რუსული კულტურა და ჩვენ

ლევან ბერძენიშვილი | აკადემიური ესე | 2021

ბუნებრივია,  დამოკიდებულება ამ საკითხისადმი გამორჩეულია. რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთივე საკითხი,  როგორიცაა ფრანგული (გერმანული, იტალიური) კულტურა და ჩვენ. რუსეთი, როგორც ჩვენი  დამპყრობელი, ყოფილი მეტროპოლია და დღევანდელი ოკუპანტი ისეთი საფრთხეა, რომლისგანაც აუცილებლად უნდა განთავისუფლდე. თავისუფლება ჩვენი ეპოქის მთავარი ღირებულებაა. ამიტომ,  საერთოდ უნდა გათავისუფლდე, მათ შორის, მეტროპოლიისგანაც. არის თუ არა განთავისუფლების  პროგრამის ნაწილი მეტროპოლიის კულტურისგან განთავისუფლება? არის თუ არა კულტურა იარაღი  მეტროპოლიის ხელში? ხშირად გაიგონებთ პატრიოტულ მოსაზრებას, რომ რუსეთისგან გათავისუფლება ნიშნავს რუსული კულტურის უარყოფასაც. ამას შეიძლება მოჰყვეს პუშკინის, გოგოლის, ჩეხოვის,  ტოლსტოისა და დოსტოევსკის უარყოფა, მენდელეევის პერიოდულ სისტემაზე უარის თქმა და  სხვა, საკმაოდ მოულოდნელი და უცნაური გადაწყვეტილება.


მოდი,  განვიხილოთ, იყო და არის, მაგალითად, ფიოდორ დოსტოევსკი რუსული იმპერიალიზმის იარაღი  მეზობელ ქვეყანასთან ბრძოლაში? საქართველოსთვის საზიანო საქმეს ვაკეთებ, როდესაც როდიონ  რასკოლნიკოვის, სამი ძმა კარამაზოვის, თავადი მიშკინის, ნასტასია ფილიპოვნას, კატერინა  ივანოვნას, ილიუშა სნეგირიოვის ბედით ვინტერესდები?


როგორ  უნდა მოვიქცეთ, როდესაც რუსული კულტურისადმი დამოკიდებულება ფაქტობრივად უკიდურეს  ნაციონალიზმსა და შოვინიშმს მალავს? როდესაც ანტირუსული რიტორიკა აშკარად აღვირახსნილ  ხასიათს ატარებს და შეიცავს ისეთ გამონათქვამებს, როგორიცაა: „რუსებს არ გააჩნიათ  მწერლობა“, „რუსეთს არ აქვთ ბალეტი“, „რუსებს არ აქვთ არაყი“, „რუსები კოსმოსში არ  ყოფილან“, „გაგარინი სპექტაკლია“, „გერმანიასთან ომი არ მოუგიათ“ და ა.შ. პასუხის  გაცემა იოლი არ არის. არც ერთი ეს ბრალდება ხელოვნური და თითიდან გამოწოვილი არ არის,  ყველა გამიგონია სხვადასხვა ვარიაციით სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა ქვეყანაში.  გამიგონია, მაგალითად, რომ დიდმა რუსმა მწერალმა, ფიოდორ დოსტოევსკიმ პოლონელი პოეტი ადამ მიცკევიჩი გაძარცვა, ოღონდ დეტალები აღარ დაუზუსტებიათ. ამ რამდენიმე წლის წინ  ერთ-ერთმა კარგმა და პატიოსანმა კაცმა მითხრა, ჩვენ დოსტოევსკი არ მიგვაჩნია დიდ მწერლად,  სერვანტესი მიგვაჩნიაო. პირდაპირ უნდა ვთქვა, მაშინაც მესმოდა და ახლაც მესმის, რომ  „დონ კიხოტის“ ავტორი აქ არაფერ შუაშია, ამ ნათქვამში მთავარი დოსტოევსკის მტრობაა. ლოგიკა აქ გასაგებია: რუსეთი მტერია, დოსტოევსკი რუსია, მაშასადამე, დოსტოევსკი მტერია.  მაგრამ „პატრიოტების“ თვალსაზრისით, ეს არ არის საკმარისი, აუცილებლად უნდა დაემატოს,  რომ ეს სუსტი მტერია. ძველი ბერძნები, მაგალითად ესქილე „სპარსელებში“, ხაზს უსვამდნენ  მტრის ძლიერებას და ამით თავიანთ გამარჯვებებს მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ჩვენ  მათ არ ვგავართ, ჩვენ მტერი უმნიშვნელოდ უნდა წარმოვადგინოთ. ამიტომ არაა დოსტოევსკი  დიდი, ტოლსტოი დიდი, ნაბოკოვი დიდი და ა.შ. რუსეთი მტერია, პუტინი მტერია, რუსეთი  ოკუპანტია და რა არის მისი იარაღი? ჰუმანისტური მწერლობა, რომელიც მტრობას ებრძვის, მონობას ებრძვის, ადამიანში ადამიანს ეძებს? დოსტოევსკი  პუტინის იარაღია?! და თომას მანი ჰიტლერის იარაღი იყო? არა, რა თქმა უნდა. პუტინის  იარაღია ტანკი, რაკეტა, სამხედრო-სამრეწველო კოპლექსი, გაზი, ნავთობი, რბილი ძალა,  აგენტურა, ყველაფერი, ოღონდ მაღალი კულტურა არა. ერთხელ ერთმა ინგლისელმა რელიგიურმა იერარქმა იხუმრა, დოსტოევსკის არწაკითხვა დანაშაულია და წაკითხვა – სასჯელიო. დოსტოევსკის  არწაკითხვა პუტინისთვისაა სასარგებლო, რადგან იგი ცნობიერად თუ არაცნობიერად სწორედ  პუტინის წინააღმდეგაა მიმართული, სწორედ ეს მწერალი ამტკიცებს, რომ გალაქტიკური საკითხები კრემლის კედლებში კი არა, ადამიანის სულში წყდება, სადაც მიმდინარეობს ბრძოლა სიკეთესა  და ბოროტებას, ღმერთსა და სატანას შორის. უმბერტო ეკო ამტკიცებდა, რომ ყველა წიგნის კითხვა სასარგებლო საქმეა, ტელეფონების წიგნისაც კი. დოსტოევსკის კითხვა სასარგებლო  საქმიანობაა. მწერლობა კერძოდ და კულტურა ზოგადად, არ შეიძლება სიკეთის მტერი იყოს.  ამიტომ პატრიოტული მოთხოვნებით მეტროპოლიის მაღალი კულტურის უარყოფა არა მხოლოდ უგემოვნობისა  და პროვინციალიზმის ნიშანია, არამედ პრაგმატულად მავნე საქმიანობაც გახლავთ.


