top of page

„რაშიზმი“ ორი მარკის თვალთახედვით

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 16 ივლისი, 2022

სიმბოლო Z ოლეგ ტაბაკოვის თეატრის ფასადზე.

კოლუმბიის უნივერსიტეტის ლიტერატურათმცოდნე მარკ ლიპოვეცკი და ერთ-ერთი წამყვანი რუსულენოვანი იუთუბ-არხის უცვლელი მასპინძელი მარკ ფეიგინი (ფეიგინისა და არესტოვიჩის დუეტი ნახევარმილიონიან აუდიტორიას კრებს რეგულარულად) საუბრობენ იმაზე, რაც მსოფლიოსთვისაა აქტუალური, ჩვენთვის კი - მით უმეტეს. რაა „რაშიზმი“ - იდეოლოგია? რისგან შედგება იგი? როგორ ეწერება თანამედროვე ეპოქაში და საით მიდის? ვფიქრობ, ამ თემაზე, ოპოზიციურად განწყობილ რუსთა თუ რუს-ებრაელთა მოსმენა ერთ რამედა ღირს. მარკ ფეიგინი არაა ოდესელი, მაგრამ მის პოზიციაში თუ ლექსიკაში მე ამ შავიზღვისპირულ-კოსმოპოლიტური ქალაქის სურნელს ვგრძნობ. სვერდლოვსკ/ეკატერინბურგში, რუსი ებრაელი ლიტერატორის ოჯახში დაბადებული და ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის წამყვან მკვლევარად ქცეული მარკ ლიპოვეცკი კი შეგიძლიათ დაგუგლოთ: მისი კრედოა, რომ რუსულ ლიტერატურაში სოცრეალიზმი პოსტ-მოდერნიზმმა ჩაანაცვლა.


ლიპოვეცკის შეფასებების გარეშე ძნელი წარმოსადგენია სრულფასოვანი თანამედროვე სიტყვა რუსულ კულტურაზე. მით უფრო საინტერესოა, რომ იგი აღშფოთებას არ მალავს თავისი კვლევის ერთ-ერთი მთავარი ობიექტის, პოპულარული რუსი რომანისტის ვიქტორ პელევინის მიმართ, რომელსაც ცუდად უხუმრია უკრაინელებზე რომელიღაც რომანში. რუსული პოსტ-მოდერნიზმი ცინიზმთანაც არის წილნაყარი. იგი ყველაზე და ყველაფერზე ხუმრობს. მაგრამ, ამ ორი მოსაუბრესათვის დღეს უკრაინასა თუ უკრაინელებზე შაყირი, როგორც რუსული სლენგით ითქმის, არის „Западло“, ანუ გარეწრობაა. აკი ამთავრებს კიდეც საუბარს ლიპოვეცკი მთავარი შეგონებით: რუსეთის განკურნება „რაშიზმისაგან“ უკრაინელთა თავდადებაზეა დამოკიდებული, ამიტომ, მსოფლიოში მიმოფანტული მემარცხენე ინტელექტუალები, ვისაც უკრაინა აშშ-ის მარიონეტად მიაჩნიათ, ღრმად ცდებიან. დღეს უკრაინელი არის თავისუფლებისათვის მებრძოლის ხატ-სახე.


ასეთია ორი მარკის, ევროპასა და აზიას შორის ფესვგადგმული მეტად კოლორიტული ცივილიზაციის წარმომადგენლის რწმენა და შეფასება. ამ ცივილიზაციაში, „რეჩ პოსპოლიტას“ ფარგლებშიც და შემდგომშიც, უზარმაზარი ნაკადი შეიტანა აშკენაზი ებრაელობამ. ტიმოთი სნაიდერის მიერ „სისხლიან მიწებად“ მონათლული ეს არეალი - პოლონეთიდან დასავლეთ რუსეთის ჩათვლით - ევროპის ებრაელობის ცენტრიც იყო და ჰოლოკოსტის საშინელი კალოც. მათ ერჩოდა ჰიტლერიც და სტალინიც. მათ მოუწიათ ეგემნათ ყველანაირი ნაციონალიზმის სუსხი და, ბოლოს, უდიდესი წვლილი შეეტანათ საკუთარი ეროვნული აღორძინების მთავარი პროდუქტის - ისრაელის - შექმნაში. დღეს, იმავე ადგილზე, აშქენაზის წარმომადგენლები ცოტანი-ღა არიან. თუმცა, არიან და, პირველ რიგში, უკრაინაში. ეგებ ესეც უღვიძებს სიყვარულს აქ განსახილველად შემოთავაზებულ ორ რუს ებრაელსაც, რომლებმაც „რაშიზმისაგან“ თავი უცხოეთს შეაფარეს და იქიდან იუწყებიან თავიანთ ღირებულ სიტყვას. . .


