ქაოსი რუსულად

Image-empty-state.png

გიორგი კაციაშვილი | ბლოგ-პოსტი | 3 დეკემბერი, 2021

AvaBitter

18 ნოემბერს ვლადიმერ პუტინი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა და განაცხადა, რომ „დასავლეთში წარმოიქმნა „დაძაბულობა“ რუსეთის ქცევის გამო, ხოლო რუსეთის მიზანი უნდა იყოს ამ მდგომარეობის რაც შეიძლება დიდი ხნით შენარჩუნება“. როგორც ისტორიკოსი სერგეი მედვედევი თავის ბლოგშიБрат Хаос” აღნიშნავს, პუტინის აღსარებაში შეიძლება უფრო მეტი ამოვიკითხოთ რუსულ საგარეო პოლიტიკაზე, ვიდრე ამას თავად ისურვებდა, კერძოდ დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის შექმნის პოლიტიკაზე, როგორც კრემლის მთავარ ინსტრუმენტზე საერთაშორისო ურთიერთობებში. ვლადიმერ პუტინი ბევრი რამითაა ცნობილი, მათ შორის იმითაც, რომ კარგად შეუძლია სიმართლის შენიღბვა, საკითხის იმდაგვარად შეტრიალება, რომ ბრალდებულიდან ბრალმდებლად გადაიქცეს. ვისაც მისი ერთი ინტერვიუ მაინც აქვს მოსმენილი, კარგად მიმიხვდება რაზე ვსაუბრობ, მაგრამ ისიც ადამიანია და აღსარების შინაგანი მოთხოვნილება მასაც შეიძლება მოეძალოს. სავარაუდოდ, ერთ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.


რამდენიმე დღის შემდეგ პუტინის იგივე აზრი ფილოსოფიურად განავითარა ვლადისლავ სურკოვმა (ბოლო თანამდებობა პრეზიდენტის მრჩეველი აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და უკრაინის საკითხებში, კრემლის ერთ-ერთი იდეოლოგი), რომელმაც სტატიაში «Куда делся хаос: распаковка нестабильности» განაცხადა, რომ რუსეთი უნდა გახდეს „ქაოსის ექსპორტიორი“ უცხოეთში, რომ კარგი იქნებოდა თუ ქვეყანაში დაგროვებულ უარყოფით ენერგიას სხვა ქვეყნებში გაიტანდნენ უტილიზაციისთვის. ამ აზრში მნიშვნელოვანი ისაა, რომ უცხოეთს, და ამ სიტყვაში, ალბათ, პირველ რიგში, რუსეთის ახლო სამეზობლო მოიაზრება, „რუსეთის სანაგვის“ ონტოლოგიური სტატუსი ენიჭება; მართლაც რა ამაზრზენი შედარებაა. მოდით, უფრო ჩავუღრმავდეთ სურკოვის ამ ფილოსოფიურ წერილს და ვცადოთ, გავიგოთ, რა სიურპრიზებს შეიძლება ველოდოთ ახლო მომავალში რუსეთისგან.


ტექსტი იწყება ჰეგელის ციტირებით „არცერთი სისტემა არ შეიცავს თავის თავში ჭეშმარიტების მტკიცებულებას, უფრო მეტიც, ყველა სისტემა შეიცავს თვითუარყოფის იმპულსს, რომელსაც თუ ასპარეზი მიეცა შეასრულებს თავის საქმეს“. შემდეგ ფიზიკიდან მოაქვს თერმოდინამიკის მეორე კანონი, რომელიც ამბობს „ენტროპია ჩაკეტილ სისტემაში იზრდება“. მივეხმარები ბატონ სურკოვს და ქრისტეს ერთ გამონათქვამსაც დავამატებ „ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება; და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ვერ გაძლებს. თუ სატანა სდევნის სატანას, თავისსავე წინააღმდეგ გაყოფილა იგი და როგორღა გაძლებს მისი სამეფო?”


