რუსული ჰიბრიდული ომის ანატომია

გიორგი ბუტიკაშვილი | აკადემიური ესე | 2021

შესავალი


2014 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან  თითქმის ასი წლის თავზე, მსოფლიო ომის ახალი ფენომენის წინაშე აღმოჩნდა, რომელმაც  სრულიად შეცვალა ომის დისკურსი და საერთაშორისო თანამეგობრობა კომპლექსური ხასიათის გამოწვევების პირისპირ დააყენა.  რუსეთის მიერ ფარულად განხორციელებული ყირიმის ანექსია, შეიძლება თანამედროვე ომის  წარმოების ათვლის წერტილად მივიჩნიოთ. ამ მოვლენებზე დაკვირვების შედეგად, ომის თეორეტიკოსებმა აღნიშნულ ცვლილებებზე დაკვირვებით, შეიმუშავეს და ჩამოაყალიბეს ახალი კონცეფციები და პარადიგმები, რომლებიც გვაძლევენ  საშუალებას უკეთ გავიაზროთ თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევები და  განვსაზღვროთ თანამედროვე ომის წარმოების ხასიათი.


ჯერ კიდევ, კარლ ფონ კლაუზევიცი, რომელიც ომის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელია, ომის დახასიათებისას  განმარტავს, რომ ომი ჭეშმარიტი ქამელეონია, რომელიც გარემოებისდა მიხედვით იცვლის  თვისობრივ ხასიათს: "ომის  ხასიათი მუდმივად ცვალებადი ფენომენია. მისი ცვალებადი ბუნება დამოკიდებულია მთელ  რიგ ფაქტორებზე, მათ შორის საბრძოლო ველის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მეომრებზე და მათი ტექნოლოგიური განვითარების დონეზე"[1] შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ომის  წარმოების აქტორები მსოფლიოს განვითარების კვალდაკვალ ცვლიან საკუთარ მიდგომებს და სტრატეგიებს დასახული მიზნების უფრო ეფექტიანად და წარმატებით მისაღწევად.


მეტი თვალსაჩინოებისთვის, საბჭოთა კავშირის  დაშლის და ბიპოლარული მსოფლიო წესრიგის დასასრულის პარალელურად, 90-იან წლებში, აღმოსავლეთ  ევროპაში მრავალი ეთნიკური ომი, სეცესიური კონფლიქტი და სახელმწიფო გადატრიალება წარმოიშვა.  საბჭოთა კავშირის მემკვიდრე სახელმწიფო, რუსეთი კი, აღნიშნულ გარემოებაში თერთმეტი  ომის თანამონაწილე გახდა.[2] დასავლეთის[3] პოლიტიკური და სტრატეგიული მიზანი და მისი სურვილი დახმარებოდა  ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებს დემოკრატიულ სახელმწიფოებად გარდაქმნის პროცესში, რუსეთის  მიერ აღქმული იქნა, როგორც საკუთარი ძალაუფლების დაკარგვა მის იმანენტურ გავლენის  სფეროში. შედეგად, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კონტროლის შენარჩუნების მიზნით, რუსეთმა დააარსა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ), რაც საშუალებას მისცემდა რუსეთს განესაზღვრა თავისი გავლენის სფეროები.


მოსკოვის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას იმედი  ჰქონდა, რომ შეძლებდა საბჭოთა კავშირის რაიმე სხვა ფორმით რეინკარნირებას. თუმცა დროთა  განმავლობაში, ცხადი გახდა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები არ აპირებდნენ ახალ ე.წ. კვაზისახელმწიფოებად გადაქცევას. პირიქით, ბოლო წლებში სომხეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ,  მოლდოვამ, უკრაინამ და ბელორუსმა თავიანთი საგარეო პოლიტიკა დაუკავშირეს ევროკავშირის  აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკას; კრემლმა ეს მოვლენა განიხილა, როგორც რუსეთის ძალაუფლების შესუსტების დასაწყისი.


