როგორ შევისწავლოთ რუსეთი სოციოლოგიური პერსპექტივიდან

ლევან თარხნიშვილი | აკადემიური ესე | 2021

შესავალი


მანამ, სანამ გადავიდოდით უშუალოდ ამ ესეს  მთავარ თემაზე, მნიშვნელოვანია გავიაზროთ თუ კონკრეტულად რას და როგორ სწავლობს სოციოლოგია. ამისათვის, პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ რა არის  ზოგადად მეცნიერების მიზანი. მეცნიერების, როგორც ტერმინის გაგება ერთგვაროვანი არ  არის - ზოგისთვის მეცნიერება ცოდნაა, სხვებისთვის კვლევა. ხშირად ერთმანეთში არეულია  მეცნიერების არსი და მეთოდოლოგია. მიუხედავად ამისა ყველა თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი  თანხმდება, რომ მეცნიერების საბოლოო მიზანია „ჩამოაყალიბოს დადასტურებული ცოდნა. ასეთი  ცოდნა საშუალებას გვაძლევს ავხსნათ ფაქტები, შევიმუშაოთ პროგნოზები და გავიგოთ ემპირიული  ფენომენები, რომლებიც ჩვენი ინტერესების საგანია.“[1] სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეცნიერების  მიზანია შექმნას ცოდნა, რომლის შემოწმება და დადასტურება შესაძლებელი იქნება მეცნიერული  კვლევის საშუალებით და რაც ასევე მნიშვნელოვანია, კვლევის გამეორება შეუძლია სხვა  მეცნიერსაც და მსგავს გარემოებებში მიიღწევა იგივე შედეგი. ამით მეცნიერება განსხვავდება  რელიგიისგან, რადგან ამ უკანასკნელის მიერ შექმნილი ცოდნა ემყარება რწმენას და საბოლოო  ჯამში მისი შემოწმება რაიმე მეთოდით შეუძლებელია.

მეცნიერების მთავარი კომპონენტებია:


● ახსნა

● პროგნოზი

● გაგება[2]


მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი.


ახსნა


არსებობს მეცნიერული ახსნის ორი მეთოდი;


დედუქციური - ამ მეთოდის მიხედვით ნებისმიერი მოვლენა შეიძლება აიხსნას ზოგადი კანონით.  იგი მოითხოვს (ა) უნივერსალურ განზოგადებას, (ბ) ისეთ პირობებს, რომლის ფარგლებშიც  განზოგადება ჭეშმარიტია, (გ) მოვლენის ახსნასა და (დ) ფორმალური ლოგიკის წესების დაცვას.[3] ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია  დედამიწაზე ნებისმიერი საგნის ვერტიკალურად ქვევით გადაადგილების ახსნა დედამიწის მიზიდულობის კანონით ან სითხეში ჩაძირული საგნის მოქმედების ახსნა არქიმედეს კანონით.


ინდუქციური/ალბათური - ყველა მეცნიერული ახსნა არ ემყარება ბუნების უნივერსალურ კანონებს. ეს განსაკუთრებით სოციალურ მეცნიერებებს  ეხება. ამ შემთხვევაში გამოიყენება ინდუქციური ანუ ალბათური ახსნა. ამ შემთხვევაში  უნივერსალურ კანონებს ანაცვლებს პრაქტიკული კვლევების და დაკვირვების გზით დაგროვილი  გამოცდილება. მაგალითად, თუ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გარკვეული იდეოლოგიის პარტიების  ხელისუფლებაში მოსვლა იწვევს სახელმწიფო ხარჯების გაზრდას, გადასახადებისა და ბიუროკრატიის  ზრდას, მაშინ X ქვეყანაში ანალოგიური იდოლოგიის პარტიის მოსვლის შემდეგომ შეგვიძლია  ვივარაუდოთ, რომ ანალოგიურ სცენართან გვექნება საქმე. რა თქმა უნდა, ალბათური ახსნისას  შესაძლებელია მეტი შეცდომა დავუშვათ, ვიდრე დედუქციური ახსნისას იმ უბრალო მიზეზის  გამო, რომ ბუნების უნივერსალური კანონებისგან განსხვავებით, სოციალური გარემო და მისგან  გამოწვეული გამოცდილება გარკვეულ ცვლილებებს განიცდის.


პროგნოზი


როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, მეცნიერების  ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, არსებული მოცემულებებსა და პირობებზე დაყრდნობით, მომავლის  პროგნოზის გაკეთებაა. თუ ვიცით, რომ X იწვევს  Y მაშინ პირველის გამოჩენის შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადრე თუ გვიან  გამოჩნდება მეორეც. პროგნოზი შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორც დედუქტიური ახსნის, ისე  ალბათურის ახსნის ფარგლებში. პირველის შემთხვევაში თუ ზემოთ ჩამოთვლილი პირობები სახეზეა,  მაშინ პროგნოზი აუცილებლად შესრულდება ანუ დედამიწაზე საგანი, რომელსაც საყრდენი არ  გააჩნია, აუცილებლად ჩამოვარდება. მეორე ახსნის გამოყენებისას პროგნოზის შესრულების  ალბათობა შედარებით მცირეა. ჩვენს მიერ მოყვანილ მაგალითს თუ გავაგრძელებთ, შეიძლება  X ქვეყანაში იმდენად ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა იყოს, რომ პროგნოზის საწინააღმდეგოდ,  ხელისუფლებაში მოსული პარტიის იდეოლოგიისა და სურვილის მიუხედავად, ის იძულებული გახდეს  არა თუ გაზარდოს, არამედ შეამციროს ბიუროკრატიის ზომა, გადასახადების ოდენობა და სახელმწიფო  დანახარჯები.


