რუსეთის ეკონომიკის პერსპექტივები უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და დასავლეთის მიერ დაწესებული უპრეცედენტო სანქციების ფონზე

Image-empty-state.png

გიორგი ბილანიშვილი | ბლოგ-პოსტი | 25 მაისი, 2022

24 თებერვალს მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ძალიან ბევრ რამეზე უკვე მოახდინა უარყოფითი გავლენა როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიცდღეს თითქმის ყველას აწუხებს, გახლავთ ის, თუ როდის და როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთის ომი უკრაინასთან.


დასავლეთის კონსოლიდაცია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად მართლაც უპრეცედენტოა. ამ კონსოლიდაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებია.


საერთაშორისო ეკონომიკის შემსწავლელი პეტერსონის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ხუთ კატეგორიად იყოფა:


  1. პუტინის, მისი გარემოცვის, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების, რეჟიმთან კოლაბორაციაში მყოფი პირების (მაგალითად, რუსი პროპაგანდისტები) და ოლიგარქების ქონებაზე დაწესებული სანქციები;

  2. ფინანსური სანქციები, რომლებიც მოიცავენ რუსეთის სხვადასხვა ბანკებისთვის SWIFT-ის სისტემიდან ჩახსნას და უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას;

  3. მოგზაურობასთან დაკავშირებული სანქციები, მაგალითად, საჰაერო სივრცის ჩაკეტვა რუსეთის ავიაკომპანიებისთვის;

  4. სანქციები, რომლებიც ზღუდავენ რუსეთში ორმაგი - სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების ტექნოლოგიების ექსპორტს;

  5. სანქციები, რომლებიც ზღუდავენ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს, როგორიც არის, მაგალითად, აშშ-ის მიერ გამოცხადებული ემბარგო რუსეთის ნავთობის შესყიდვაზე.


მიუხედავად სანქციების უპრეცედენტო მასშტაბებისა, ის, რომ მათი მეშვეობით შეუძლებელია მყისიერად შეჩერდეს ამა თუ იმ ქვეყნის, მათ შორის, განსაკუთრებით ისეთი ტიპის რეჟიმის აგრესია, როგორიც რუსეთის ფედერაციაშია, იმთავითვე ცნობილი იყო. ისევე როგორც ის, რომ სანქციები გათვლილია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში არსებითი შედეგების გამოღებაზე.


მიუხედავად ამისა, რუსული პროპაგანდა მაინც ცდილობს, რომ სანქციების დაწესება უშედეგოდ და ყოველგვარ აზრს მოკლებულ ნაბიჯად წარმოაჩინოს. უფრო მეტიც, იგი ამტკიცებს, რომ რუსეთზე სანქციების დაწესებამ თავად დასავლეთის ქვეყნებში გამოიწვია სერიოზული პრობლემები. ამ პროპაგანდას საქართველოშიც გააჩნია საკმაოდ სერიოზული დასაყრდენი, მით უმეტეს, რომ მთელ რიგ შემთხვევაში, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეც ისმის ხოლმე განცხადებები საერთაშორისო სანქციების არაეფექტიანობის თაობაზე.


თუმცა, რეალობა სრულიად საპირისპიროა, რასაც ადასტურებს არა მხოლოდ უცხოეთში, არამედ თავად რუსეთში გაკეთებული შეფასებები და პროგნოზები რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობისა და მისი პერსპექტივების თაობაზე, რომელიც სახარბიელოდ ნამდვილად არ გამოიყურება.


ჯერ კიდევ აპრილში გამოქვეყნდა არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზი, რომლის თანახმად რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 10-15% შემცირდება. თავიდან რუსეთის მას-მედია, რომელიც მკაცრად კონტროლდება პუტინის რეჟიმის მიერ, ამის თაობაზე დუმდა. თუმცა, ბოლო ხანებში უკვე მასშიც გაჩნდა ცნობები რუსეთის ეკონომიკის გარდაუვალი დაღმასვლის თაობაზე, მით უმეტეს, რომ თავად რუსეთის სახელმწიფო უწყებებმა გამოაქვეყნეს არადამაიმედებელი პროგნოზები რუსეთის ეკონომიკაზე.