ბუნებრივია,  სიტყვა „კულტურა“ მარტო მაღალ კულტურას არ გულისხმობს, კულტურა არსებობს დაბალიც და  უდაბლესიც. ჩვენ დოსტოევსკიზე ვლაპარაკობთ, რომელსაც ერთეულები კითხულობენ და, მავნეც  რომ ყოფილიყო, სტატისტიკურად ბევრს ვერ დააზიანებდა. მეორე მომენტია, როდესაც რუსული უხარისხო კულტურა არის შემოპარული, მაგალითად, საესტრადო და აქ ექსპანსიას ზღაპრული  გაქანება აქვს დუქან-რესტორნებიდან დაწყებული ტაქსითა და სამარშრუტო ტაქსით დამთავრებული.  და აქაც ზიანი, რომელიც აუცილებლად მიადგება ამგვარი კულტურის მომხმარებელს, გემოვნებით ხასიათისაა და არა პოლიტიკურის და, მით უმეტეს, სახელმწიფოებრიობის. თუ ადამიანი საეჭვო  ხარისხის პოპ მუსიკას და ამგვარებს უსმენს, ამით იგი რუსული სახელმწიფოს აგრესიული  პოლიტიკის მომხრე არ ხდება, ისევე როგორც ანალოგიური ქართული კულტურული სუბპროდუქტების მოხმარება ქართული სახელმწიფოებრიობის ზრდასთან და გამყარებასთან არ არის დაკავშირებული.  ორივე შემთხვევაში, გემოვნების საკითხია მნიშვნელოვანი და არა პოლიტიკის. რა თქმა  უნდა, რუსულ ესტრადაში შეიძლება „შეიპაროს“ პროპაგანდა და რბილი ძალისთვის დამახასიათებელი ელემენტები, მაგრამ სიმღერა, რომელშიც ნათქვამია „მზად ვარ დავკოცნო ქვიშა, რომელზეც  შენ დადიოდი“ არ მაიძულებს ოკუპაცია გავამართლო, ისევე როგორც „რატომ წახვედი შენ ბათუმში“ არ აიძულებს რუს ოკუპანტს, იმავე ოკუპაციაზე უარი თქვას.


სხვათა  შორის, განსაკუთრებულ აღვირახსნილ ანტირუსობას ხანდახან ხელს უწყობს თავად რუსული  კულტურაც, მაგალითად, პელევინის უაღრესად გონებამახვილური რომანი „ომონ რა,“ რომელშიც  ეჭვის ქვეშ არის დაყენებული საბჭოთა კავშირისა და რუსეთის კოსმოსური ამბიციები.


ძალიან  საინტერესოა, რომ რუსული კულტურის წინააღმდეგ ბრძოლაში, იშვიათად მიმართავენ ისეთ  არგუმენტს, რომ რუსი მწერლები რუსები არ არიან. მაგალითად, პოლონელები არ ამტკიცებენ,  რომ დოსტოევსკი პოლონელია. მე ვფიქრობ, აქ ცბიერი სტრატეგიაა გამოყენებული. „დოსტოევსკი  პოლონელია“ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი სუსტია, არადა სიძულვილი ასწავლით, რომ  დოსტოევსკი სუსტია, პლაგიატორია, უნიჭოა და ა.შ. არადა, რა საინტერესო შემთხვევაა  სწორედ ეს მწერალი. მოგეხსენებათ, საკმაოდ აღიარებული ვერსიის მიხედვით, დოსტოევსკები  წარმოშობით მონღოლები არიან. მონღოლებიდან ვინმე ყარა-მურზა გაქრისტიანებულა და რტიშევი  გამხდარა, შემდეგ ერთ-ერთ რტიშევს საჩუქრად ნაკვეთი, „დოსტოევო“ (ამგვარი საჩუქრის  ზოგადი სახელი იყო) ებოძა იმ ტერიტორიაზე, რომელიც შემდგომში რეჩ-პოსპოლიტას შემადგენლობაში  აღმოჩნდა. პირველი შლიახტობაც დოსტოევსკის წინაპარს პოლონეთის მეფისგან მიუღია და როდესაც რუსეთმა პოლონეთის ოკუპაცია მოახდინა, ამის შემდეგ გახდნენ დოსტოევსკები რუსი  თავადები. შეიძლებოდა ე.წ. „გოგოლის კარტის“ გათამაშება, მაგრამ პოლონელები უფრო დიდი  მწერლის დამცირების გზას დაადგნენ. ალბათ, ფიქრობდნენ, რომ ასე უფრო ატკენდნენ გულს  საძულველ მეზობლებს.