რუსეთის ელიტამ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება  და სამხედრო ინფრასტრუქტურის გადატანა რუსეთის საზღვრებთან შეაფასა როგორც "უდიდესი საგარეო სამხედრო საფრთხე."[4] გარდა ამისა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ომი, საბოლოოდ გახდა რუსეთის სამხედრო პოლიტიკისთვის გარდამტეხი  წერტილი. მოსკოვი მიხვდა, რომ მას სჭირდებოდა საბრძოლო სტრატეგიების და მეთოდების  შეცვლა, რათა გლობალიზებულ სამყაროში, საკუთარი მიზნებისთვის და ინტერესებისთვის უფრო ეფექტურად მიეღწია.[5] ვლადიმერ კოზინის, სამხედრო მეცნიერებათა  აკადემიის პროფესორის განცხადება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, აღნიშნულ თეზას: ”უელსში ნატოს სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს  ღია ანტირუსული ხასიათი ჰქონდა, ამიტომ რუსეთი იძულებული გახდა თავისი სამხედრო დოქტრინა  შეეცვალა.”[6]


სამხედრო დოქტრინის ეს ადაპტაცია პრაქტიკაში  ნიშნავდა: “hidden faces, hidden command-and-control, hidden orders,”[7] შედეგად მივიღეთ, ყირიმის ანექსია რუსეთის  მიერ, კრიზისი აღმოსავლეთ უკრაინაში და კრემლის ჩარევა დასავლეთის სახელმწიფოების  საშინაო საქმეებში. 2015 წელს რუსეთის ჩართულობამ სირიის სამოქალაქო ომში, გამოავლინა  რუსული სამხედრო ძალების გაუმჯობესებული შესაძლებლობები.[8] გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთში მოსკოვს ადანაშაულებენ  Brexit– ის რეფერენდუმზე გავლენის მოხდენაში[9], 2016 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში  რუსეთს ბრალი დასდეს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მანიპულირებაში,[10] გერმანიაში კრემლმა სცადა შეერყია კანცლერ  ანგელა მერკელის ხელახალი არჩევის შანსი.[11] სხვა სიტყვებით რომ  ვთქვათ, რუსული თანამედროვე ომის თავისებურებანი და ფორმები სულ უფრო მეტად არაკონვენციური  და ბუნდოვანი გახდა, რაც სამეცნიერო ლიტერატურასა და დებატებში ხასიათდება, როგორც  ომის ახალი ფენომენი, ე.წ. ჰიბრიდული ომი.


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლოგიკურია  დაისვას კითხვა, რა განვითარება ჰპოვა ომმა 21-ე საუკუნეში? და უფრო კონკრეტულად,  როგორ ესმის რუსეთს თანემდროვე ომის კონცეპტი? ვინაიდან არასამხედრო საშუალებები უფრო  და უფრო დიდ როლს თამაშობს თანამედროვე კონფლიქტებში,  ხომ არ მივიღეთ მოცემულობა, სადაც ბუნდოვანია ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის?


