top of page

რა სჭირს ევროპას?

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 3 ივნისი, 2022

უკრაინული ტელეპროექტის Freedom 31 მაისის გადაცემის იუთუბ ლინკზე თუ გადახვალთ და დაახლოებით დილის ცხრა საათზე დააყენებთ, მოუსმენთ წამყვანის, გრიგორი გერმანის საუბარს სტოკჰოლმის აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ცენტრის ანალიტიკოსთან, ანდრეას უმლანდთან. მე მგონია, რომ უმლანდი კარგად ხსნის, რა სჭირს ევროპულ საზოგადოებას, მთლიანად, და მის ბიზნეს-პოლიტიკურ ელიტას, კონკრეტულად, უკრაინის ტრაგედიასთან მიმართებაში: როგორ რეფლექსირებს ევროპული ცივილიზაცია რუსულ სამხედრო აგრესიაზე.


პრობლემა ცალსახაა: ევროპელებმა - ემანუელ მაკრონით დაწყებული და მარიო დრაგით დამთავრებული - არაერთხელ განაცხადეს, რომ პუტინის ქმედებები მთელ ევროპას უქმნის საფრთხეს, რომ უკრაინის გვერდზე დგანან და იდგებიან და ეს გადაითარგმნება უპრეცედენტო დახმარებაში. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდის, დახმარების რეალური მოცულობა იმედგაცრუებას შობს. უკრაინისათვის შეიარაღებული დახმარების გაწევა ყველაზე მეტად ევროპელებს, განსაკუთრებით კი მის ფრანგულ-გერმანულ ბირთვსა და იქვე მყოფ იტალიას უჭირს. არა და უკრაინულ არმიას, ესე იგი კი ერს, ახლა სწორედ ეს სჭირდება. რუსეთის არა მხოლოდ შეჩერება, არამედ უკრაინის მიწიდან მისი არმიების განდევნა მხოლოდ ორი რამითაა შესაძლებელი: 1. ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან აქამდე უკრაინისათვის მიწოდებულზე ბევრად მეტი ჰაუბიცით, ტანკით, რაკეტით; 2. რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმით. მაგრამ სათანადო გადაწყვეტილებები და ნაბიჯები იგვიანებს. ამერიკა შემთხვევით არ ვახსენე - ევროპელების მერყეობის ვირუსი ვაშინგტონშიც იჩენს ხოლმე თავს. საბედნიეროდ, ვირუსი ამერიკაში უფრო სუსტია, მაგრამ მაინც ვირუსია.


ახლა კი ამ ფენომენის უმლანდისეული ახსნა: ევროპული საზოგადოებები ცალსახად უკრაინის სოლიდარულები არიან. სხვა თუ არაფერი, მათ საფეთქლებს პერმანენტულად ურტყამს სახელი ბუჩა. ეს ევროპული ცივილიზაციის საკვანძო ნიშან-თვისებაა. სოლიდარობა სუსტთან, მსხვერპლთან, დაჩაგრულთან - დასავლური, ლიბერალური იდეის განუყოფელი ნაწილია. არსად ისე არაა იგი პოლიტიკაზე გავლენის მომხდენი, როგორც ევროპასა და შეერთებულ შტატებში.


მაგრამ სოლიდარობას ყოველთვის ჰქონდა ლიმიტები - ილუზიაა ელოდო, რომ რომელიმე ერთი საზოგადოება მეორისათვის ბოლომდე გაწირავს თავს. თავგანწირვას კიდევ ერთი მოტივი სჭირდება - იმის გაცნობიერება, რომ აგრესიის მსხვერპლი არა მხოლოდ თავისი, არამედ შენი მომავლისათვისაც, შენი ცივილიზაციისათვის იბრძვის. აი, ამის გაგება უჭირდა ხოლმე ევროპას - სხვაგვარად იგი, თავის დროზე, სტალინის რეჟიმის არგახარებისათვისაც იბრძოლებდა თავდაუზოგავად და ჰიტლერთან მიუნხენის გარიგებასაც არ ექნებოდა ადგილი.


აღმოსავლეთ ევროპაში ეს უკეთ ესმით. მათთვის პუტინი სტალინიცაა და ჰიტლერიც. მათ ყველაფერი ძალიან კარგად აქვთ განცდილი საკუთარ თავზე და როგორც შეუძლიათ ისე ეხმარებიან უკრაინას. ევროპის დანარჩენ ნაწილს, ანუ მის ბირთვს კი მეტი შეუძლია, მაგრამ ნაკლები აქვს განცდილ-გასიგრძეგანებული და, შესაბამისად, ორჭოფობს. სწორედ ამას ამბობს უმლანდი: ევროპულ საზოგადოებებს და, ამდენად, ელიტებსაც, ბოლომდე მაინც არ სჯერათ, რომ თუ პუტინს უკრაინა შერჩა, ხვალ არა და ზეგ მათაც მიადგება.