ეს  უნაყოფო, უპერსპექტივო მცდელობაა. ფიოდორ დოსტოევსკის დიდი მწერლობა, კაცმა რომ თქვას, დადასტურებულია. ყველაზე მარტივი კრიტერიუმი არის სოციო-დინამიკური, რამდენ ენაზე  ითარგმნა, როგორია აღიარების ინდექსი, როგორია ტირაჟი, ხდება თუ არა მისი გადატანა  ხელოვნების სხვა სფეროებში, როგორი გავლენა მოახდინა სხვა მწერლებზე და ა.შ. და გაირკვევა,  რომ ობიექტურად დიდი მწერალია და მსოფლიო მწერლობის რეიტინგში ან პირველია, ან მეორე  ან, უკიდურეს შემთხვევაში, მესამე შეიძლება  იყოს. აქ ერთი ისტორია შეიძლება გავიხსენოთ. წინა საუკუნის დასასრული დაემთხვა წინა  ათასწლეულის დასასრულსაც და მსოფლიო წალეკა სხვადასხვა ტიპის გამოკითხვებმა. საუკუნის  საუკეთესო ფეხბურთელი, ყველა დროის საუკეთესო მწერალი და ა.შ. ერთ-ერთი გამოკითხვით  დადგინდა, რომ ყველაზე დიდი ინგლისელი მწერალი ყოფილა არა შექსპირი, დიკენსი და ჯეინ  ოსტინი, არამედ ჯოან როულინგი, ჰარი პოტერის ეპოპეის ავტორი. გამოკითხვებმა აშკარად  გააღიზიანა მოქმედი მწერლები და აი, 2002 წელს ნორვეგიის წიგნის კლუბმა თავის სამშობლოში  მიიწვია მსოფლიოს 66 ქვეყნის იმდროინდელი 100 ცნობილი მწერალი. მათ შორის იყვნენ:  დორის ლესინგი, ნადინ გორდიმერი, სიუზენ ზონტაგი, პოლ ოსტერი, მილან კუნდერა, ზიგფრიდ  ლენცი, ჯულიან ბარნსი, ჰერტა მიულერი, ანტონიო ტაბუკი, მიშელ ტურნიე, ჩინგიზ აიტმატოვი,  ოლგა ტოკარჩუკი, ვალენტინ რასპუტინი და ა.შ. მწერლებს სთხოვეს, ჩამოეწერათ, მათი აზრით,  ყველა დროის ათი საუკეთესო ნაწარმოები. ამ ჩანაწერების საფუძველზე შეიქმნა ნორვეგიული  წიგნის კლუბის სია, რომელშიც მსოფლიო მწერლობის ყველა დროის ასმა საუკეთესო ნაწარმოებმა  მოიყარა თავი. კლუბმა გამოაცხადა, რომ პირველ ადგილზე ხმების რაოდენობით გავიდა სერვანტესის  „დონ კიხოტი“, დანარჩენი წიგნების ადგილები აღარ დასახელებულა. მწერალთა უმეტესობა  ამ ასეულში თითო ნაწარმოებით წარმოდგა, მაგალითად, დანტე „ღვთაებრივი კომედიითა“ და  სტენდალი „წითელი და შავით“; ზოგი ორით, მაგალითად, ჰომეროსი („ილიადა“ და „ოდისეა“),  გუსტავ ფლობერი („მადამ ბოვარი“ და „სენტიმენტური აღზრდა“), თომას მანი („ბუდენბროკები“,  „ჯადოსნური მთა“), უილიამ ფოლკნერი („ხმაური და მძვინვარება“ და „აბესალომ, აბესალომ!“);  ზოგი სამით – ფრანც კაფკა („პროცესი“, „გოდოლი“, „მოთხრობები“), უილიამ შექსპირი  („ჰამლეტი“, „მეფე ლირი“, „ოტელო“), ლევ ტოლსტოი („ომი და მშვიდობა“, „ანა კარენინა“,  „ივან ილიჩის სიკვდილი“) და ერთი მწერალი ოთხი წიგნით – ფიოდორ დოსტოევსკი („დანაშაული  და სასჯელი“, „იდიოტი“, „ეშმაკნი“, „ძმები კარამაზოვები“).