გაგება


არსებობს ორი ტიპის მეცნიერული გაგება.

● „ვერსტეჰემის ტრადიცია“ ანუ ემპათიური გაგება - მის მიხედვით საბუნებისმეტყველო  მეცნიერები უფრო სანდო და სტაბილურია, ვიდრე სოციალური მეცნიერებები და, შესაბამისად,  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისაგან განსხვავებული მეთოდოლოგიით უნდა შევისწავლოთ.


● პრედიქტული გაგება  - პრედიქტული გაგების მიხედვით, სოციალურ  მეცნიერებებში, ისევე როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მეცნიერი შეიმუშავებს  ობიექტურ ცოდნას. შესაბამისად სოციალურ და  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს შეუძლიათ ერთი და იგივე მეთოდების გამოყენება. სხვა  სიტყვებით რომ ვთქვათ, სოციალური მეცნიერებებში წლობით დაგროვილი პრაქტიკული ცოდნა  და გამოცდილება, გარკვეული დაშვებებითა და განზოგადების საფუძველზე, იძლევა ისეთ თეორიებს,  რომლებიც შეიძლება ისევე მოქმედებდეს, როგორც უნივერსალური კანონები. თუმცა, უნივერსალური  კანონებისგან განსხვავებით, სოციალური თეორიები, ახალი ცოდნის და გამოცდილების საფუძველზე,  მუდმივ შემოწმებას და განახლებას საჭიროებს.


სოციოლოგიური კვლევის  მეთოდები


მეცნიერების მიზნებისა და როლის განხილვის  შემდეგ უპრიანია მოკლედ გავიხსენოთ სოციალური კვლევის მეთოდები, მეთოდოლოგიის როლი  მეცნიერების განვითარებაში და ეთიკის კოდექსი და საფრთხეები, კერძოდ მკვლევარის ვალდებულება  რესპონდენტის, კლიენტსა და საზოგადოების მიმართ.


ცნობილია, რომ სოციოლოგიური კვლევები ფართოდ  გამოიყენება მრავალ სფეროში. ასეთებია:


● პოლიტიკა;

● ქვეყნის მართვა;

● ბიზნესი;

● ზოგადად მენეჯმენტი;

● გამოყენებითი კვლევები:

o არაფორმალური ურთიერთობები  ფორმალურ ორგანიზაციებში;

o კორუფციის გავრცელების  ხელშემწყობი ფაქტორები;

o სიღარიბის მიზეზები;

o სამომხმარებლო კვლევები.

მოკლედ შეგახსენებთ იმ მეთოდებს, რომლებიც  გამოიყენება კვლევების ჩატარებისთვის.

● რაოდენობრივი მეთოდი

o მასობრივი გამოკითხვა

o მეორადი სტატისტიკური  ანალიზი

o კონტენტ ანალიზი

● თვისებრივი მეთოდი

o სიღრმისეული ინტერვიუ

o ფოკუს ჯგუფი

o დაკვირვება

o საკაბინეტო კვლევა

o კონტენტ ანალიზი

o მონოგრაფიული კვლევა


შესაძლებელია, რომ ერთი კვლევა მოიცავდეს  რამოდენიმე მეთოდის კომბინირებას. მიუხედავად იმისა თუ რა მეთოდს ვიყენებთ, მთავარი  მამოძრავებელი მეთოდოლოგიაა. მეთოდოლოგია არის ზუსტი წესებისა და პროცედურების სისტემა,  რომელსაც კვლევა ეყრდნობა. ამასთან, მათი გათვალისწინებით ფასდება კვლევის შედეგები  და მეცნიერული მტკიცებულებები. ეს სისტემა არაა უცვლელი და წესები და პროცედურები  მუდმივ ცვლილებას და გაუმჯობესების საჭიროებას განიცდის.


სოციალურ მეცნიერებათა მეთოდოლოგია ნელა  ვითარდება. ეს პროცესი - იდეების, ინფორმაციის, კრიტიკის უწყვეტი ურთიერთგაცვლა -  შესაძლებელს ხდის ჩამოყალიბდეს შესაბამისი მეთოდები და ტექნოლოგიები. მეთოდოლოგია განსაზღვრავს იმას თუ როგორ მივდივართ,  ლოგიკის გამოყენებით, ემპირიული დაკვირვებიდან  და გამოკითხვიდან დასკვნამდე. მკვლევარს არ შეუძლია განაცხადოს პრეტენზია ობიექტურობაზე,  სანამ სხვა მეცნიერები არ განამტკიცებენ მის არგუმენტებს. ამის საფუძველი კი გამჭირვალე  მეთოდოლოგიაა. მეთოდოლოგიის მთავარი ფუნქციაა გააადვილოს კომუნიკაცია მკვლევარებს  შორის, რომლებიც იზიარებენ ან სურთ გაიზიარონ გამოცდილება. ხელმისაწვდომი და საჯარო  მეთოდოლოგიის წესები ქმნიან ჩარჩოს კოოპერირებისათვის და კონსტრუქციული კრიტიკისთვის.[4]