რა თქმა უნდა, საზოგადოებას, როგორც სისტემას ახასიათებს ენტროპია, მაგრამ აქ ერთი საკვანძო სიტყვაა - „ჩაკეტილი“. მეჩვენება, რომ პრობლემა თითიდან გამოწოვილია, რადგან ცივილიზებულმა სამყარომ დიდი ხანია მოიფიქრა ამ პრობლემის წამალი - გახსნილობა. ღია საზოგადოებებში ორთქლი არ გროვდება, რადგან არსებობს მისი გამოშვების არაერთი საშუალება დაწყებული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატიდან დამთავრებული კაპიტალის თავისუფალი მოძრაობითა და გლობალიზაციით. ამ შემთხვევაში, სისტემად შეიძლება განხილულ იქნეს კაცობრიობა, როგორც მთლიანობა. ოღონდ ამაზე სხვა დროს. ზემოთქმულიდან უნდა დავასკვნათ, რომ ბატონი სურკოვი რუსეთის მომავალს ჩაკეტილ სისტემად ხედავს, რომლისთვისაც ცივილიზაციის მიერ მოგონილი ანტიდოტი ვერ იმუშავებს. შესაბამისად, საჭირო ხდება ძველი და კარგად ნაცადი იმპერიული მოდელის გამოყენება.


სისტემის გახსნასთან დაკავშირებით ბატონი სურკოვი ამბობს, რომ ეს ძალიან სარისკოა, მითუმეტეს რუსეთისთვის არატრადიციული და ამატებს, რომ ერთხელ ამგვარმა სტრატეგიამქვეყანა ლამის განადგურებამდე მიიყვანა. საუბარია 90-იან წლებზე და საბჭოთა კავშირის დაშლაზე. მაშ, თუ გახსნა არა, სხვა რა? და რას წარმოადგენს იმპერიული მოდელი? ესაა ქაოსის ექსპორტი საკუთარ საზღვრებს გარეთ გამოხატული ფორმულაში „დაყავი და იბატონე!“ თუ მოახდენ ტერიტორიულ ექსპანსიას, მაშინ დაგროვებული ორთქლი საკუთარი საზოგადოების მაგივრად სხვას დაწვავს ხელს. შესაბამისად, ტერიტორიული ექსპანსია სოციალური სანიტარიის ფუნქციად და ფიზიკის კანონად ცხადდება.


ბატონ სურკოვს ამჟამად სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია და ეტყობა, თავისუფლად აღმოთქვამს თავის გულის ნადებს, ხოლო პუტინი მაინც იცავს ეტიკეტის ნორმებს. მხოლოდ ამ გამოსვლაში მან არაერთხელ ახსენა მსოფლიო მშვიდობის საქმეში რუსეთის წვლილი - დაწყებული ყარაბაღის კონფლიქტიდან, დამთავრებული ავღანეთით. აბა, პირდაპირ ხომ არ იტყვის, ჩვენ რომ კარგად ვიყოთ, თქვენ ცუდად უნდა იყოთო?!


ამ განაცხადში შესაძლებელია ამოვიკითხოთ სტრატეგიული სისუსტეც - როგორც სერგეი მედვედევი აღნიშნავს - არ შეგიძლია რა, უზრუნველყო მსოფლიო რაიმე პოზიტივით, შეგიძლია სპეციალიზირდე ნეგატივზე, უცხოეთში დესტაბილიზაციის ზრდაზე და ამ გზით განაცხადო საკუთარ თავზე, აწიო შენი გლობალური სტატუსი და დააშინო მოწინააღმდეგეები. 2021 წელს რომ არა არმია, არა დიპლომატია, არა ეკონომიკა, არა მეცნიერება თუ სოციალური მოდელი, არამედ დესტაბილიზაცია, გაურკვევლობა და ქაოსი გახდა ბირთვული სახელმწიფოს მთავარი კოზირი, რაც, მგონი, ბევრ რამეზე მიანიშნებს.


სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, სანაგვის როლს მშვენივრად ირგებს საქართველო, თან ისე, რომ ორჯერ თქმაც არ სჭირდება. ისევ სერგეი მედვედევის ბლოგს რომ დავესესხო, იგივე ემუქრება რუსეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ „ფრონტზე“ არსებულ ყველა ქვეყანას - ვინც ნებით არ დაწვება, მას ანტისანიტარიით მოახრჩობს. ვერაფერს იტყვი,მშვენიერი გეგმაა და რაც მთავარია - იაფი. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ყირიმი, დონბასი, დნესტრისპირეთი, ყარაბაღი და ახლა უკვე ბელორუსი, სადაც ტერორისტული რეჟიმი ცდილობს შანტაჟის გზით აიძულოს დასავლეთი მისთვის სასარგებლო პირობებზე დაითანხმოს. ლუკაშენკო ნამდვილ მასტერკლასს უტარებს კრემლის ლიდერებს, თუ როგორ შეიძლება თავზე ხელის აღება, იმის კადრება, რაც ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი იყო.


გლობალური სურათის გათვალისწინებით დღეს უკვე შეუძლებელია ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ ქართული ოცნება ნამდვილად რუსეთის პროექტია. ივანიშვილის რეჟიმი იმდენად ორგანულად ეწერება ამ პარადიგმაში, რომ, ფაქტობრივად, ასრულებს ფრონტის ხაზს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ამას ემატება პუტინის დუმილიც (მას აღნიშნულ სხდომაზე სიტყვა არ დასცდენია საქართველოს შესახებ), რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა, საქმე წინ მიდის.


მსოფლიო ქაოსის შექმნაში მონაწილეობას იღებენ „სახალხო არტისტები“ დაწყებული საწამლავიანი სპეცაგენტებით დამთავრებული ჰაკერებითა და Russia Today-ს პროპაგანდისტებით, ყველას ერთი დიადი მიზანი ამოძრავებს საკუთარი ნაგვის სხვაგან გატანა. ცოტა ხნის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე კოსმოსში მოახერხა ქაოსის შექმნა - კოსმოსური იარაღის გამოცდისას გაანადგურეს ძველი საბჭოთა თანამგზავრი, რომლის 1500-მდე ნამსხვრევი უკონტროლოდ უვლის გარს დედამიწას და საფრთხეს უქმნის სხვა თანამგზავრებს, მათ შორის, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს, საიდანაც უკვე დაიგეგმა პერსონალის ევაკუაცია.


მსოფლიო ხალხთა მითებში ქაოსი ხშირად გველის სახითა წარმოდგენილი, რომელიც თავის კუდს კბენს. თუ ეს ხალხური ჭეშმარიტება სიმართლეა და ქარის მთესველი ქარიშხალს იმკის, მაშინ უნდა ველოდოთ თუ არა რომ რუსეთის საზღვრებთან არსებული დესტაბილიზაცია შიდა რუსულ კრიზისში გადაიზრდება? პატარა ქვეყნის შემთხვევაში შეიძლება ასეც ყოფილიყო, მაგრამ რუსეთი ზედმეტად დიდი და ტლანქია ამგვარი პროგნოზისთვის. ეკონომიკური სანქციები რომ ქმედითი ყოფილიყო, აქამდე აიძულებდა პუტინს იმ რისკებზე არ წასულიყო, რაზეც უკვე წავიდა. თუნდაც, უკრაინასთან მიმართებაში. ფაქტია, რომ საერთაშორისო ურთიერთობები სულ უფრო ემსგავსება ჰობსისეულ „ბუნებით მდგომარეობას“ და ამას მულტიპოლარული წესრიგის სახელით მოიხსენიებენ. გაეროს დასუსტების ფონზე რუსეთის დარი ბოროტი მოთამაშეები სულ უფრო მეტის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს და როგორც ჩანს, გასდით კიდეც.