1. ჰიბრიდული ომის დასავლური გაგება


თუ XX საუკუნის პირველ ნახევარში პასუხი  კითხვაზე - რა არის ომი? - არსებული გამოცდილებიდან  გამომდინარე მარტივი იყო, XXI საუკუნის დასაწყისში ომმა ახალი განზომილება შეიძინა  და მისი ცალსახა განმარტებაც გართულდა. ომის ერთ-ერთი ფუნდამენტალური განმარტება ეკუთვნის  უკვე ნახსენებ კარლ ფონ კლაუზევიცს, რომელიც თავის ნაშრომში „ომის შესახებ,“ აღწერს ომის კლასიკურ ბუნებას. ავტორის აზრით, ომის მთავარი მიზანი მოწინააღმდეგის  განადგურებაა. ეს არის აბსოლუტური ომი, სადაც ერთი ძალა ცდილობს მეორე ძალის სრულ გაცამტვერებას. თუმცა რეალობა ხანდახან განსხვავებულია, ამიტომ გარემოებებიდან გამომდინარე  სახელმწიფო ცვლის საკუთარ სტრატეგიას, მიზნებს და მეთოდებს, რაც მას დასახული ამოცანის  მიღწევაში ეხმარება. ავტორის დაკვირვებით, ომი ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკური ურთიერთობების გაგრძელება სხვა ხერხებით და რაც უფრო მძლავრია სახელმწიფოს პოლიტიკური მისწრაფებები,  მით უფრო ძლიერია ომის ალბათობა.[12]  სამხედრო  ისტორიკოსი მარტინ ვან კრეფელდი აღნიშნავს, რომ ომის თანამედროვე ანალიზი მეტად ფოკუსირებული  უნდა იყოს ე.წ. დაბალი ინტენსივობის კონფლიქტებზე (Low Intensity Conflicts), სადაც სახელმწიფო  მრავალ პოტენციურ კონფლიქტურ მხარეს შორის, ერთ-ერთია.[13] მერი კალდორი ახალი ომის სტრატეგიას თავის წიგნში "ახალი და ძველი ომები" განიხილავს გლობალიზაციის კონტექსტში. კალდორის თქმით, ე.წ. ,,რევოლუციამ“ ინფორმაციულ  და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, გამოიწვია ომს, ორგანიზებულ დანაშაულსა და ადამიანის  უფლებათა მძიმე დარღვევებს შორის საზღვრების გაბუნდოვანება. ომის წარმოება დღესდღეობით  დიდწილად დეცენტრალიზებულია და დეზორგანიზებული, თუმცა ამავდროულად კონტროლდება და გავლენა აქვს მასზე სხვადასხვა დაჯგუფებებს.[14] გარდა ამისა, ჰერფრიდ მიუნკლერი ასიმეტრიულ  სამხედრო ძალებზე საუბრობს. პარტიზანული ომი, ტერორიზმი და საინფორმაციო ომი, მიუნკლერის  აზრით, ასიმეტრიული ომის სტრატეგიის ერთ-ერთი შესაძლო ფორმაა.[15] ფელიქს ვასერმანი კი არატრადიციულ ომს  ახასიათებს, როგორც 21-ე საუკუნის უსაფრთხოების უდიდეს გამოწვევას.[16] ტომას ჰამესი და ვილიამ ლინდი საუბრობენ  ომის ცვალებად ბუნებაზე და თანამედროვე ომს განიხილავენ მეოთხე თაობის ომის (4GW) კონტექსტში. მაგალითად, ტომას ჰამესის აზრით, მეოთხე თაობის (4GW) ომი, წინა სამ თაობასთან  შედარებით უფრო სრულყოფილია. სოციალურმა, ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და ტექნოლოგიურმა  განვითარებამ, გლობალიზაციის პროცესებმა და ინფორმაციის სწრაფად გადაცემის საშუალებებმა დიდი ზეგავლენა იქონიეს ომის ხასიათის ცვლილებაზე. მეოთხე თაობის ომი ეს არის თანამედროვე  ომი თავისი შინაარსით. თუ წინა თაობის ომებისთვის დამახასიათებელი იყო ტერიტორიისთვის  ბრძოლა, მეოთხე თაობის ომის მიზანია ზეგავლენა მოახდინოს მოწინააღმდეგის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და შეასუსტოს მისი ბრძოლისუნარიანობა. ომის ეს ახალი  ფორმა ძირითადად დამახასიათებელია არასახელმწიფო ან ქვესახელმწიფო აქტორებისთვის.[17]


ზემოთ  აღწერილი „ახალი  ომების“ სისტემატიზაცია ძირითადად არასახელმწიფო  აქტორების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. კრიმინალური ბანდები, უკანონო სამხედრო ფორმირებები,  პარტიზანული ქვედანაყოფები და ტერორისტული დაჯგუფებები ,,ახალი ომების“ კვლევის ცენტრალური  საკითხია. თუმცა, სახელმწიფოს მიერ წარმოებულ არატრადიციული ომის სტრატეგიები მეტ  სტრუქტურიზაციას საჭიროებენ. ეს განსაკუთრებით ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთის  ფედერაციის სპეციალურმა ქვედანაყოფებმა ფარული სამხედრო ოპერაციები განახორციელეს  უკრაინაში, და რაც საბოლოოდ რუსეთის მიერ ყირიმის სრული ანექსიით დასრულდა. ომის სტრატეგიის  აღნიშნული ახალი ბუნება, ფრანკ ჰოფმანისთვის, შეიძლება შეფასდეს, როგორც ფიზიკური და ფსიქიკური, კინეტიკური და არა-კინეტიკური, საომარი და არასაომარი მოქმედებების  ერთობლიობა, რომელიც შესაძლოა ერთმა სახელმწიფომ განახორციელოს მეორე სახელმწიფოში.[18] ასეთ ქმედებათა ძირითად მიზანს სახელმწიფოს დესტაბილიზაცია წარმოადგენს. თავდაპირველად, აღნიშნული ქმედებები ხელს უშლის ცალკეული  სახელმწიფოების პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის დაუცველობის განცდას  საზოგადოებაში და, საბოლოო ჯამში, შესწევს უნარი შეარყიოს სრული სახელმწიფო სისტემა.  "ეს  არის შეზღუდული ომი, რომლის მთავარი მიზანია შეცვალოს პოლიტიკური რეჟიმი ან შექმნას  საკუთარი გავლენის სფეროები".[19] ფრანკ ჰოფმანმა ომის აღნიშნული ფენომენი განსაზღვრა, როგორც ჰიბრიდული საფრთხე, რომელიც ხასიათდება თანამედროვე კონფლიქტის  ფორმების მრავალფეროვნებით:


"ჰიბრიდული საფრთხეებია, როდესაც ნებისმიერი მოწინააღმდეგე ერთდროულად იყენებს ტრადიციული იარაღის, ასიმეტრიული ტაქტიკის, ტერორიზმის და კრიმინალური ქცევის შესაბამის კომბინაციას და საომარი მოქმედებების სივრცეს, საკუთარი პოლიტიკური  მიზნების მისაღწევად.“[20]


ფრანკ ჰოფმანის ჰიბრიდული ომის თეორია ძირითადად ეფუძნება თანამედროვე კონფლიქტების გაგებას. თეორიაში ყურადღება გამახვილებულია ჰიბრიდული  ომის არა როგორც სამომავლო შესაძლო სტრატეგიულ გამოყენებაზე, არამედ განმარტებულია  როგორც უკვე არსებული, 21-ე საუკუნის გამოწვევა.


2. ჰიბრიდული ომის რუსული გაგება


თუ წინა ქვეთავში განხილული ახალი ომების  ცენტრალურ სუბიექტს არასახელმწიფო აქტორები წარმოადგენდნენ. აღნიშნულმა ომის ფენომენმა რუსულ სამხედრო ლიტერატურაში სრულიად განსხვავებული  სახე შეიძინა. რუსი სამხედრო სპეციალისტების თანახმად, თანამედროვე კონფლიქტების ამოსავალი  წერტილია ტრადიციული ომის თავიდან აცილება. მათი აზრით ყურადღება უნდა გამახვილდეს არასამხედრო: პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ინფორმაციული, იდეოლოგიური და ფინანსური  მეთოდების გამოყენებაზე და მოწინააღმდეგის, ამ გზით, არაპირდაპირ განადგურებაზე უნდა იყოს მიმართული.  მთავარი მიზანია მტრის სოციო-პოლიტიკურ კრიზისამდე მიყვანა და მისი სახელმწიფოებრიობის  სრული დესტრუქცია. აღნიშნულ კონცეფციებს ვხვდებით ევგენი მესნერის, ალექსანდრ დუგინის, იგორ პანარინის, სერგეი ჩეკინოვის, სერგეი ბოგდანოვის და ვალერი გერასიმოვის ნაშრომებში,  რომლიც განხილულია სტატიის მომდევნო თავში.


2.1. დივერსიული ომის თეორია[21]


ევგენი  მესნერის „დივერსიული  ომის თეორიის“ ანალიზამდე უნდა აღინიშნოს, რომ მის მიერ  შექმნილი ომის კონცეპტი მეოცე საუკუნის პირველ  ნახევარში დაიწერა და ანტიკომუნისტური იდეების გამო აკრძალული იყო საბჭოთა კავშირში,  თუმცა ცივი ომის დასრულების შემდეგ, ევგენი მესნერის თეორიამ დიდი პოპულარობა მოიპოვა  თანამედროვე რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსებს შორის. მისი ნამუშევრები, ძირითადად, ცივი ომის ეპოქის  რეალობას, იმ პერიოდის პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ და სოციალურ-კულტურულ განვითარებას ემყარება. მესნერის თქმით, სეკულარიზმმა და ლიბერალიზმმა, ადამიანის უფლებების წინა  პლანზე წამოწევამ და მექანიზაციამ, ურბანიზაციამ და დეკოლონიზაციამ, ხალხის აქტიურმა მონაწილეობამ პოლიტიკურ პროცესებში და საერთაშორისო ინსტიტუტების გამოჩენამ, კაცობრიობის  პროგრესს შეუწყო ხელი. თუმცა, მათ ასევე შექმნეს შესაძლებლობები მოწინააღმდეგის პოლიტიკური  ნების შესუსტებისთვის, რაც გამოიხატება მოსახლეობის გონებაზე ზემოქმედებით[22]:


"ხალხი  ომის აქტიური მონაწილე იქნება და შესაძლოა უფრო აქტიურიც, ვიდრე სამხედრო საშუალებების  […გამოყენებაა]. წინა ომებში ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად ტერიტორიის დაპყრობა ითვლებოდა.  დღეიდან, მოწინააღმდეგის სულის დამორჩილებაა ცენტრალური მიზანი".[23]