აქვე აღსანიშნავია სოციალური კვლევების  ეთიკური ნაწილიც. სოციალური კვლევა იკვლევს მოქალაქეს, რომელიც არაფრით არ არის დაინტერესებული კვლევაში მონაწილეობისთვის  გარდა კეთილი ნებისა. შესაბამისად, მოქალაქის  უფლებები უნდა იყოს დაცული; კვლევის შედეგები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ  ცხოვრებაზე და მისი აზრის შემდგომ ფორმირებაზე. შესაბამისად, უნდა გამოირიცხოს კვლევის შედეგებით მანიპულირების შესაძლებლობა. ეთიკის კოდექსის მიზანია, აამაღლოს სოციალური  კვლევების საზოგადოებრივი პრესტიჟი, გააძლიეროს ნდობა ამ ტიპის საქმიანობის მიმართ  და შექმნას მისი წარმართვისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები.


სოციალური კვლევის წარმატება დამოკიდებულია საზოგადოების კეთილგანწყობაზე მკვლევარების მიმართ, რესპონდენტების ნდობაზე ინტერვიუერისადმი  და კვლევითი ორგანიზაციისადმი, მათ რწმენაზე, რომ კვლევა ტარდება კეთილსინდისიერად,  ობიექტურად, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვით და რომ დაცული იქნება რესპონდენტთა კონფინდეციალურობა. [5]


ეთიკის კოდექსი მოიცავს ვალდებულებებს სამი  ჯგუფის მიმართ. კერძოდ:


● რესპონდენტი

o კონფიდენციალურობა

o ინფორმირებული თანხმობა

● კლიენტი

ეთიკის მოთხოვნები უფრო ფართო ხასიათისაა,  ვიდრე ადმინისტრაციული და სამართლებრივი დოკუმენტები, ამდენად ეთიკის კოდექსები არეგულირებს  იმ სფეროებს, რომლებიც ხელშეკრულების მიღმა რჩება;

● საზოგადოება

ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებრივი აზრისა  და საბაზრო კვლევის ევროპული კავშირის (ESOMAR) სტანდარტის თანახმად უნდა ეცნობოს  საზოგადოებას ანგარიშის გამოქვეყნებისას:

o რომელმა ორგანიზაციამ  ჩაატარა კვლევა

o გამოკითხვის მეთოდიკა

o შერჩევითი ერთობლიობის  რაოდენობა

o შერჩევის რეპრეზენტატიულობა

o გამოკითხვის ჩატარების  თარიღები

o დასმული კითხვების ტიპი  (ღია თუ დახურული) და მათი ზუსტი ფორმულირება;[6]


ამ შესავლის და მიმოხილვის გაკეთება დაგვჭირდა  იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ რუსეთის შესწავლისას არსებულ პრობლემები - რომ გავიგოთ  სად ვართ, უნდა ვიცოდეთ საიდან მოვდივართ და რას ვსწავლობთ. იგივე მიზეზით მოკლედ შევეხოთ რუსეთში სოციალური მეცნიერების განვითარების ისტორიას.


სოციოლოგიის განვითარება  რუსეთში

სოციოლოგია მეფის რუსეთში


სოციალური მეცნიერებების განვითარება მეფის  რუსეთში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო და არაერთგვაროვანი გზა განვლო. პირველი  ეტაპი მოიცავდა 1860-90 წლებს და, ისევე როგორც დასავლეთში, გამოირჩეოდა პოზიტივიზმის  იდეების დომინაციით. რუსი ფილოსოფოსები და სოციოლოგები განიხილავდნენ პოზიტივიზმს,  როგორც მცდელობას ჩამოყალიბებულიყო ახალი მეცნიერება საზოგადოების შესახებ, რომელიც  გამოიყენებდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მეთოდებს. ამავე დროს, იგივე პერიოდის  განმავლობაში რუს მეცნიერებს წიაღში პოპულარობას იძენდნენ რევოლუციური იდეები.[7]


მეორე ეტაპის დროს ეს უკანასკნელი გაძლიერდა  და დაუახლოვდა ე.წ. „ნაროდნიკულ“ მოძრაობას. ამავე პერიოდს უკავშირდება სახელმწიფოს  მხრიდან სოციოლოგიის შევიწროვების პირველი ტალღა. როგორც იხსენებს იმ დროინდელი სოციოლოგი  მაქსიმ კოვალევსკი, ვინც კი შემოდიოდა ქვეყანაში საზღვარზე, ჟანდარმები უსვამდნენ  კითხვას „ხომ არ გაქვთ სოციოლოგიის წიგნები? ხომ იცით რუსეთში ისინი აკრძალულია“.[8]


მეფის რუსეთის არსებობის ბოლო წლებში დაიწყო ინსტიტუციური განვითარება - 1916 წელს შეიქმნა სოციოლოგიური საზოგადოება და სოციოლოგიის  ინსტიტუტი, ითარგმნა და გამოიცა კლასიკური და იმ დროისთვის ახალი ნაშრომები, დაიწყო  სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა.


ზოგადად სოციოლოგია მეფის რუსეთში ცალმხრივად  იყო განვითარებული, კერძოდ:


► არ იყო განვითარებული  ემპირიული კვლევები

► საკმაოდ განვითარებული  იყო ისტორიული და თეორიული სოციოლოგია, სამართლის სოციოლოგია და სოციალური პრობლემების  სოციოლოგია


ასეთ ვითარებაში შეხვდა სოციოლოგია გასაბჭოებას.