„რუსეთის  არაფერი არ გვინდა“ სერიოზული ნათქვამი ვერ იქნება. „დამპყრობელი, ოკუპანტი ქვეყნისა  არაფერი არ მინდა“ ემოციური ნათქვამია და, ერთი შეხედვით, გასაგები და ლოგიკურიცაა,  მაგრამ რამდენად შესაძლებელია? ელექტროენერგია გინდა და ჩეხოვი არ გინდა? გაზი გინდა  და ჩაიკოვსკი არ გინდა? რატომ? პასუხი მარტივია – დამპყრობელია. გასაგებია, მაგრამ  ჩვენ ხომ ძალიან ძველი და გამოცდილი ხალხი ვართ, ჩვენს დამპყრობლებს შორის არაბებიც  იყვნენ, სპარსელებიც, თურქებიც და ვინმეს გაუჩნდა აზრი, რომ არაბული ციფრები არ გვინდა,  ალგებრა არ გვინდა, „ლეილი და მაჯნუნი“ არ გვინდა, საადი არ გვინდა, ორჰან ფამუქი  არ გვინდა? იქნებ უფრო შორს წავიდეთ და საკუთარი თეიმურაზ I-ც არ გვინდა?! დამოუკიდებლობა  რთული პასუხისმგებლობა აღმოჩნდა. უპირველეს ყოვლისა, დამოუკიდებლობისთვის გარკვეული  საფასური ყოფილა გადასახდელი. მეტროპოლიის პირობებში, კოლონიური სტატუსის ქვეყნის  უმეტესი ნაწილი იყო ორენოვანი (გვქონდა სამენოვანი რეგიონებიც). რუსული, როგორც სსრკ  lingua franca, მეორე ენა იყო თითქმის ყველა მოქალაქისათვის. უცხოური ფილმები, მაგალითად, დუბლირებული იყო რუსულად. ქართული დუბლირება არც ხმოვანი არც ტიტრებით არ არსებობდა.  იყო ადგილები (განსაკუთრებით, მთაში), სადაც რუსული არ ესმოდათ და ფილმის დემონსტრირებისას  კინომექანიკოსი ან რომელიმე მოხალისე სინქრონულ თარგმანს სთავაზობდა მაყურებლებს. ამასთან დაკავშირებით ბევრი ანეკდოტური შეთხვევაც ხდებოდა. ქვეყანა იყო პრაქტიკულად ორენოვანი, უყურებდა კინოს,  ტელეგადაცემებს და, შესაბამისად, იცოდა რუსული. კარგად მახსოვს, როგორ გაიზარდა ჩემს  თაობაში რუსული ენის როლი ფეხბურთში ინგლისის 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების  ტრანსლირებისას (პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირმაც აჩვენა  თავის მაყურებელს). საფეხბურთო ტელეწამყვანები ლეგენდარული პიროვნებები იყვნენ, მათ  შორის ქართველებიც იყვნენ და იმას რა დაგვავიწყებს, თბილისის „დინამოსა“ და იენის  „კარლ ცაისის“ თამაშის რეპორტაჟს ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში დიუსელდორფიდან  კოტე მახარაძე რომ რუსულად გადმოცემდა, ვის დაავიწყდება გამარჯვებისას ნათქვამი მისი  სიტყვები: «Представляю, что творится в Тбилиси!»


საბჭოთა  ტელევიზიას უცხოური ფილმების ჩვენება არ უყვარდა. მხოლოდ განსაცდელის ჟამს გაახსენდებოდათ  ხოლმე. განსაცდელი იყო, მაგალითად, აღდგომის ღამე, საფრთხე იყო საბჭოთა მოქალაქეს  ღმერთი არ გასწყრომოდა და ეკლესიაში არ წასულიყო. ამიტომ ასეთ დროს ტელევიზია რაიმე  რეიტინგულ ფილმს აჩვენებდა ხოლმე. წლების მანძილზე ეს იყო აკირა კუროსავას შედევრის  „შვიდი სამურაის“ ამერიკული რიმეიკი, ვესტერნი „შესანიშნავი შვიდეული“, რომელიც სტატისტიკურმა მაყურებელმა, ფაქტობრივად, ზეპირად იცოდა, რა თქმა უნდა, რუსულ ენაზე. მახსენდება  ამ ფილმის ბანდიტის, კალვერას, სიტყვები სიკეთის ძალების ხელმძღვანელი კრისისადმი:  «Вы, такой человек, вернулись из-за этой маленькой деревеньки…»


ჩვენი  ინტელიგენცია იყო პრინციპულად ორენოვანი. საქართველოში ისეთებიც იყვნენ, რომელთაც  ქართული ცუდად იცოდნენ ან საერთოდ არ იცოდნენ და ლიტერატურაზე ლაპარაკი რუსულად მიმდინარეობდა.  თბილისსა და ბათუმში რუსული სკოლების მოსწავლეთა უმეტესობა ქართველები იყვნენ. ჩვენი  „გამოსული გოგონები“ ქართულ ლაპარაკს არ კადრულობდნენ, ხოლო ხელოვნების მუშაკები სამუშაო  ენად რუსულს იყენებდნენ. ოთარ იოსელიანის ფილმებში შეგიძლიათ ნახოთ რუსულად მოლაპარაკე  გოგონები. ელიტარული მთვრალი ბიჭები და გოგონები ამბობდნენ პასტერნაკის, ცვეტაევასა  და ახმატოვას ლექსებს და ა.შ. იმპერიაში ჩვენ კარგად ვიყავით ჩაწერილი, იმაზე უკეთ,  ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მაგრამ ამ დიდი პოეტების ლექსები, თუნდაც რუსულად  დამახსოვრებული და წაკითხული, საბჭოთა კავშირს არაფერს მატებდა.