ომის  კიდევ ერთი განზომილება, რომელსაც მესნერი განმარტავს, არის ომის ფსიქოლოგიური ხასიათი: "მოწინააღმდეგის  საზოგადოების სული გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სამიზნე, [...] მტრის სულისკვეთების დეგრადაცია [...] ამის მთავარი საშუალებაა პროპაგანდისა და აგიტაციის  [გამოყენება]".[24] მესნერის აზრით, პროპაგანდა წარმოადგენს  ერთ-ერთ ძლევამოსილ ინსტრუმენტს, რომელმაც შესაძლოა სხვადასხვა ფორმა შეიძინოს; „პროპაგანდა სიტყვით“,  რომელიც მოიცავს რადიოს, ოფიციალურ სიტყვით გამოსვლებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ფილმებს  და პუბლიკაციებს და „პროპაგანდა ქმედებით“, რომლის ძირითადი ღირებულებაა ზემოაღნიშნული წყაროების გამოყენება ქმედებისთვის, რომელსაც  ექნება ფსიქოლოგიური ზეგავლენა საზოგადოებაზე.[25]


"დღეს, ფსიქოლოგიური  ომის ეპოქაში, არც ბრძოლაში გამარჯვება და არც ტერიტორიის დაპყრობა წარმოადგენს თვითმიზანს:  [...] ეს არც მოწინააღმდეგის ადამიანური რესურსების დესტრუქციას ეხება, არამედ მისი  ფსიქოლოგიური ძალაუფლების განადგურებას."[26]


ავტორის  აზრით, მთავარი  ამოცანაა გონების კონტროლი და ემოციური კონტაქტის დამყარებაა, რაც კეთილგანწყობილი ჯგუფების, ძირითადად ოპოზიციური მოძრაობების ან ამბოხებულების მობილიზებას შეუწყობს  ხელს, რომელსაც თვის მხრივ საზოგადოების დანარჩენი წევრების დემორალიზაციის და პოლიტიკურ  არეულობის შექმნის უნარი შესწევს.[27]


"დღეს, სტრატეგიის  იდეა შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ბურთი, რომელიც ფეხბურთელის მიერ ნასროლია სტადიონის ერთი ბოლოდან, მეორე ბოლოში: რა თქმა უნდა მიზანი ერთია, მაგრამ არსებობს მრავალი  შუალედური პირობა და ისინი სხვადასხვა დარგებს მოიცავს: სამხედრო, დიპლომატიური, ეკონომიკური,  სოციალურ-პოლიტიკური და ფსიქოლოგიური".[28]


ზემოხსენებული  მეთოდების გამოყენებით, მესნერის აზრით, სახელმწიფოს შეუძლია მიმართოს ე.წ. „დივერსიულ  ომს“, რომლის დრო, განფენილობა და ხანგრძლივობა არაპროგნოზირებადია, დამოკიდებულია  მხოლოდ მიზნის სრულყოფილ მიღწევაზე.


2.2. ქსელური[29] და საინფორმაციო ომის  თეორია[30]


ალექსანდრე დუგინმა[31] შეიმუშავა ქსელური ომის თეორია. მისი თეორიის  ცენტრალური ღერძი არის რუსეთი,  როგორც ევრაზიული ცივილიზაცია, რომლის მიხედვითაც  რუსეთი უნიკალური ფენომენია ევროპული და აზიური სოციო-კულტურული მახასიათებლებით.[32] დუგინის თვალსაზრისით, ევრაზიის მოდელი  არის ევრო-ატლანტიკური მოდელის საპირისპირო მხარე, რომელიც ორიენტირებულია მულტიპოლარული  სამყაროს შექმნისკენ. ევრაზიული ქსელის შექმნის ძირითადი ელემენტია ინფორმაციის გაცვლა.  ქსელის ფართო გაგება გულისხმობს სხვადასხვა საინფორმაციო კომპონენტების იდენტიფიცირებას  და მათ კონტროლს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც იარაღი, მათ შორის:  საკომუნიკაციო სისტემები, საზოგადოებრივი აზრი, დიპლომატიური ურთიერთობები, სოციალური  პროცესები, დაზვერვა და კონტრდაზვერვა, ეთნო ფსიქოლოგია, რელიგიური და კოლექტიური  ფსიქოლოგია, ეკონომიკური უსაფრთხოება, მეცნიერება, ტექნიკური ინოვაცია და ასე შემდეგ.  დუგინის აზრით, ის ვინც აკონტროლებს ინფორმაციას, შესწევს უნარი აკონტროლოს ყველაფერი.  სამხედრო ოპერაციები საინფორმაციო ომის დროს მეორეხარისხოვან როლს თამაშობს.[33] დუგინი გამოყოფს ქსელური ომის ოთხ მნიშვნელოვან მახასიათებელს.