სოციოლოგია  საბჭოთა კავშირში


არსებობს მრავალი მითი საბჭოთა მეცნიერებისა  და განათლების სისტემის სიძლიერის შესახებ, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება  რეალობას. თუმცა სოციოლოგია და სოციალური მეცნიერებები ამ მითებში არ ფიგურირებენ,  რამდენადაც სახელმწიფოს მხრიდან შევიწროვების, ცენზურისა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან  იზოლაციიდან გამომდინარე, სოციალური მეცნიერებები კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა  სხვა მეცნიერებებს.


ზოგადად სოციოლოგიამ საბჭოთა კავშირში რამოდენიმე  ეტაპი გაიარა:


● ინერციის მოკლე პერიოდი  - შედარებითი თავისუფლება: 1918 წელს გამოიცა დეკრეტი „სოციალური მეცნიერებების სოციალისტური  აკადემიის შესახებ“, რომელსაც უნდა მიეცა განვითარება ემპირიული კვლევებისა და ზოგადად სოციოლოგიისთვის. კერძოდ "უნდა ორგანიზირებულიყო სოციოლოგიური კვლევების სერია“,  რადგან ეს „იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სასწრაფო საქმე“. თუმცა აღსანიშნავია, რომ  თავიდანვე ბოლშევიკები კვლევას მხოლოდ მარქსისტული კუთხიდან უყურებდნენ.


●რეპრესიები და პრაქტიკული  აკრძალვა: შედარებითი თავისუფლების პერიოდიც კი მოკლე აღმოჩნდა და 1922 წელს წამყვანი სოციოლოგების ჯგუფი გაძევებული იქნენ  ქვეყნიდან. ცოტა ხანში სოციოლოგია საერთოდ გამოცხადდა ფსევდო-მეცნიერებად და ფაქტობრივად  აიკრძალა. დაიწყო რეპრესიები - დარჩენილი მეცნიერები დახვრიტეს და მათი წიგნები აკრძალეს, პრაქტიკული კვლევები (ყველა სახის) აიკრძალა, ხოლო ოფიციალური სტატისტიკა გაასაიდუმლეს. ყველა თეორიული მუშაობა იწყებოდა, ეყრდნობოდა და  მთავრდებოდა ისტორიული მატერიალიზმით. გასათვალისწინებელია, რომ ამ პერიოდში მსოფლიოში  დაიწყო რაოდენობრივი კვლევების განვითარება. რაოდენობრივი კვლევების ბუმი გამოიწვია  სარეკლამო ბაზრისა და შესაბამისად მარკეტინგის განვითარებამ და საყოველთაო არჩევნების  გეოგრაფიის გაზრდამ. აღმოჩნდა, რომ თვისებრივი კვლევები ვერ პასუხობდა ახალ გამოწვევებს და სწორედ ეს მოვლენები გახდა  რაოდენობრივი კვლევების განვითარების ათვლის წერტილი. საბჭოთა კავშირში არ არსებობდა  არც არჩევნები, არც მარკეტინგი და არც რეკლამა. გარდა ამისა, კვლევების ტალღამ ხელი  შეუწყო ახალი თეორიების და მიმდინარეობების განვითარებას. საბჭოთა მეცნიერები ამ პროცესს  მოწყვეტილები იყვნენ.


● შედარებითი  თავისუფლება (1965-72): ნიკიტა ხრუშოვის „დათბობას“ ცვლილებები მეცნიერების სფეროშიც  მოჰყვა. როგორც სოციოლოგიის განვითარების ისტორიკოსი შლაპენტოხი წერს, 1965-72 იყო  საბჭოთა სოციოლოგიის ოქროს ხანა. დაიწყო ორიგინალური და მნიშვნელოვანი კვლევები შრომის  სოციოლოგიაში, ახალგაზრდების კვლევები, საზოგადოებრივი აზრი და მას მედია, ოჯახის  სოციოლოგია, დასვენება, ინდუსტრიული სოციოლოგია და პოლიტიკური ინსტიტუტები, ინდივიდის განვითარება და სხვა. სათავე დაედო დასავლური სოციოლოგიური თეორიების  შესწავლას, რჩეულებისთვის შეზღუდულად გაიხსნა საზღვრები. დაიწყო სახელმძღვანელოების  და წიგნების თარგმნა და გამოცემა. თუმცა გარკვეული იდეოლოგიური შეზღუდვები ისევ არსებობდა.


● რბილი რეპრესიები:  ლიბერალიზმის ეს პერიოდიც მალე დამთავრდა და დაიწყო რბილი რეპრესიები. 1972 წამყვანი  ინსტიტუტების ხელმძღვანელები (ლევადა, რამანცევი) მოხსნეს და ჩაანაცვლეს იდეოლოგიურად  სანდო კადრებით. დაიწყო „დასავლური იდეოლოგიებისგან  განწმენდის“ კამპანია.