სსრკ-ში  ჩვენ სხვა რესპუბლიკებთან შედარებით მეტი თავისუფლება გვქონდა. მე, როგორც ბათუმელს,  უცხოელებთან კონტაქტი ბავშვობიდანვე მქონდა. ბათუმი, მოგეხსენებათ, საპორტო ქალაქია  და სავსე იყო უცხოელი მეზღვაურებით. როგორც საკურორტო ქალაქს, ტურისტებიც არ აკლდა.  უცხოელთან ურთიერთობისა ჩვენ არ გვეშინოდა. გაჩნდა სიტყვა „ჩეინჯი“, იყიდებოდა სიგარეტი,  ჯინსი, მიმდინარეობდა კანონით აკრძალული სავალუტო ოპერაციები. „ოსტატი და მარგარიტადან“  გვახსოვს, რომ მიხაილ ბერლიოზსა და ივან ბეზდომნის უცხოელის კარგი რუსული ფრიად საეჭვოდ მიაჩნიათ და, საერთოდ, უცხოელში თავიდანვე მტერს ხედავენ. ჩვენ ასე არ ვიყავით, როგორც  ვთქვით, ჩვენ გვქონდა გაცილებით მეტი თავისუფლება, ვიდრე რუსეთს. ელიტარული უცხოელების მარშრუტი საბჭოთა კავშირში ძირითადად მოსკოვს, ლენინგრადსა და თბილისს მოიცავდა. იყო  მეორე ვარიანტი: მოსკოვი, კიევი, თბილისი.  The Beatles-ის ცნობილი სიმღერა Back to USSR სწორედ ამ სამ რეგიონს ასახელებს, აქ იყო დაგეგმილი მათი კონცერტები,  რომლებიც გაურკვეველი მიზეზებით ჩაიშალა. ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი, რუსისტი და  ქართველოლოგი დონალდ რეიფილდი ამბობს, 70-იან წლებში საქართველოში სსრკ უკვე აღარ  იყოო. სხვათა შორის, მეტი თავისუფლების პირობებში ზოგიერთმა უარი თქვა ნაციონალურ  კულტურაზე. მეტი თავისუფლება იმითაც გამოიხატებოდა, მსუბუქი პატრიოტიზმი დასაშვები  იყო, მაგალითად სკოლაში, ოღონდ მართლაც მსუბუქი და უვნებელი.

მიუხედავად  ამისა, განათლებულ ადამიანებში კარგ ტონად ითვლებოდა აგდებული დამოკიდებულება ქართული კულტურისადმი. შეიძლება რომელიმე პროფესორს ეთქვა, „ნუ რა არის თქვენი რუსთაველი“?  და სწორედ ამ ხალხმა, რომელიც ქართულ კულტურას ვერ ხედავდა საბჭოთა დროში, ახლა შემოგვთავაზა,  სხვა კულტურა არ დავინახოთ. გასაოცარია ის გულგრილობა, რომელსაც ჩვენ ვავლენთ მეზობელი  ხალხების ცხოვრებისა და კულტურის ცოდნის სფეროში. სამიანზეც არ ვიცით სომხური კულტურა,  სანამ არსებობდა, არმენოლოგიის ფაკულტეტზე, სიძულვილით უფრო მიდიოდნენ, ვიდრე სიყვარულით.  ასეთი დამოკიდებულება გვაქვს, მეზობლების კულტურა არ გვაინტერესებს და ახლა ვცდილობთ  მეზობელი ყოფილი მეტროპოლიის კულტურაც გავიყვანოთ ამ საქმეში. ამბობენ, რომ რუსული  ენა წავიდა და მას ჩაენაცვლა ინგლისური ენა. ინგლისური ვერაფერს ვერ ჩაენაცვლა, ინგლისურის  ცოდნა ისეთი მასობრივი ვერასოდეს ვერ იქნება, როგორიც რუსულისა იყო. კოლონია არის  ორენოვნება. დამოუკიდებელი ქვეყანა ერთენოვანია. დამოუკიდებლობა უდიდესი მონაპოვარია, ერთენოვნება კი ასევე უდიდესი საფრთხეა. მთელმა საქართველომ რომ ყველაფერი დაივიწყოს  და მთელმა ქვეყანამ თარგმნა დაიწყოს, მაინც არ გვეყოფა რესურსი მსოფლიო კულტურის ასათვისებლად.  შესაბამისად, არ გვაქვს სახელმძღვანელოები, მათემატიკიდან მედიცინამდე და ჰუმანიტარულ  სფერომდე. ჩვენი განათლების დონე დაეცა ყველგან და ესაა ჩვეულებრივი ამბავი. ბუნებრივია,  ამის გამო დამოუკიდებლობაზე უარს ვერ ვიტყოდით.


