმომიდგება ნახსენები საუბარი - თანაც ჩვენთვის საყურადღებო თანამედროვე რუსეთის მაგალითზე.


სერგეი მედვედევის მორიგი საავტორო გადაცემა, რომლის ფარგლებშიც დასახელებული ანალიტიკოსები „ზუმით“ შეიკრიბნენ, 2022 წლის 13 ივლისს გავიდა YouTube-ზე. ავტორმა და წამყვანმა მას „ომის ენა“ უწოდა. ერთი შეხედვით, იგი უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის არც თუ მნიშვნელოვან წახნაგზეა: მართლაც და, რა დროს ენაა - ყუმბარებთან, რაკეტებთან და მასობრივ მკვლელობებთან შედარებით. მაგრამ ძალზე ხშირად ხომ ჯერ ენა კლავს და შემდეგ ფოლადი, რის შემდეგაც ისევ ენა იღებს შემფასებლის დატვირთვას. საბოლოო ჯამში, ზემოთნახსენები აკადემიური მიმართულებების საერთო დასკვნა ისაა, რომ ენა ქმნის ადამიანს. სერგეი მედვედევსაც ეს აწუხებს, რატომაც ცდილობს გაარკვიოს ალექსანდრე მოროზოვთან და ჰასან ჰუსეინოვთან საუბარში, „ჰომო სოვიეტიკუსის“ რა მუტაციაა თანამედროვე რუსი ვერბალური თუ ფიზიკური აგრესორი.


მოსაუბრეთა აზრით, უკრაინასთან ომში „ახალი ენის“ გაჩენა ორუელისეულია: ომს სპეცოპერაცია ჰქვია, გემის ჩაძირვას „წყლის ქვეშ ჩაღრმავება“, აფეთქებას ტკაცანი, უკრაინულ არმიას - ნაციონალისტები. სერგეის მოაქვს ახალი რუსული ანეკდოტი:

- გაიგეთ, რუსეთში ორუელისათვის ძეგლი დაუდგიათ.


- სად დაუდგიათ?

- პრაქტიკულად ყველგან.


სიტყვების ეს ინჟინერია თუ მაგია, რასაც ქვემოთ კიდევ დავუბრუნდები, თავისთავად საინტერესოა. მაგრამ მთავარი ალბათ ჰასან ჰუსეინოვის დაკვირვებაა: თუ ადამიანებს ეკრძალებათ საკუთარი ენის თავისუფლად მოხმარება, ისინი მოქმედების უნარსაც კარგავენ, პარალიზებულნი ხდებიან. რა თქმა უნდა, არის წინააღმდეგობაც, მაგრამ ენობრივი ცენზურით გამოწვეული ემოციური მდგომარეობის მომსახურებაზე იმდენი ენერგია იხარჯება (იქმნება ეზოპეს ენა, მასში გამოიყენება კომპიუტერული სიმბოლოები, ომის მოწინააღმდეგეები იგონებენ ზემოთ ნახსენების მსგავს ანეკდოტებს, ეჩხუბებიან ერთმანეთს საერთო უსუსურობის გამო), რომ სხვა აღარაფერი კეთდება.


გამოდის, პუტინიზმის ენობრივი პოლიტიკის მოწინააღმდეგეებმა წინააღმდეგობის არეალად ისევ ენა აირჩიეს. მათი ირონია ნიჭიერია. მაგალითად, სხარტადაა მოფიქრებული პაროდია მოხელეზე, რომელიც საცხოვრებელი სახლის აფეთქებას და ადამიანთა დაღუპვას შემდეგნაირად გადმოსცემს: „სახლის ადგილას წარმოიშვა პლატო და განხორციელდა მაცხოვრებლების უარყოფითი ზრდა“. მაგრამ აგვიანებს მთავარი - პოლიტიკური წინააღმდეგობა. ჰუსეინოვის თქმისა არ იყოს, ენერგია ენობრივ ომზეა დახარჯული.