ასე მაგალითად, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პროგნოზის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) 7,8%-ით დაეცემა, ინფლაცია 17,5%-ს მიაღწევს, რუსეთის მოსახლეობის რეალური შემოსავალი 6,8%-ით დაეცემა, ძირითად კაპიტალში ინვესტიციები კი 19,4%-ით შემცირდება.


ასევე ნეგატიურია რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზი, რომლის თანახმად, რუსეთის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები 2022 წლისთვის შემდეგნაირად გამოიყურება: GDP 8-10%-ით დაეცემა, ინფლაცია 18-20%-ს მიაღწევს, ექსპორტი 17-21%-ით შემცირდება, ხოლო იმპორტი კი 32,5-36,5%-ით.


2022 წელს რუსეთის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შემცირების თაობაზე თითქმის იგივე პროგნოზი გააკეთა ევროკომისიამაც, თუმცა მასში არ ყოფილა გათვალისწინებული ევროპის ქვეყნების მიერ რუსეთის ნავთობზე შესაძლო ემბარგოს გამოცხადების უარყოფითი ეფექტი. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი ევროპის ქვეყნებში დღითიდღე სულ უფრო აქტუალური ხდება, რუსეთის ეკონომიკური პერსპექტივა კიდევ უფრო მძიმედ გამოიყურება.


შედარებისთვის, რუსეთის ცენტრალური ბანკის გათვლებით, წლიური ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი მხოლოდ 4% უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება GDP-ის, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსსაპროგნოზო მაჩვენებლის თანახმად, 2022 წელს იგი 3%-ით უნდა გაზრდილიყო, თუმცა ჯერ კიდევ უკრაინაში შეჭრამდე ეს მაჩვენებელი 2,8%-მდე შემცირდა, ახლა კი, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სულაც 7,8%-ით დაცემა არის ნავარაუდევი.


სტატისტიკური მონაცემების თანახმად, GDP-ის ამაზე უფრო მაღალი ვარდნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში სულ ორჯერ დაფიქსირდა. ეს მოხდა 1992 წელს - 14.5% და 1994 წელს - 12,5%. რაც შეეხება პუტინის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდგომ პერიოდს, GDP-ის ყველაზე უფრო მაღალი ვარდნა მოხდა 2009 წელს - 7.8%, რაც მსოფლიო ფინანსური კრიზისით იყო გამოწვეული.


საპროგნოზო მაჩვენებლების მიღმა თუ ვისაუბრებთ უკვე დღეისათვის შექმნილ ვითარებაზე, ამ თვალსაზრისითაც გარკვეული სირთულეები უკვე სახეზეა. აპრილში წლიურმა ინფლაციამ 18%-ს მიაღწია, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, თუ ცალკე გამოვყოფთ საკვებ პროდუქტებზე ინფლაციას, რომლის მიმართაც მოსახლეობა განსაკუთრებით მგრძნობიარეა, იგი კიდევ უფრო მაღალია, რადგან საკვები პროდუქტების ზოგიერთ ჯგუფზე 20%-ს ზოგიერთზე კი სულაც 33%-ს აღწევს. საყურადღებოა ისიც, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ჯერ-ჯერობით მზარდია, რადგან იგი მარტში 16.7%-ს შეადგენდა, ხოლო თებერვალში კი მხოლოდ 9%-ს.


ამ ფონზე, რუსული რუბლი განაგრძობს გამყარებას უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში. ამის განმაპირობებელად რამდენიმე მიზეზი სახელდება. მათ შორის, რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა, რომელმაც საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების მეშვეობით შეაჩერა რუსული რუბლის გაუფასურება. ამასთან, მკვეთრად გაუმჯობესდა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო ბალანსი, რამაც ასევე რუბლის გამყარებას შეუწყო ხელი. ასე მაგალითად, აპრილში ჩინეთის ექსპორტი რუსეთში გასულ წელთან შედარებით მეოთხედზე მეტით შემცირდა, ხოლო რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქცია კი 56%-ით გაიზარდა. გერმანიის შემთხვევაში კი, მარტის მონაცემებით, რუსეთში ექსპორტის ყოველთვიური მაჩვენებელი 62%-ით დაეცა, მაშინ როდესაც იმპორტი რუსეთიდან მხოლოდ 3%-ით. საერთო ჯამში, 8 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან რუსეთის იმპორტი შემცირდა დაახლოებით 44%-ით, ხოლო ექსპორტი კი დაახლოებით 8%-ით გაიზარდა, რამაც, ბუნებრივია, რუსეთის სავაჭრო ბალანსის მკვეთრად გაუმჯობესება გამოიწვია.


სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებისა და ენერგორესურსების ექსპორტიდან მიღებული უდიდესი შემოსავლების მიუხედავად, რაც რუსეთს უკრაინაში სამხედრო აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს, წელს, სავარაუდოდ, რუსეთის ბიუჯეტი პროფიციტურის ნაცვლად დეფიციტური იქნება. კერძოდ, ბიუჯეტის თაობაზე კანონის თანახმად, წელს რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის პროფიციტი 1 ტრლნ 327,7 მლრდ რუსულ რუბლი უნდა ყოფილიყო (რუსეთის GDP-ის 1%). თუმცა, ბოლო ხანებში განახლებული პროგნოზის თანახმად, რუსეთის 2022 წლის ბიუჯეტი დეფიციტური იქნება, რისი რაოდენობაც 2-2,5%ს მიაღწევს. დეფიციტის წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის, სამხედრო სფეროში გაზრდილი ხარჯებია.


როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ნავთობისა და გაზის ექსპორტი მართლაც წარმოადგენს რუსეთის ბიუჯეტის შევსების უმთავრეს წყაროს, რაც პუტინის რეჟიმს უკრაინაში სამხედრო აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ჯეროვნად შეფასდეს რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით და რას გეგმავენ დასავლეთის ქვეყნები.


მარტის პირველ დღეებში, როდესაც აშშ-ს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაწესებული სანქციები რუსულ ნავთობზე, ამერიკული კომპანიები უკვე თავს იკავებდნენ მისი შესყიდვისგან. უკვე 8 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუსული ნავთობის, გათხევადებული ბუნებრივი აირისა (LNG) და ქვანახშირის შესყიდვის აკრძალვის თაობაზე.


უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებას, ისევე როგორც უკრაინაში რუსეთს მიერ განხორციელებული აგრესიის შესაჩერებლად მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებს, აშშ-ი ორპარტიული მხარდაჭერა გააჩნია. იმის წარმოსადგენად, თუ დაახლოებით რა რაოდენობის შემოსავალი დაკარგა ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის ბიუჯეტმა, უნდა ითქვას, რომ აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2020 წელს აშშ დაახლოებით 76 000 ბარელ რუსულ ნედლ ნავთობს ყიდულობდა ყოველდღიურად.


აშშ-სგან განსხვავებით, ევროკავშირი კვლავაც რჩება რუსეთის ნავთობისა და გაზის უმსხვილეს მომხმარებლად, რადგან ჯერ კიდევ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება თუ როდის და როგორ უნდა დააწესოს სანქციები რუსეთისგან ბუნებრივი რესურსების იმპორტზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-6 პაკეტში უნდა მოხვდეს. ეს არის საკმაოდ რთული პროცესი, რადგან ევროკავშირის ქვეყნები დიდად არიან დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე. ასე მაგალითად, 2020 წელს ევროკავშირმა ნავთობის მთლიანი იმპორტის 29%, ხოლო გაზის მთლიანი იმპორტის 43% სწორედ რუსეთიდან განახორციელა. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით რუსული ბუნებრივი რესურსების უმსხვილეს მომხმარებლებს, ნავთობის მხრივ პირველ სამ ადგილზე ნიდერლანდები, გერმანია და პოლონეთი არიან, ხოლო გაზის მხრივ კი, გერმანია, იტალია და ნიდერლანდები.


როგორც ზემოთ მოცემული მონაცემებიდან ირკვევა, ევროკავშირის რუსულ გაზზე დამოკიდებულება უფრო მაღალია, ვიდრე ნავთობზე. ამასთან, ტექნიკური თვალსაზრისითაც ნავთობის იმპორტიორის ჩანაცვლება ბევრად უფრო მარტივია სხვა იმპორტიორით/ებით, ვიდრე გაზის იმპორტისა. სწორედ ამიტომ ევროკავშირის ქვეყნები პირველი რიგის ამოცანად სწორედ რუსულ ნავთობზე სანქციების დაწესებას განიხილავენ. რუსულ გაზზე სანქციების დაწესებაც მათ დღის წესრიგშია, უბრალოდ ყველა თანხმდება, რომ მასზე სრულად უარის თქმას ევროკავშირის ქვეყნები უფრო მეტ დროს მოანდომებენ.