ერთენოვნება  კულტურული პრობლემაა. დოსტოევსკიმ რა პრობლემა უნდა შექმნას, თუკი მას ვერავინ კითხულობს? საქართველოს განთავისუფლებას მოჰყვა დიდი მთარგმნელობითი და საგამომცემლო ბუმი. ძირითადად ვთარგმნიდით ინგლისურიდან, თუმცა, რომანული ენებიც არ დავივიწყეთ; გამოჩნდნენ უმაღლესი  დონის მთარგმნელები: ჭილაძე, ჯაფარიძე, ახვლედიანი, ბადრიძე, ცხადაძე, დუმბაძე, ქანთარია,  ფიფია და ა.შ. ახლა ჩვენს თვალწინ იბადება ახალი ტენდენცია, რუსულიდან თარგმნა დაიწყეს  დიდმა მთარგმნელებმა. ჭილაძემაც კი მოჰკიდა ხელი რუსულს. დადგა დრო, როდესაც ფიოდორ  დოსტოევსკის პროფესიონალი თარგმნის, ეს პირდაპირი ნიშანია, რომ ის ჩვენთვის კვლავ  ხდება კულტურა. მეტროპოლიიდან გადიხარ, მის ენას კარგავ და მისი კულტურა არ არის საშიში.  კულტურა საერთოდ არ არის პრობლემა, პრობლემა არასოდეს არ იყო ნამდვილ კულტურაში, პრობლემა  იყო სუკში, ქართველ და რუს ჩეკისტებში, დამსმენებში, კომკავშირულ და პარტიულ აქტივისტებში,  КГБ-ს, ГРУ-ს აგენტებში და ა.შ.


სტალინის  სიძულვილით ამბობდნენ, რომ ნაცრისფერი, შეუმჩნეველი და გაუნათლებელი კაცი იყოო. ტროცკიმ  წამოიწყო სტალინის ასე გაშავება და სხვებიც აყვნენ. ამასობაში, სტალინი დღეში  300-500 გვერდს კითხულობდა, მანქანაშიც კი სპეციალური სანათი ჰქონდა, წიგნი რომ ეკითხა.  ამას გვიდასტურებენ შესანიშნავი ისტორიკოსის სიმონ სებაგ მონტეფიორეს წიგნები. არის  ობიექტური მონაცემები. ბევრი რამის სწავლა არ ღირს სტალინისგან, მაგრამ ეს ერთი გაკვეთილი მაინც უნდა ავითვისოთ. სტალინის ბიბლიოთეკა სავსე იყო არა მხოლოდ ლენინის ტომებით,  არამედ იდეური მოწინააღმდეგეების, პლეხანოვის, ტროცკის, ზინოვიევის, კამენევის, ბუხარინის  წიგნებით. სტალინი მათ კითხულობდა და ამაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავდა. სტალინი  ტროცკის კითხულობდა და ჩვენ ტოლსტოის წაკითხვისა უნდა შეგვეშინდეს?!


კარგი  წიგნი საფრთხე არ არის. წიგნი საერთოდ არ უნდა იყოს საფრთხე, თუ გლადკოვის „ცემენტი“  ან რამე ასეთი სოცრეალისტური აბდაუბდა არ არის. სოციალისტური რეალიზმის საფუძვლები  და ძირითადი მახასიათებლები (ხალხურობა, იდეურობა, კონკრეტულობა) საშიში იყო არა მხოლოდ  რუსულ კულტურაში, არამედ მშობლიურ, ქართულ ლიტერატურასა და კულტურაშიც. და მაინც გასაკვირია, რამდენი არასაბჭოთა წიგნი დაიწერა, რამდენი არასაბჭოთა რეჟისორი მოვიდა კინოში, რამდენი  თამამი იდეა „გაიპარა“ ან „გააპარეს“ კეთილმა ადამიანებმა. როდესაც ასეთი წიგნები რუსულად იწერებოდა, რუსული კულტურა მაშინ ყველასათვის სასარგებლო იყო. გლადკოვი, ნიკოლაევა  და ასეთები არა, მაგრამ პლატონოვი და პასტერნაკი რომ უფრო მეტადაა რუსული კულტურა,  ვიდრე თუნდაც ნობელიანტი შოლოხოვი და სერაფიმოვიჩების მთელი არმია, ეს ხომ აშკარაა.


ჩვენთვის  ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანას როგორ ხედავდა რუსული კულტურა. დიდ საიდუმლოს  არ გავამჟღავნებ, თუ ვიტყვი, რომ საქართველო ყოველთვის იყო რუსული მწერლობის, განსაკუთრებით,  რუსული პოეზიის მუზა. პუშკინიდან და ლერმონტოვით დაწყებული და მაიაკოვსკითა და პასტერნაკით  დამთავრებული. პუშკინის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ლექსი ასე იწყება «На холмах Грузии лежит ночная мгла; / Шумит Арагва предо мною.» ეს ის ლექსია, რომლის ბოლო სიტყვებია:  «И сердце вновь горит и любит — оттого, / Что не любить оно не может.» საქართველო  ძალიან უყვარდა ლევ ტოლსტოის. ახალგაზრდობაში აქ გატარებული ხუთი თვე მას ისე კარგად  დაამახსოვრდა, რომ სიცოცხლის ბოლოს, სახლიდან რომ გაიქცა, რუმინეთში მიდიოდა და თუ პასპორტი არ მომცეს, თბილისში წავალ, ქართველები კარგები არიან, არაფერს არ ითვლიანო.