მოსაუბრეთა დაკვირვებები ენის ჭრილში დანახულ რუსულ ცხოვრებაზე ნათქვამით არ ამოიწურება. ცნებების ჯორჯ ორუელიანური გაუპატიურება, რასაც ამ ავტორის უკვდავ „1984“-ში ვაწყდებით, ინგლისურს ეხება. ეზოპეს ენაც არაა რუსული და, საერთოდ, ცენზურა, დიქტატორთა მიერ გარკვეულ სიტყვათა საკრალიზაცია, მათთვის მაგიური მნიშვნელობის მინიჭება ძველი ფენომენიცაა და უნივერსალურიც. ამ თვალსაზრისით რუსული „ომის ენა“, რომელშიც უკრაინა დეჰუმანიზირებული ხდება და დასავლეთიც მტერია, დიდი უნიკალურობით არ გამოირჩევა. თუმცა ის მაინც თავის ორიგინალურ „მარგალიტებს“ შეიცავს. ამავე ლოგიკისაა ნავალნის ხსენების აკრძალვა. როგორც მოსაუბრენი ამბობენ, მაგიური მნიშვნელობა მიენიჭა უკრაინის ცნობილი სპიკერისა და ბლოგერის, არესტოვიჩის გვარსაც. რუსული ნოვო-სიტყვაა „ზაჩისტკა“, რაც ადამიანთა პოვნა-განადგურებას ნიშნავს, ისევე, როგორც ცხედრის აღნიშვნა უპიროვნო „დვუხსოტით“. ალექსანდრე მოროზოვის თქმით, სიტყვები მართავენ ადამიანებს, მისი ბედისწერა ხდებიან. ჰასან ჰუსეინოვი ამატებს, რომ მათ გამოყენებაში აირეკლება პატარა ადამიანის შიშიც, რომელსაც რეალობისაგან გაქცევა სურს.


საუბარი ნელ-ნელა და გარდაუვალად ამ ენობრივი პერვერსიის რუსულ-საბჭოურ სპეციფიკურ ფესვებზე გადადის. სერგეი კითხულობს, საბჭოთა ფენომენია თუ არა ყოველივე ეს - საბჭოთა კავშირი ხომ გაბერილი სიტყვების სემიოტიკური რეალობა იყო? ალექსანდრე მოროზოვი პასუხობს, რომ პუტინიზმის ენა საბჭოთა დისკურსის ნამტვრევებს შორის დაცურავს და სამი პლასტისაგან შედგება: ერთი მისტიფიკაციაა - სამყაროს ნაციონალურ-ბოლშევიკური აღქმა და დახასიათება. აქაა ბრძოლა და მტრები. მეორე ბრეჟნევისეული სიმულაციაა, თითქოს პუტინი მშვიდობის მხარეს იყოს. მესამე კი წყენის ენაა, რომელიც არ ჰქონდათ კომუნისტებს. აქაა წუწუნი, რომ რუსები არავის უყვარს და ყველა მათ ჩაგვრას ლამობს. ჰასან ჰუსეინოვი ამატებს, რომ საბჭოთა ლექსიკა, დისკურსი მომავალზე იყო მიმართული, პუტინისტურ რუსეთში კი მთავარი რესენტიმენტია, რომელიც ხალხშიც და მმართველ ჩეკისტებშიც განივთებულ დიდ სევდას უკავშირდება. იგი ვლინდება სიტყვიერ საშინელებებსა და მტრების ძიებაში. ანუ ეს ნოვო-ენა კი არა, ნეკრო-ენაა, ასკვნის საუბრის წამყვანი.