თუმცა, საუბარმა რომ არ გამიტყუოს. შესავლად დავამატებ მხოლოდ იმას, რომ ტერმინ „რაშიზმს“ სწორედ ტიმ სნაიდერმა შეჰმატა პოპულარობა და ეს ტერმინი თანამედროვე ოფიციალური რუსეთის პროფილის აღმნიშვნელად იქცა. მარკ ფეიგინისათვის „რაშზმი“ იდეოლოგიაა, რომლის დეკონსტრუქციასაც ლიპოვეცკის სთხოვს. თავადაც ეხმარება. ახლა კი რამდენიმე თეზისი „რაშიზმზე“ ანუ კრემლის მიერ განვრცობილ სულისშემხუთველ ინტელექტუალურ პროდუქტზე, როგორადაც იგი მოსაუბრეებს ესმით. ბუნებრივია, იქნება ჩვენი დასკვნაც.


ფეიგინის აზრით, „რაშიზმი“, როგორც საკუთარი ეთიკის და ესთეტიკის მქონე არათავისუფლების აპოლოგია, თითქმის იდეოლოგიის დონეზეა. ლიპოვეცკისათვის იგი კულტურული ფენომენია, რომლის გენეზისი და სტრუქტურა შემდეგია: ყოველივე იწყება „მსოფლიო წესრიგის“ დაცვის სურვილით, რომელსაც, მავანთა აზრით, პოსტმოდერნიზმი თავისი მულტიკულტურალიზმით ემუქრება. ანუ, რუსეთის ელიტა ეწერება რასიზმის, ჰომოფობიის, სექსიზმის დამცველთა რიგებში და ცდილობს „ნაციონალისტთა კომინტერნის“ შექმნას. ხოლო „რაშიზმმა“ ამ ტრადიციონალიზმს აგრესიული იმპერიალიზმი დაამატა. ეს უკვე უშუალოდ რუსული შტრიხია, რომელიც სამი ფაქტორითაა განპირობებული: 1) პუტინმა დაამკვიდრა „Победобесие“ ანუ 1941-1945 წწ. „სამამულო ომის“ კულტი. იგი საბოლოოდ 2005 წლიდან ჩამოყალიბდა და რუსისაგან ყველაზე მეტად მსხვერპლისა და ყველაზე მეტად გმირის იმიჯს ქმნის; 2) 90-იანი წლებში ჩაისახა საბჭოთა ნოსტალგიის ინდუსტრია, რომელიც თანდათან იმპერიულ პროექტად იქცა. მის ფარგლებში, თანამედროვე ხელოვნების მექანიზმთა გამოყენებით, ამკვიდრებენ აზრს, რომ სსრკ მშვენიერი იყო, ოღონდ საჭიროა, რომ მას კომუნისტური იდეოლოგია და ეკონომიკა მოვაკლოთ. ანუ იქმნება უტოპიის ახალი სახება; 3) „რაშიზმში“ გადამწყვეტი ცინიზმის კულტურაა: „სამყაროში ყველა ქურდობს და ძალადობს. ჩვენ, რუსები, რა, წითელი კოჭები ვართ?! მით უმეტეს, ჩვენ გვეკუთვნის“.


ლიპოვეცკის აზრით, „რაშიზმი“ 2012 წლიდან საბოლოოდ გამოიკვეთა და დომინანტურ ინტელექტუალურ ტრენდად რევოლუციის შიშით იქცა. მას მხარს უჭერდა და უჭერს „მაღალი კულტურა“. ამასთან დაკავშირებით მარკი ფეიგინი იხსენებს რეჟისორი ბალაბანოვის საკულტო ფილმის „ძმა 2“-ის რევანშისტულ ესთეტიკას. ამბობენ, ბოლოს ბალაბანოვი განიცდიდა ამ ფილმის რეზონანსს. ლიპოვეცკი ამატებს, რომ კრიტიკოსებისაგან ზოგიერთი იცავდა ფილმს - რას ერჩით, ბალაბანოვი ირონიზირებდა რიგითი რუსის რესენტიმენტზეო. მაგრამ ეს იმდაგვარი „ირონიზირებაა“, რომელიც დროშად იქცა და რასისტული, სექსისტური, თუ რევანშისტული კოდები შექმნა.


მოსაუბრეთა აზრით, „რაშიზმის“კიდევ ერთი ინგრედიენტი ოკულტიზმია. ეზოთერიკით გატაცება გასული საუკუნის 70-იანი წლების ანდერგრაუნდიდან მოდის. ერის ოკულტურმა აღქმამ პელევინზეც მოახდინა გავლენა. მას ქადაგებს კოვალჩუკის კუთვნილი Рен ТВ, იგი პოპულარულია ლუბიანკაზე, ანუ სპეცსამსახურების შტაბ-ბინაში, სადაც „მკვდარი წყლის“ ვერსიით არიან გატაცებულნი.[1] ოკულტური ლიტერატურითაა სავსე წიგნების მაღაზიებში. ლიპოვეცკის თქმით, ეს გატაცება, თავისთავად,მოდერნიზმის ერთგვარი პროდუქტია და არა არქაიზმში დაბრუნება. რახან რუსები არ ეყრდნობიან რაციონალურს, მათ სჭირდებათ სამყაროს ირაციონალური ახსნა.