● „პერესტროიკა“:  ახალი ცვლილებები დაიყო 1987 წელს „პერესტროიკასთან“ ერთად, როცა პარტიამ აღიარა,  რომ სოციოლოგია მნიშვნელოვანი დისციპლინაა. შეიქმნა სოციოლოგიის ინსტიტუტი, დაიწყო  ემპირიული კვლევები, ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი, კომერციული ცენტრები. მოიხსნა იდეოლოგიური  ცენზურა. თუმცა სოციოლოგებსა და მმართველებს შორის ურთიერთობა რჩებოდა პრობლემატურად.  მიხეილ გორბაჩოვი არ საჭიროებდა სოციოლოგების  რჩევებს, არ მისდევდნენ მათ და არ სჯეროდათ მათი. უფრო ხშირად დგამდნენ რჩევებისაგან  აბსოლიტურად საწინააღმდეგო ნაბიჯებს. ამავე დროს, არც სოციოლოგები იყვნენ მზად, აეღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის რეალურ ცხოვრებაზე და ახალ სოციალურ რეალობაზე. მათ აკლდათ  გაბედულება, თეორიული ცოდნა და ემპირიული კვლევების გამოცდილება. ვერ აკავშირებდნენ  მწირ თეორიულ საფუძვლებს და რეალობას. მათი მაქსიმუმი გადიოდა კრიტიკაზე და იმის დაფიქსირებაზე, რა არ უნდა გაკეთდეს. ამის საწინააღმდეგოდ, ყოფილი მეცნიერული კომუნიზმის ლექტორებმა  და პროფესორებმა თავი სოციოლოგებად, თეოლოგებად და პოლიტოლოგებად გამოაცხადეს და გადაეშვნენ ნაციონალიზმსა და რელიგიურ რადიკალიზმში.


შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა  სოციოლოგიის სოციალური და ინტელექტიუალური მდგომარეობა ძალიან მყიფე იყო. ის მთლიანად  იყო დამოკიდებული პარტიის კეთილ ნებასა და ოფიციალურ იდეოლოგიაზე. ამ პოლიტიკის შედეგად  ცნობილი და წამყვანი მეცნიერების უდიდესი ნაწილი აიძულეს დაეტოვებინათ სამეცნიერო  ინსტიტუტები. ზოგადად საბჭოთა სოციოლოგიის ინტელექტუალური და თეორიული დონე, მცირე გამონაკლისის გარდა, დასავლეთ სამყაროდან იზოლაციის და პოლიტიკური ზეწოლის გამო ძალიან დაბალი რჩებოდა. შედარებითი თავისუფლება  ეძლეოდათ სოციალურ ფსიქოლოგებს, ანთროპოლოგებს და ისტორიკოსებს. კვლევების უმეტესი  ნაწილი მიკრო დონეზე ტარდებოდა და ეხებოდა ცალკეულ ქარხნებს და ფაბრიკებს, ყოველგვარი  თეორიული ბაზისის გარეშე. პუბლიკაციების უმეტესი ნაწილი ეძღვნებოდა სოციალისტურ რეალობას.  სოციალური თეორიები იყოფოდა ისტორიულ მატერიალიზმად და სამეცნიერო კომუნიზმად. ყოველი  მცდელობა, რეალობა, კვლევები და თეორია ერთმანეთთან  დაეკავშირებინათ, ისჯებოდა.[9] ასეთ ეტაპზე დახვდა სოციოლოგია დამოუკიდებელ  რუსეთს.


სოციოლოგია რუსეთის ფედერაციაში


რუსეთის ფედერაციაში 90-იანი წლები ითვლება სოციოლოგიის აქტიური  განვითარების პერიოდად - შექმნა სოციოლოგიის ახალი ინსტიტუტი, გაფართოვდა ემპირიული კვლევები, ჩამოყალიბდა კვლევების ბაზარი, გაიზარდა  დამოუკიდებელი, კომერციული ცენტრების რაოდენობა. რუსი მეცნიერები ჩაერთვნენ მსოფლიო  სამეცნიერო მოძრაობაში და საერთაშორისო პროექტებში. ჩამოყალიბდა პროფესიული ასოციაციები  და ცენტრები. შემოვიდნენ უცხოური დონორები და დამკვეთები. თუმცა პრობლემად რჩებოდა  მეცნიერების, პრაქტიკოსებისა და გადაწყვეტილების მიმღებთა არაკოორდინირებული და დაქსაქსული  მოქმედება.


ვლადიმერ პუტინის მმართველობაში მოსვლით, როგორც ყველა სფერო,  სოციალური მეცნიერებაც ნელ-ნელა გადავიდა  განვითარების პერიოდიდან სტაგნაციაში - უცხოური ფონდები და ორგანიზაციები გააძევს  ქვეყნიდან, დაბრუნდა იდეოლოგიური ცენზურა. როგორც რუსეთის აკადემიის აკადემიკოსი,  სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მიხეილ გორშკოვი აცხადებს - „ჩვენ შორს ვართ „ევროპული სტანდარტებისგან“ თუნდაც იმის გამო, რომ მუდმივად არის მცდელობა სოციოლოგია უწყებების,  პოლიტიკოსების და კიდევ ვიღაცეების მსახურად აქციონ. იგივე ნორვეგიაში მთავრობა, პროფკავშირებთან  ერთად, ყოველწლიურად ატარებს მასობრივ გამოკითხვებს, რომლებზე დაყრდნობითაც მუშავდება  ქვეყნის განვითარების სტრატეგია და ფასდება მთავრობის საქმიანობა. ჩვენთან კი სოციოლოგთა  უმრავლესობა ან უნივერსიტეტებშია „ჩაკეტილი“, ან მარკეტინგსა და სარეკლამო სფეროს  ტექნიკური ექსპერტიზით შემოიფარგლებიან. ამავე დროს პროფესიული სოციოლოგია, მისი რთული,  კომპლექსური მიდგომითა და მთავრობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით, ხშირად „დაუპატიჟებელი  სტუმარივითაა“ ამ სუფრაზე, რადგან „ზედმეტად ჭკვიანურია“. 90-იანებში, 2000-იანების  დასაწყისშიც კი, სოციოლოგები არ ჩამოდიოდნენ ეკრანიდან და გაზეთების ფურცლებიდან.  მათი კვლევები იყო მოთხოვნადი და სერიოზულად განიხილებოდა საქმიან წრეებში. ამ კვლევების შედეგები საფუძვლად ედებოდათ ფედერალურ პროგრამებს და კანონებს. ახლა კი მე ვერ ვიხსენებ  მაგალითს, როდესაც სოციოლოგები გამოდიოდნენ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ან მაღალი  ტრიბუნიდან, ჩვენ აღარ გვეძახიან სახელმწიფო დუმაში ექსპერტიზისთვის“[10]