უახლოეს დროშიც რუსულმა პოლიტიკამ მაღალი რუსული კულტურა ვერ გამოიყენა  ე.წ. „ახლო საზღვარგარეთის“ ხელახლა დასაპყრობად, როგორც ე.წ. რბილი ძალა. დოსტოევსკისა  და გოგოლის ძალას მათ გაზისა და ნავთობის, ელექტროენერგიისა და ტანკების ძალა ურჩევნიათ.  ცოტა უცნაურია, რომ რუსეთის ცარისტული და შემდგომ საბჭოთა იმპერია სერიოზულად არ ზრუნავდა  ინტეგრაციაზე ან მის უკიდურეს სახეობაზე, ასიმილაციაზე. ეს ჩვენც გვეხებოდა. ჩვენთვის  უდიდესი ტკივილის საგანი იყო, ვინმე, ეთნიკურად არაასპროცენტიანი ქართველი თუ იტყოდა,  ქართველი ვარო. მეტიც, ქართველი მეცნიერებიც კი დარდობდნენ საფრანგეთის საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებში ზიდანი, ტიგანა, ტრეზორი, ანრი და ჯორკაევი რომ თამაშობდნენ და ახლა  დარდობენ, მბაპე რომ თამაშობს. ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო, სომხური  წარმოშობის მოქალაქე თუ ქართველობას დაიბრალებდა.  ქართული ნაციონალიზმი ებრძოდა ასიმილაციას. სისხლის სიწმინდე იყო ამოცანა. საბჭოთა კავშირიც ვერ ახერხებდა ასიმილაციას. სასაცილო პროექტი ჰქონდათ, „საბჭოთა ხალხი“ ერქვა  და ერთიანი საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსიც კი არ ჰქონდათ. რუსეთის იყო, საქართველოს  იყო და საბჭოთა კავშირისა – არა. საბჭოთა ხალხის ჩამოყალიბებას საბჭოთა ენა სჭირდებოდა.  ასეთი რამ კი ხელოვნურად ვერ შეიქმნებოდა, რაც შეეხება ასიმილაციას, იმის შიშით, რომელიმე  სომეხმა, ქართველმა ან ებრაელმა რუსობა არ მოინდომოსო, პასპორტსა და ანკეტებში ეროვნების  სპეციალური გრაფა ჰქონდათ. დიდი ბრიტანეთის იმპერია რომ დაიშალა, 54 ქვეყნიანი თანამეგობრობა  ჩამოყალიბდა, სიმპათიები დარჩათ ერთმანეთის მიმართ. კანადასა და ავსტრალიაში დიდი ბრიტანეთი არ სძულთ და სერიოზულად არ მსჯელობენ იმაზე, შექსპირი დიდია თუ არა. რა  თქმა უნდა, არის ინდოეთის, პაკისტანისა და ბანგლადეშის მაგალითებიც. თუმცა თანამედროვე  მსოფლიოს უდიდეს ინგლისურენოვან მწერალს სალმან რუშდი ჰქვია და იგი ინდოელია.


შესაძლოა,  რუსული კულტურა საბჭოთა დროსაც არ იყო საფრთხე, რადგან არ იყო ასიმილაციაზე გათვლილი.  როგორც გახსოვთ, ძალიან თავისებური პროცესი იყო საბჭოთა კავშირის დაშლა. სამმა სლავურმა  ქვეყანამ ბელოვეჟსკაია პუშჩაში ხელი მოაწერა ახალი კავშირის შექმნას, დანარჩენი საბჭოთა რესპუბლიკები იქ არ იყო და სსრკ ამგვარად დაიშალა. ვიღაცამ იზეიმა, ვიღაცას არ ეზეიმებოდა  (ჩვენ, მაგალითად, სამოქალაქო დაპირისპირებისა და ეროვნული ტრაგედიის გამო), მაგრამ  ზოგიერთ ქვეყანაში ამას სულ სხვანაირად ხედავდნენ, ჩავიდნენ შუა აზიიდან და იძულებით  შეაქმნევინეს СНГ.


როდესაც  აკადემიკოსმა სახაროვმა მცირე იმპერია გვიწოდა, საწყენად მივიღეთ. აფხაზეთისა და ოსეთის განმათავისუფლებელი სურვილებიც საწყენად მივიღეთ. ვერ გავიგეთ, სახელმწიფო სინამდვილეში  რა არის. ბევრს ეგონა, რომ თავისუფლება ისაა, რომ ავტონომიებსა და ეროვნულ უმცირესობებს  დაერიო. რომის იმპერიის მაგალითი ვერ გამოვიყენეთ, უმცირესობები მეგობრებად ვერ შევინარჩუნეთ. ეროვნული უნივერსიტეტის გახსნის უფლებასაც კი ვამადლიდით.


1978  წელს მეგობრებმა იატაკქვეშეთში შევქმენით პოლიტიკური პარტია, საქართველოს რესპუბლიკური  პარტია. პარტიას ჰქონდა თავისი ბეჭდვითი ორგანო, „სამრეკლო“. პირველი ნომერი მე და  ჩემმა მეუღლემ 13 ეგზემპლარი დავბეჭდეთ საბეჭდ მანქანაზე. რას ვწერდით? რომ ჩვენს  უზარმაზარ ეროვნულ რესურსებს (ციტრუსები, ჩაი, წყალი, ღვინო) რუსეთი „აზის“, გვძარცვავს. გვეგონა, რომ განთავისუფლება და ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენი აყვავება ერთი იქნებოდა.  იმას როგორ წარმოვიდგენდით, რომ ეკონომიკურად რუსეთისთვის ზარალი ვიყავით და რომ რუსეთი  გვინახავდა? რომ ვაზიანის სამხედრო აეროპორტს, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი ზომის  თვითმფრინავის მიღება შეუძლია, ვერასოდეს ვერ ავაშენებდით, რომ მეტროს ერთი სადგურის  აშენებას ოცდაათ წელს მოვანდომებდით და მთელ მეტროზე ოცნებასაც ვერ გავბედავდით. კოლონიამ  არ იცის სიმართლე საკუთარი თავის შესახებ.


