ხდება კიდევ რამე რუსულ საგარეო პოლიტიკაში, რევიზიონიზმისა და ჰიბრიდული ომების ორგანიზების გარდა?

Image-empty-state.png

დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 18 ნოემბერი, 2021

Sergey Kucherov/Getty Images

კი, ხდება. პირველ რიგში, ესაა პრესტიჟზე, საკუთარი მნიშვნელობის მსოფლიოსათვის მტკიცებაზე ზრუნვა. საამისო ბერკეტები სხვადასხვაა და, მეტ-ნაკლებად, ჭრის. გარდა მრავალმილიარდიანი შემოსავლებისა, ნავთობ-გაზის საექსპორტო/სატრანსპორტო პროექტები ამ მიზანსაც ემსახურება. კრემლი იყენებს რუსეთის ტერიტორიულ სიდიდეს და ენერგეტიკულ შესაძლებლობებს, რათა საკუთარი ხმა და ინტერესი საერთაშორისო ასპარეზზე დაამკვიდროს. ამ მიზნის მიღწევაში, მიუხედავად უამრავი უსაფრთხოებითი პრობლემის შექმნისა თუ, სწორედაც რომ ამ პრობლემათა წყალობითაც, პუტინის ხელისუფლება არც ისე წარუმატებელია. საამისოდ მას რიგი საერთაშორისო ფორმატები ეხმარება. გასაგებია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობა ამ მხრივ მთავარია. მაგრამ ეს არ კმარა დიპლომატიური პრესტიჟისათვის: გაეროში ნებისმიერი სახელმწიფოა - საერთაშორისო არენაზე მისი ქცევის მიუხედავად. შესაბამისად, რუსეთს სჭირდება ისეთი ფორმატები, ფორუმები თუ რეჟიმები, რომლის ფარგლებშიც ერთგვარი ცივილიზებულობის ნიღაბს მოირგებს თუ როლს გაითამაშებს. ასეთია COP - კლიმატის ცვლილების გაეროს ჩარჩო კონვენციის მონაწილეთა ყოველწლიური კონფერენცია. წელს „COP 26“ (ინიციატივა 26 წლისაა) გლაზგოში ჩატარდა. აქ დასავლურმა სამყარომ კიდევ ერთხელ სცადა, განავრცოს მსოფლიოზე „მწვანე ეკონომიკის“ პრინციპები.


ეკონომიკის სტრუქტურითა თუ გაბატონებული მსოფლმხედველობით, რუსეთი ამ კონვენციისა და კონფერენციის იდეების წინააღმდეგია, მაგრამ „პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინისათვის, საერთო საფრთხეების წინააღმდეგ კოოპერაციის მოწოდებები მისეული საგარეო პოლიტიკის არსენალის ნარჩევი ინსტრუმენტია“, წერს კარნეგის მოსკოვის ცენტრის უფროსი მკვლევარი და carnegie.ru-ს რედაქტორი ალექსანდრე ბაუნოვი.


არა, პუტინს მართლაც ეშინია კლიმატის დათბობის: თუ ეკოლოგიური პროცესები ამ ლოგიკით განვითარდა, რუსეთის ჩრდილოეთი შეიძლება ათასობით კილომეტრზე გადაჭიმულ ჭაობად და ანტიკური პერიოდის ვირუსების გამაცოცხლებელ გარემოდ იქცეს. მეორე მხრივ კი, კრემლი ცდილობს, როგორც ტრადიციულად სჩვევია, გლობალური ეკოლოგიური მოძრაობა საკუთარ ინტერესებს მოარგოს, ინიციატივა ჩაიგდოს ხელთ. პუტინი ასე მოქმედებს - ამბობს ბაუნოვი - როდესაც დასავლეთთან თანამშრომლობა უნდა. იგი არ ემორჩილება დასავლეთის მოთხოვნებს, მაგრამ სთავაზობს მას კოოპერაციას.


დასავლეთი ამ ხრიკს არ თანხმდება პოლიტიკურ თუ რეგიონული უსაფრთხოების სფეროებში, როგორც ამას თუნდაც უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები აჩვენებს. არ თანხმდება ტექნოლოგიებში თუ გლობალურ ფინანსებში. მაგრამ კლიმატი სხვაა. ბაუნოვის აზრით, დასავლეთს ორი არჩევანი აქვს: მას შეუძლია გამოიყენოს კლიმატის თემა რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგისათვის, რომელიც თავისუფალი იქნება მიმდინარ ჰიბრიდული ომის ტვირთისაგან, ან „განავრცოს ჰიბრიდული ომი გარემოსდაცვით თემებზე და დამოძღვროს რუსეთი ეკოლოგიური კათედრიდან“.


ამასთან დაკავშირებით დასახელებული ავტორი თავის პრეფერენციას ნათლად არ გამოხატავს, თუმცა კი ხედავს, რომ რუსული ეკოლოგიური მიდგომა ახლომხედველურ-ინსტრუმენტარულია. კრემლს ნაკლებად ადარდებს გლობალური ვალდებულება, რომ მეთანის ემისიები შემცირდეს: „რუსეთს სურს შიგნიდან აკვირდებოდეს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესს, მაგრამ მნიშვნელოვანი ვალდებულებები არ აიღოს. . . მისი ეკოლოგიური მიდგომები განვითარებადი ქვეყნებისას ჰგავს“. ჩვენი, ქართული გადმოსახედიდან კი აქტუალური ის გარემოებაა, რასაც ბაუნოვი თავისი სტატიის დასაწყისში აღნიშნავდა - პუტინისათვის COP მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების „ტუსოვკაში“ ტრიალის საშუალებაა და არა რაიმენაირი იდეაციური თუ ღირებულებითი მიზანი. შესაბამისად, ბაუნოვისეული დილემა - უნდა დამოძღვროს, დაამუნათოს დასავლეთმა რუსეთი ეკოლოგია/კლიმატის სფეროშიც თუ ითანამშრომლოს მასთან - კრემლის ფრონტის ხაზზე მყოფთათვის სულაც არაა დილემა: როცა „პარტნიორი“ არაცივილიზებულია, მასთან კოოპერაციას მაქსიმალურად უნდა მოერიდო.