ამასთან, „რაშიზმი“ ცინიკურია და წინააღმდეგობრივი: პოსტმოდერნული ირონია, ათვისებული ღრმად ანტიმოდერნისტული კულტურის ფარგლებში. საბოლოო ჯამში, ერთი მარკი (ლიპოვეცკი) არ ეთანხმება მეორე მარკს (ფეიგინს), რომ ეს იდეოლოგიაა თუ დიდი იდეა: „რაშიზმი“ ტოტალიტარიზმიც არაა - როგორ უნდა აშენო დასავლეთის მაგვარი ქვეყანა (აქ ლიპოვეცკი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს რუსეთში დასავლეთის შენებაში - ალბათ ტექნოლოგიებს) ანტიდასავლურ-ტრადიციონალისტური იდეებით?! თუმცა, პირველი მარკი შიშობს, რომ ეს ცინიკური ირაციონალიზმი და წინააღმდეგობრიობა შეიძლება გაგრძელდეს. თუ მოხდა კათარზისი, მოხდება მაშინ, როდესაც მიმდინარე ომს ყველა რუსი თავის თავზე იგრძნობს: მათი ბედი უკრაინელთა ხელშია.


ანუ, თუ ფეიგინ/ლიპოვეცკის დისკურსსა და წარმოდგენილ ნარატივს მივიღებთ, რაშიზმი როგორც გარე სამყაროს, ისე საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ეკლექტური და აგრესიული იდეების/მეთოდების ნაზავია. იგი თან წინაპართა გაღმერთებას გვთავაზობს, თან ეზოთერულობასა და ოკულტიზმს, თან კიდევ ცინიზმს, რომ მართალი არავინაა, ყველა დამნაშავეა და, საერთოდ, დანაშაული მოსულა - „გვეკუთვნის“. ეს ჰგავს ორუელის დისტოპიასაც („ომი მშვიდობაა“ და ა.შ.), ჰგავს ფაშიზმსაც, რომელიც მემარჯვენე-მემარცხენე იდეების აღრევა და ძალადობის განდიდებაზე დამყნობაა. ამასთან, რაშიზმი მომხვეჭელია - ფულის, სიმდიდრის კულტია მასში, რასაც, სტანდარტული ფორმით, ვერ თუ არ ასხივებდნენ არც სტალინი და არც ჰიტლერი.


სიმდიდრისა და ძალადობის კულტს, რაც ჯვრისა და შავი მაგიის ერთობლიობით სხივოსნდება, განასახიერებს თავად პუტინი, მისი ცხოვრების სტილი და ესთეტიკა-ეთიკა. ესაა „კოოპერატივი ოზეროს“ მაფიის არსი. მთლიანობაში ესაა სიშლეგე, რომელიც მსოფლიოს ემუქრება მოწამვლით, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი წალეკვით. ყოველივეს ასაზრდოებს შური, მუდმივი შური, რესენტიმენტი დასავლეთის მიმართ, რომელიც, პუტინის გადმოსახედიდან, არ ცნობს ამ „აღზევებულ მდაბიოებს“ სწორედ იმიტომ, რომ მათ მაინც „მდაბიოებად“ აღიქვამს. უბრალო რუსებზე ეს რესენტიმენტი მოქმედებს. თან მათ ბავშვობიდან ჩაუნერგეს, რომ „სამშობლო“ და „ძერჟავა“ ერთი და იგივეა. იგი არა კანონი და უფლება-მოვალეობების ცივილიზებული ბალანსია, არამედ მოლოხი - ხორცის საკეპი მანქანა. ნიშანდობლივია უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცის დედის რეპლიკა უკრაინელ სამხედროს, რომელმაც დედა-შვილი ტელეფონით დააკავშირა, მერე კი საუბარში ჩაერთო:


- რას უშვებდი შვილს აქეთ, კითხულობს უკრაინელი,

- სამშობლომ გამოუშვა, პასუხობს დედა.


რუსი ჯარისკაცის დედას ვერ წარმოუდგენია, რომ თუ ეს ყბადაღებული „სამშობლო“ მის შვილს დანაშაულზე უშვებს, არ უნდა გააყოლოს.


თავად ეს საუბარი, ანუ რუსული კვაზიიდეოლოგიის დეკონსტრუქცია აჩვენებს, რომ რაშიზმი არაა უკვდავი - მას საკმაოდ ეფექტიანად დასცინიან თავად რუსები/რუსი ებრაელები. თან იგი არაბუნებრივია, რადგან მოკლებულია რაციონალიზმსაც და მორალურობა/ემპათიურობასაც. შესაბამისად, მისი მიმართულება რუსული გემის გეზს ემთხვევა, საით სვლასაც უკრაინა მხოლოდ აჩქარებს.


 

[1] „მკვდარი წყალი“ რუსულ ზღაპრებსა თუ მითებში არსებული პროდუქტია, რომელსაც დაჭრილი გმირის მოკვდინებისათვის იყენებენ, რის შემდეგაც „ცოცხალი წყლით“ აცოცხლებენ მას. სად იპოვეს ეფესბეს აგენტებმა „მკვდარი წყალი“ ნუ მკითხავთ 

bottom of page