ზოგადად ეს ინტერვიუ გვიჩვენებს დამოკიდებულებას სოციოლოგიის  მიმართ და თავად რუსი წამყვანი სოციოლოგების დამოკიდებულებებს. 2009 წელს კიდევ ერთი სოციოლოგი პოდვოისკი აღნიშნავდა, რომ „სოციოლოგიის სტატუსი თანამედროვე რუსეთში ძალიან  დაბალია“, არც საზოგადოებამ და არც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებებმა იციან რაიმე  სოციოლოგიის შესახებ, უფრო მეტიც, არც აინტერესებთ და არც ენდობიან მას.[11] ეს ყოველივე დიდ პრობლემას წარმოქმნის, როგორც კვლევების დაკვეთის,  ისე ჩატარების მხრივ (იხ. ზემოთ კვლევების ეთიკური სტანდარტების ნაწილი).


2012 წელს სოციოლოგმა ვლადიმერ ვახშტანიანმა გამოაქვეყნა სტატია,  რომელშიც ამტკიცებდა, რომ რუსული სოციოლოგია ღრმა კრიზისშია და ჩაკეტილია საკუთარ  თავში. ამას რომანოვსკისა და ტოშჩენკოს აზრით ემატება გაუნათლებელი ფსევდო-სოციოლოგები,  რომლებიც კიდევ უფრო დაბლა სწევენ სტატუს და ნდობას სოციოლოგიის მიმართ.[12]


სოციოლოგიისა და კვლევების პრობლემები  თანამედროვე რუსეთში


ერთი შეხედვით სოციოლოგიისა და ზოგადად სოციალური მეცნიერების  მდგომარეობა თანამედროვე რუსეთში თითქოს პრობლემას არ წარმოადგენს. რუსეთის 124 უმაღლეს სასწავლებელში ისწავლება სოციოლოგია:


● ყოველ წელს სასწავლებლებს ამთავრებს 20  000 სტუდენტი

● გამოიცემა 30 სამეცნიერო ჟურნალი

● წელიწადში გამოიცემა 100-მდე წიგნი და მონოგრაფია

● არსებობენ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო კვლევითი  ცენტრები

● მეცნიერები მონაწილეობენ საერთაშორიო კონფერენციებში  და პროექტებში

თუმცა რეალური მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა.  ძირითადი პრობლემები იგივეა, რაც საბჭოთა პერიოდში, თუმცა მათ გარკვეული ახალი შტრიხებიც  აქვთ დამატებული:

● თეორიული სოციოლოგია:

o იდეოლოგიური იზოლაცია  დასავლური მეცნირებისაგან,

o იდეოლოგიური ცენზურა  და ტვინების გადინება;

● რაოდენობრივი

o სტატისტიკურად სანდო  ჩარჩოს არ ქონა,

o ფულის წყაროების მონოპოლია,

o შერჩევის კლასტერებად  დაყოფის აუცილებლობა და ამის საფუძველის არ ქონა,

o უნდობლობა და ტყუილი  რესპონდენტების მხრიდან,

o ცენზურა

● თვისებრივი

o არასათანადო თეორიული  ბაზა,

o უნდობლობა და დაუცველობა,

o გაუთქმელობა და ტოტალური  ცენზურა,

o ფულის წყაროების მონოპოლია


კიდევ ერთი დიდი პრობლემა მკვლევარების  თვითცენზურაა. თვითცენზურის ორი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ: უშიშროების ფედერალური  სამსახური ატარებს თავის კვლევებს, რომლებსაც წარუდგენენ პრეზიდენტსა და მთავრობას.  ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებით, ამ კვლევებში მიღებული შედეგები „ხელოვნურად არის  ძალიან შემაშინებელი. ამიტომ ჩვენ ვიღებდით კომერციული ცენტრების შედეგებს, რომლებიც  პირიქით ძალიან გალამაზებულია, ვადარებთ ჩვენს შედეგებს, გამოგვყავს საშუალო არითმეტიკული  და ასე ვიღებთ რეალურ შედეგებთან მიახლოებულ სურათს“[13]