როგორ გინდა, რომ საშუალო სტატისტიკური ფრანგი, გერმანელი, იტალიელი და, სულო ცოდვილო, ეგებ ამერიკელიც, ამაში დაარწმუნო? ან არის კი მართლა ასე? ვაგლახ, რომ არის.


თუ პუტინს დონბასი და ყირიმი მაინც შეარჩინეს და სანქციებს კი არ მოუმატეს, არამედ დაუკლეს, რისი რისკიც ნამდვილად არსებობს, კრემლი ალბათ დიდი ხანი არ გაიწევს არსაით. მაგრამ, დიდი ალბათობით, გადარჩება ევროპულ ეჭვიანობაზე თუ უდარდელობაზე მეტად ძლიერი და საშიში ვირუსი - კრემლის კრიმინალურ-იმპერიალისტური იდეოლოგია. გადარჩება თავად კრემლი. პუტინი, ალბათ, მალე წავა მოუსავლეთში, ასაკშია მაინც. თუმცა შეიძლება დიდხანსაც აცოცხლონ. მაგრამ პუტინები მოდიან და მიდიან, ვითარება კი არ იცვლება. ანუ, ასე იზრდება იმ სისტემის გადარჩენის რისკი, რომელიც ა) საკუთარ ხალხს მონების მდგომარეობაში ამყოფებს; ბ) აქვს დაუცხრომელი პრეტენზიები ყველა ევროპელი მეზობლის მიმართ; გ) იყენებს ენერგომატარებლებს შანტაჟის იარაღად; დ) ყიდულობს ევროპაში ელიტის წარმომადგენლებს ან ამრავლებს მათ რიგებში„სასარგებლო იდიოტებს“. მისთვის სულ ერთია - მემარჯვენე რადიკალს გადაეყრება პარიზებში, თუ მემარცხენეს - მთავარია მათი გულწრფელი ანტი-ისტებლიშმენტური ენერგია თავის ანტილიბერალურ, იმპერიალისტურ პროექტს მოარგოს. ეს სისტემა კვლავაც იქნება მუდმივი მოკავშირე და წამახალისებელი მთელი მსოფლიოს ავტორიტარებისა.


სწორედ ამაშია საფრთხე ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების ელიტებისათვის, საშუალო სტატისტიკური მოქალაქეებისათვის, მთელი სოციალური ფაბრიკისა და ღირებულებებისათვის. კი, იგი ალბათ არაა მყისიერი: ევროპელი ლიდერების შვილები, დიდი ალბათობით, მშვიდობაში იცხოვრებენ, თუ მათი მშობლები უკრაინას მიატოვებენ და კრემლთან რაიმენაირ თანამშრომლობას დაუბრუნდებიან. ლავროვის სახეზე შეშლილ გამომეტყველებას ისევ დიპლომატიური ღიმილი შეცვლის. მის უკან მდგომი ეფესბეს რომელიმე გენერალი, კანონიერი ქურდი თუ გონებაამღვრეული დუგინი კი არც გამოჩნდება. ანდა ვინმე სხვა „ლავროვი“ მოვა. მაგრამ აუცილებლად, გარდაუვალად გასივდება ანტი-ლიბერალური ვირუსი არა მხოლოდ რუსეთის, ან სხვა ავტორიტარული სახელმწიფოების, არამედ თავად ლიბერალური დასავლეთის წიაღშიც და ევროპის ლიდერების შვილიშვილებს ნამდვილად მოუწევთ მის წინააღმდეგ ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყება. სად იქნება ამ დროს უკრაინა? საქართველოზე აღარც ვკითხულობ.


P.S. მიუნხენის გარიგება, სტალინი თუ საქართველო უმლანდს არ უხსენებია. არაფერი უთქვამს მას არც ევროპელი პოლიტიკოსების ოჯახურ მომავალზეც. მაგრამ, არსებითად, მან თქვა მთავარი - სოლიდარობით გულდათუთქულ ევროპელს მაინც უჭირს უკრაინის ომის არსის გაგება და საკუთარ ომად აღქმა.


bottom of page