ამ ეტაპზე, რუსულ ნავთობზე სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ევროკავშირის შიგნით,სამწუხაროდ, წინააღმდეგობები არსებობს. მთავარი მოწინააღმდეგე, რა თქმა უნდა, პუტინის პარტნიორი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია. ორბანის მთავარი არგუმენტი ის არის, რომ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების გამო ევროკავშირის ქვეყნებიდან უნგრეთი, ჩეხეთთან და სლოვაკეთთან ერთად ყველაზე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ამიტომ უნგრეთი ევროკავშირისგან კომპენსაციის სახით 15-18 მლრდ ევროს ან გამონაკლისის სახით რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შენარჩუნების შესაძლებლობას ითხოვს.


მიუხედავად ევროკავშირის შიგნით არსებული წინააღმდეგობებისა, კრემლში ალბათ უკვე აცნობიერებენ, რომ ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს გამოცხადება უბრალოდ დროის საკითხია. ამას ადასტურებს ის გამოხმაურება, რომელიც ამ თემაზე რუსეთის პოლიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს აქვთ. თავად პუტინიც ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.


ნავთობის სფეროს განვითარების თაობაზე 17 მაისს გამართულ შეხვედრაზე პუტინმა ევროპის მიერ რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმას ეკონომიკური აუტოდაფე უწოდა. მან იქვე აღნიშნა, რომ ამ თემაზე ჯერ კიდევ 14 აპრილს გამართულ შეხვედრაზე სიღრმისეულად მიმოიხილეს ნავთობისა და გაზის სფეროს განვითარების პრიორიტეტებში განსახორციელებელი ცვლილებები.


ეს ცვლილები, ძირითადად, გულისხმობს საკუთარი ენერგორესურსების ექსპორტის რუსეთის გაგებით „მეგობარ ქვეყნებში“ გადამისამართებას, რაც ბუნებრივად აზიის მიმართულებაა. თუმცა, ამ სფეროს ექსპერტების შეფასების თანახმად, ამის განხორციელება რუსეთის ფედერაციას ძალზედ გაუჭირდება.


კერძოდ, რუსეთის მთელი ინფრასტრუქტურა - მილსადენები, რკინიგზა, საზღვაო ტერმინალები, რომლითაც ნავთობისა და გაზის ექსპორტი ხორციელდება, აღმოსავლეთიდან დასავლეთით ენერგორესურსების ტრანსპორტირების შესაძლებლობას იძლევა და არა პირიქით. ამასთან ერთად, მილსადენები, რომლის მეშვეობითაც რუსული ნავთობის აზიის მიმართულებით ექსპორტი ხორციელდება უკვე ბოლომდე დატვირთულია. ტანკერების მეშვეობით დამატებითი ექსპორტის განხორციელება კი სერიოზულ ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ, ტექნიკურ და პოლიტიკურ პრობლემებთან არის დაკავშირებული, რომლის გადაჭრა რუსეთისთვის მარტივი ნამდვილად არ იქნება.


შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული საერთაშორისო სანქციები უშედეგოა, უბრალოდ რუსული პროპაგანდის გამეორებაა. ამ ეტაპზე, რუსეთზე წნეხის გასაძლიერებლად, უდავოდ ყველზე მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნების მიერ რუსულ ნავთობზე და შემდგომში კი გაზზე ემბარგოს გამოცხადება, რაც რთულია, მაგრამ განხორციელებადია.


ამავე დროს, ძალზედ მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთმა ვერ მოახერხოს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა მისი „მოკავშირეების“ მეშვეობით, რაც მნიშვნელოვნად შეასუსტებს მის წინააღმდეგ არსებულ ფინანსურ-ეკონომიკურ წნეხს. უნდა ითქვას, რომ დასავლეთს, განსაკუთრებით კი აშშ-ს, რუსეთის მიერ სანქციების შესაძლო გვერდის ავლის წინააღმდეგ უკვე დაწყებული აქვს მუშაობა და ღიად არის გაცხადებული, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელიც ამაში კრემლს დაეხმარება ე.წ. მეორადი სანქციების ქვეშ აღმოჩნდება.


 

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები და ინფორმაცია ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს რუსეთის კვლევის ცენტრის თვალსაზრისს.