მეორე მაგალითი თავად ბ-ნ გორშკოვის ინტერვიუა,  სადაც ის რუსეთის დღევანდელ მდგომარეობას აფასებს: „საზოგადოებრივი აზრის ფორმირების  მხრივ მთავარია, რომ რუსეთი არამარტო „მუხლებიდან ადგა“ [ვ.ვ. პუტინის ციტატა-ავტორის ხაზგასმა],  არამედ მყარად დადგა ფეხზე და მზადაა წინ წასასვლელად... ყველაფერ ამაში მე ვხედავ  კეთილ ნიშანს. მმართველებისთვის პრინციპის ამბავია ხელიდან არ გაუშვან ეს ისტორიული  შანსი და გამოიყენონ ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის პრობლემების გადასაჭრელად. მეორე მხრივ  ჩვენი სოციოლოგებისთვის პატივისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის საქმეა, გამოიკვლიონ  ეს პროცესები და გავაფრთხილოთ მთავრობა შესაძლო საფრთხეებზე.“[14]


დასკვნა/შესაძლო  გამოსავალი


იბადება ბუნებრივი შეკითხვა, შესაძლებელია  თუ არა ამ ვითარებაში, ავტორიტარული მმართველობის ქვეშ სოციალური მეცნიერებების მიერ  რუსეთის ობიექტურად შესწავლა? სოციალური მეცნიერების განვითარება პირდაპირ ბმაშია  პოლიტიკური წყობასთან და საზოგადოების სტრუქტურასთან.  ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმი აბრკოლებს სოციალური მეცნიერებების, და კერძოდ სოციოლოგიის  განვითარებას, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან რეჟიმის არს და ინტერესებს. ასეთ ვითარებაში  დამოუკიდებელი კვლევები შეუძლებელი და, უფრო მეტიც, სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება  გახდეს. რეალურად პრობლემა აქ ავტორიტარული ხელისუფლებისა და დამოუკიდებელი მეცნიერების  ურთიერთობის ხასიათშია და როგორც ზემოთ ვნახეთ, ეს მხოლოდ საბჭოთა პერიოდს არ ეხება. ჩვენი აზრით, გამოსავალი კვლევის ალტერნატიულ და დისტანციურ მეთოდებშია. ასე მაგალითად,  რუსეთის შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებული იქნას:


► ჩართული ფარული დაკვირვება  - პლიუსები აშკარაა. შესაძლებელია კვლევის ჩატარება ისე, რომ მკვლევარმა თავისი ვინაობა  არ გაამჟღავნოს და თანდათანობით მოიპოვოს ნდობა ადგილობრივი მოსახლეობაში და ინტერეს  ჯგუფებში. გარდა ამისა ეს საშულებას იძლევა მინიმუმამდე დავიდეს შესაძლო კონფლიქტები  ადგილობრივ ხელისუფლებასთან. თუმცა გარკვეული პრობლემები მაინც რჩება - 1. ადგილობრივი მოსახლეობის გაუცხოვება და ქრონიკული უნდობლობა ნებისმიერი უცხოს მიმართ, 2. ცნობილია,  რომ ნებისმიერი ჩართული დაკვირვება გრძელვადიანი და შესაბამისად ძვირადღირებული პროექტია,  3. ასევე ცნობილია, რომ ფარულ დაკვირვებას ყოველთვის ახლავს გამჟღავნების რისკი, რაც  შეიძლება სახიფათო იყოს მკვლევრისთვის, განსაკუთრებით ავტორიტარულ ქვეყნებში და 4. თუ კვლევას აწარმოებს ჩამოსული მკვლევარი, ყოველთვის  რჩება კულტურული განსხვავების პრობლემა.


► საკაბინეტო კვლევა  - ეს მეთოდი, როგორც ნებისმიერი დისტანციური მეთოდი, აგვარებს ადგილზე შესაძლო კონფლიქტების,  ზეწოლების და მუქარის პრობლემას. გარდა ამისა, მკვლევარი ფიზიკურად დაცულია. ჩართული  დაკვირვებისგან განსხვავებით, ეს მეთოდი შედარებით იაფია და ნაკლებ ადამიანურ რესურსებს  მოითხოვს. პრობლემად რჩება საწყისი მასალების ხარვეზები, ხელმიუწვდომლობა და არასანდოობა,  თუმცა ამ პრობლემის მოგვარება ან მინიმალიზაცია შეიძლება ალტერნატიული, მათ შორის  უცხოური მასალების გამოყენებით.


► არსებული ტექსტების  სიღრმისეული კონტენტ ანალიზი - ეს მეთოდი იმეორებს საკაბინეტო კვლევის მეთოდის დადებით მხარეებს. დამატებით უზრუნველყოფს გარკვეულ ობიექტურობას, რადგან შესაძლებელია შედარებით  უსაფრთხო გარემოში სამთავრობო და ოპოზიციური წყაროების და ტექსტების, მათ შორის უცხოეთში შექმნილი ტექსტების, კომბინირება.  ამ მეთოდის ძლიერი მხარეა შედარებით თავისუფალი სოციალური მედიის ტექსტების შესაძლო  გამოყენება და ანალიზი.


► მეორადი სტატისტიკური  ანალიზი - ეს მეთოდიც იმეორებს დისტანციური მეთოდების პლიუსებს და იძლევა სტატისტიკური  და რაოდენობრივი მონაცემების განზოგადების საშუალებას. ასევე შესაძლებელია შემდგომი  სტატისტიკური პროგნოზირება და მოდელირება. პრობლემას წარმოადგენს ადგილზე არსებული  სტატისტიკის არასანდოობა. თუმცა ამ პრობლემის მოგვარება ან მინიმალიზაცია [ისევე როგორც  კონტენტ ანალიზის შემთხვევაში] შეიძლება ალტერნატიული, მათ შორის უცხოური მასალების  გამოყენებით.