ალექსანდრე მოროზოვი ამ აზრობრივ შენობას, რომელიც გადაცემის მსვლელობაში იგება, კიდევ ერთ აგურსა თუ სართულს ამატებს: კომუნიზმი დიდ იდეაზე იდგა, ახლა კი ენა მომავლის არარსებობას ემსახურება. რჩება მხოლოდ ქაოსური დღევანდელობა - ბურჟუაზიული ხულიგნების სამყარო, რომელიც რაღაცით ჰგავს მე-20 საუკუნის 20-ანი წლების ნეპ-ის ეპოქას. რუსეთის ელჩი გაეროში და პროპაგანდისტი კისილიოვი კი არ მეტყველებენ, „დუდღუნებენ“. ჰასან ჰასანოვი იტაცებს აზრს და ავსებს ამ ახალ კონტურს: ენის დაბინძურება, ქუჩის ენის გადატანა დიპლომატიაში ანტიკური მითით იხსნება და, მეტაფორულად, ქალღმერთი დემეტრას მსახურის, იამბას მოქმედებით გამოიხატება, რომელმაც პატრონის გასამხიარულებლად კაბის კალთები აიწია. მარია ზახაროვას სტილი კაბის კალთის მიღმიერი „შიგთავსის“ ჩვენებაა. კლოაკური ენა იმისათვის გამოიყენება, რომ ხალხს ელიტამ თავისი „ნაღდი“ ბუნება აჩვენოს - ერთგვარი უბრალოება გაიხადოს პროპაგანდის მეთოდად. სერგეი მედვედევი მხოლოდ ამოიოხრებს, რომ დიპლომატიური ენის დანიშნულება სწორედაც რომ საპირისპირო იყო.


მოსაუბრეთა დასკვნაა, რომ რუსული „ომის ენა“ ადამიანებს აშეშებს, იგი ანესთეზიის ერთგვარი საშუალებაა. მის სრულფასოვან აღწერას თუ კატალოგიზაციას ახალი ზოშჩენკო, ბულგაკოვი თუ ბაბელი სჭირდება. მაგრამ ენა ხომ ადამიანის ფორმირების მექანიზმიცაა და რაა ეს ადამიანი - იგივე „ჰომოსოვიეტიკუსი“ თუ ახალი „ჰომო პუტინუსი“ - კითხულობს ისევ სერგეი. - ალბათ ეს ახალი ადამიანიცაა, თუმცა არ მინდა მთელი თაობის პუტინის სახელით განსაზღვრა - პასუხობს ჰასან ჰუსეინოვი.


ასე და ამგვარად, ამ ესეისტური ქარგით, რომელსაც სერიოზულ კვლევამდე ბევრი უკლია, მაგრამ მკვლევართა მიერაა გამოთქმული, რუსული „ომის ენა“ არის მტრობა, წუწუნი და უზრდელობა. ამას ემატება ტრაგიკული, ანტიჰუმანური მოვლენებისათვის ახალი სემიოტიკის ფორმირება და ამით რეალობის გადღაბნა. რეალობა აშინებს პუტინსაც და მის მხარდამჭერ საზოგადოებასაც. ამიტომ, იგი უნდა გადასხვაფერდეს, წაიშალოს და არა გამოსწორდეს/შეიცვალოს. ყველაფერს აგვირგვინებს აკრძალული სიტყვები ომიდან ნავალნიმდე. ასეთი ენა შესაბამის ადამიანებს ქმნის. საპირწონედ კი ახალ ფორმებს იძენს ეზოპეს სტილი, რომელსაც ოპოზიციურად განწყობილნი იყენებენ. ასეთი გაორება სულ იყო რუსული კულტურისათვის დამახასიათებელი. ეზოპეობა თუ ეზოპიზმი შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს, რადგან იგი ქმედებისათვის საჭირო ენერგიას შთანთქავს. სურათი, რომელიც ამ პატივცემულმა ადამიანებმა დახატეს, არაფრითაა ოპტიმისტური. უკვე მერამდენედ, რუსეთი რჩება თავისუფლების გარეშე, რაც ენის უზურპაციაშიც გამოიხატება. ოპონენტებს, პოლიტიკური ასპარეზის ნაცვლად, ეძლევათ ისევ „სამზარეულოში“ ჩურჩულის ან ინტერნეტ სივრცეში გულის მოოხების უფლება. ოღონდ ესეც ემიგრაციის შემთხვევაშია უსაფრთხო, რადგან უკრაინაში განხორციელებული აგრესიისათვის ომის დარქმევის გამო ერთ კონკრეტულ რუს მუნიციპალურ დეპუტატს უკვე მიესაჯა 7 წელი.


 

[1] Katzenstein, Peter J, (editor), 1996, The Culture of National Security: Norms and Identity in World Politics, Columbia University Press, NY

bottom of page