თანამედროვე  რუსეთი ვერ სარგებლობს თავისივე კულტურით. პუტინს არასოდეს არაფერში არ გამოადგა რუსული  კულტურა. პელევინი და სოროკინი როგორ უნდა გამოიყენოს? როგორ უნდა გამოიყენოს კულტურის  დიდი ნაწილი, რომელიც იმპერიის მტერია? თუნდაც ისეთი მომღერლები, როგორიც ბორის გრებენშჩიკოვი  ანდრეი მაკარევიჩია, როგორ უნდა გამოიყენოს? იური შევჩუკი როგორ უნდა გამოიყენოს,  თუკი მან პრეზიდენტი პუტინი პირდაპირ ეთერში სერიოზულად აბურთავა? როგორ გამოიყენებდა  საბჭოთა კავშირი ეიზენშტეინს, შოსტაკოვიჩსა და პასტერნაკს, თუკი თვალი მუდმივად მათ  განადგურებაზე ეჭირა?


მსოფლიო  ლიტერატურის უდიდესი რუსი მწერლებისგან რუსეთისადმი ინტერესი დაგებადება, მაგრამ რუსეთის  სიყვარული ვერ დაგებადება. ამიტომ ის კულტურა, რომელიც თვითმპყრობელობის წინააღმდეგი  იყო, არ მოემსახურა რუსეთის იმპერიას, საბჭოთა იმპერიასაც სჭირდებოდა მწერლები სერაფიმოვიჩი  და გლადკოვი, პოეტები დამიან ბედნი და კონსტანტინ სიმონოვი, ისინი აბსოლუტურად ჯდებოდნენ წითელი იმპერიის გაგებაში, პასტერნაკი როგორ უნდა გამოეყენებინა შენს წინააღმდეგ?  სხვათა შორის, სულ მიკვირდა, რატომ იყო პასტერნაკი ასეთი გასაწირავი, სოლჟენიცინი  იყო თუ რა? სამოქალაქო ომზე თქვა მოკრძალებული სიმართლე. სიმძაფრის მიხედვით შალამოვის  მეასედი არ იყო, შალამოვის ერთი მოთხრობაც უფრო საშიში იყო, ვიდრე მთელი პასტერნაკი. საშიში მე მეგონა, ჩვენი გოგონები ქართულად რომ არ ლაპარაკობდნენ, ჩვენი მხარე ყოფილა  საშიში.


საბოლოოდ  რა მოხდა?


საბჭოთა  კავშირმა ვერ შექმნა საბჭოთა კულტურა. ყველაზე დიდი მიღწევა ამ თვალსაზრისით იყო გაზეთის  დასახელება „საბჭოთა კულტურა“.


საბჭოთა  კავშირმა ვერ ჩამოაყალიბა „ახალი ისტორიული ერთობა, საბჭოთა ხალხი“.


არ  არსებობს ორი რუსეთი, ისე როგორც არ არსებობდა ორი გერმანია, ეს მართალია, მაგრამ  ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი რუსეთის კულტურას ზურგი შეაქციო.


საფრთხე  ნამდვილად არის რუსეთის სახელმწიფო, მისი სამხედრო, ეკონომიკური პოტენციალი, მისი  რბილი ძალა, პროპაგანდა და აგენტურა. რუსეთს არ აქვს კულტურული იარაღი. რატომ ვერ  შექმნა? იმიტომ, რომ პუტინი დიდ რუსულ კულტურასთან შედარებით ჯუჯაა. რუსული კულტურა  რუსულ პოლიტიკას აღემატება. ასეა სწორი, ჩვენთანაც ასეა. რუსთაველი და ივანიშვილი  როგორ უნდა შევადაროთ? იქაც ისეა. არ მინდა ვილაპარაკო რუსი ხალხის თვისებებზე, ჩვენი  მთავარი ღირებულება მოთმინება და ტანჯვა არისო, რომ ამბობენ. სინამდვილეში კოლექტივიზმი,  ინდივიდუალური თავისუფლების ნაკლებობა და მასობრივი უკულტურობაა მათი პრობლემა.


დრო  გადის. ჩვენ ვშორდებით ერთმანეთს.


ძალიან საინტერესოა, რუსული სოციალური ქცევის კულტურა როგორ შემოვიდა  ჩვენში. დიდი ხნის განმავლობაში ქცევის კულტურა ავითვისეთ, მაგრამ მას მემკვიდრეობითობა  არ აქვს, და ამიტომ საშიში აღარ არის. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო შრომისადმი აგდებული  დამოკიდებულება, რასაც მოჰყვა ქურდობის პატრიოტული ახსნა („კარგი კაცია, რუსებს პარავს“),  საკითხების გადაწყვეტა მარტივად, ერთი ბოთლი კონიაკით და ა.შ. კორუფცია. რუსეთის სიმარტივე  ბევრ კომპონენტში შემოვიდა ჩვენთან: ლაზიშვილების მილიონერობა, ბიძინა ივანიშვილისა  და ბრინცალოვების მილიარდერობა, – საბჭოთა კავშირი იყო სამოსნების სათაყვანებელი ქვეყანა.


ახლა  მოდის ფრიადოსნების დრო.