► ექსპერტული გამოკვლევა  - ეს მეთოდიც იძლევა დისტანციური მუშაობის საშუალებას. ადგილობრივი ექსპერტებისათვის  არსებობს თვითცენზურის პრობლემა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები  იძლევა მათ მიერ მოცემული მონაცემების უცხოელ კოლეგებთან გადამოწმებისა და გამდიდრების  საშუალებას.


როგორც ვხედავთ, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მეთოდს აქვს თავისი დადებითი  და უარყოფითი მხარეები. ზოგი უაროფითი მხარის შემცირება შესაძლებელია, ზოგის კი არა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია  ვთქვათ, რომ საუკეთესო გამოსავალი ჩამოთვლილი მეთოდების კომბინირებაა. ეს მოგვცემს  საშუალებას ა. გავაანალიზოთ განსხვავებული და ალტერნატიული წყაროები, ბ. გადავამოწმოთ  და შევადაროთ მონაცემები, გ. გავამდიდროთ თვისებრივი მონაცემები რაოდენობრივით და  პირიქით, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას მოგვცემს ვიმუშაოთ უსაფრთხო და  დაცულ გარემოში. გამონაკლისს წარმოადგენს ჩართული დაკვირვება, თუმცა შესაძლებელია  მისი არსებული კვლევების და მათი პროდუქტების,  მედია პროდუქტებისა და ტექსტების ანალიზით ჩანაცვლება. ამ მეთოდების გამოყენებისას  მნიშვნელოვანია წყაროების ყურადღებით შერჩევა და გადამოწმება. უნდა გავითვალისწინოთ  შემდეგი:


• რამდენად პასუხებს მოცემული  წყარო საკვლევ პრობლემას?

• რამდენად კვალიფიციურია  წყაროს ავტორი?

• რამდენად სანდოა თავად  კვლევა (მეთოდოლოგია, დროითი რელევანტურობა, მიუკერძოებლობა)?

• არსებობს მოცემულ საკითხთან  დაკავშირებით სხვა წყაროებიც?

ჩვენი სტატიის დამატებითში მოყვანილია რამოდენიმე  სასარგებლო ბმული და წყარო.


__________________________________________________________________________________________


დამატება: სასარგებლო ბმულები

http://office.eurasiabarometer.org/ http://sophist.hse.ru/eng/img/pdf/N01/Sophist01.pdf

http://www.socioprognoz.ru/publ.html?id=237

http://wciom.ru/

http://www.vcug.ru/

http://www.socioedu.ru/

https://www.isras.ru/

http://www.испи.рф/

http://www.levada.ru/

http://www.ssa-rss.ru/

http://sreda.org/

http://www.cisr.ru/

https://tvrain.ru/

www.svoboda.org

https://novayagazeta.ru/

[1] Frankfort - Nachimias, C. and Nachimias, D. (2004) Research Methods in the Social Sciences. London: Arnold, p. 30

[2] ibid

[3] ibid

[4] Cohen M. R. and Nagel, E. (1934) An Introduction to Logic and Scientific Method. London: G. Routledge & Sons, pp. 395-396

[5] Eric J. Arnould, E. J. (1998) “Ethical Concerns in Participant Observation/Ethnography.” Advances

in Consumer Research 25: pp. 72-74

[6] ICC/ESOMAR International Code of Marketing and Social Research Practice.

http://www.esomar.org/esomar/show/id=65961 (ნანახი 27 იანვარი 2021)

[7] ЗБОРОВСКИЙ, Г.Е. (2014) История социологии: классический этап. Екатеринбург, ISBN 978-5-93190-335-4

[8]Российская Газета. (2012) Предел погрешности. Академик РАН Михаил Горшков –о том, чему хочет служить и кому не хочет прислуживать социология. https://rg.ru/2012/11/14/sociologia.html (ნანახი  27 იანვარი 2021)

[9] Encyclopedia.com. Soviet and Post-Soviet Sociology. https://www.encyclopedia.com/social-sciences/encyclopedias-almanacs-transcripts-and-maps/soviet-and-post-soviet-sociology (ნანახი  27 იანვარი 2021)

[10] Российская Газета. (2012) Предел погрешности. Академик РАН Михаил Горшков –о том, чему хочет служить и кому не хочет прислуживать социология. https://rg.ru/2012/11/14/sociologia.html (ნანახი  27 იანვარი 2021)

[11] Podvoiskii, D. G. (2014) "Sociology in Today's Russia. “Random Thoughts". Sociological Research. 48 (6): 60–72. doi:10.2753/SOR1061-0154480605.

[12] Vakhshtayn, V. (2012). "The Lamentable State of Post-Soviet Sociology". Global Dialogue. 2 (3)

[13]Meduza.io (2020) What Putin read Vital Policymaking in Russia relies on sociological research conducted by the Secret Service. Here’s how it works. https://meduza.io/en/feature/2020/07/17/what-putin-reads (ნანახი 26 იანვარი 2021)

[14] Российская Газета. (2012) Предел погрешности. Академик РАН Михаил Горшков –о том, чему хочет служить и кому не хочет прислуживать социология. https://rg.ru/2012/11/14/sociologia.html (ნანახი  27 იანვარი 2021)