  1. საბრძოლო ველი განფენილია ვირტუალურ სივრცეში. მთავარია აღნიშნულ ველზე კონტროლის მოპოვება.

  2. კონტროლი გულისხმობს არა უბრალოდ ინფორმაციის ფლობას, არამედ მისით მანიპულირების  უნარს.

  3. ქსელურ მანიპულაციებს შესწევს უნარი ომი აწარმოოს ყველას წინააღმდეგ ვირტუალურ გარემოში  და ასე მიაღწიოს დასახულ მიზნებს.

  4. გლობალიზაციის პროცესი, რომელიც ხელს უწყობს გლობალური ქსელის ჩამოყალიბებას და ასევე  ავითარებს გარე კონტროლის მექანიზმების ამოქმედებას.


დუგინის აზრით ოთხივე მახასიათებელი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იქნება შემუშავებული, რომელიც სწორედ ამ გზით ცდილობს გლობალური  გავლენა დაამყაროს მთელს მსოფლიოზე, მათ შორის რუსეთის ფედერაციაზეც, ამიტომ, დუგინის  თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ევრაზიული მოდელის განვითარება, რომელიც მულტიპოლარულ  მსოფლიო წესრიგს დაამყარებს.[34]


დუგინის „ქსელური ომის“ კონცეფციის შემუშავების პარალელურად, იგორ პანარინმა[35] „საინფორმაციო ომის თეორია“ ჩამოაყალიბა. მისი თეორიის ძირითადი აქცენტი ომის საინფორმაციო განზომილებაზეა დაფუძნებული.  ამ შემთხვევაში ავტორი არ გულისხმობს პირდაპირ პოლიტიკურ, დიპლომატიურ, საფინანსო-ეკონომიკურ  თუ სამხედრო საქმიანობას, არამედ "ინფორმაციის მანიპულირებას საზოგადოებრივი აზრის კონტროლის  მიზნით, გარკვეული პოლიტიკური სარგებლობის მისაღებად. ეს კონტროლი შეიძლება მიღწეული  იყოს ინფორმაციის მანიპულირებით, დეზინფორმაციით, ინფორმაციის გაყალბებით ან რაიმე  სხვა გზით [...] საერთაშორისო ან ადგილობრივი საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებით".  სხვა სიტყვებით რომ ითქვას, პანარინის თეორიის ამოსავალი წერტილია საზოგადოებრივი აზრის კონტროლი, რომელიც ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელებით ცდილობს გავლენა  მოახდინოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. საზოგადოებრივ აზრზე დომინანტური  გავლენის მოსაპოვებლად, პანარინი სამი სხვადასხვა ტიპის „სოციალურ ობიექტს“ იყენებს.


ობიექტი I – „დიდი სოციალური ჯგუფები“, რომელშიც ერთიანდებიან ადამიანები სახელმწიფო დონეზე, სხვადასხვა სოციალური ფენები  და კლასები. ისინი პასუხისმგებელნი არიან ქცევის ნორმების ჩამოყალიბებაზე და სულიერ-ეთიკური ღირებულებებისა და ტრადიციების განვითარებაზე.


ობიექტი II – „საშუალო სოციალური ჯგუფები“,  სადაც ერთიანდებიან კომერციული და ინდუსტრიული ორგანიზაციები, სამხედრო ქვედანაყოფები  და სამეცნიერო ინსტიტუტები. ისინი მკაცრად განსაზღვრულ იერარქიულ ორგანოებს წარმოადგენენ.


ობიექტი III – „მცირე სოციალური ჯგუფები“, სადაც პანარინი მოიაზრებს ინდივიდების ერთობლიობას, როგორიცაა ოჯახი, მეზობლები ან  მეგობრები; მათ პირდაპირი კომუნიკაციები აქვთ ერთმანეთთან. საშუალო სოციალური ჯგუფები,  თავის მხრივ წარმოადგენენ ინფორმაციის გამტარ საშუალებას მცირე და დიდ ჯგუფებს შორის. ისინი აყალიბებენ ზოგად ტენდენციებს და ქმნიან  საზოგადოებრივ აზრს.


აქვე მნიშვნელოვანია იმის განმარტებაც,  რომ პანარინის თეორიის თანახმად, ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ომის წარმოება საზოგადოების  ყველა სოციალურ ჯგუფზე შეიძლება გავრცელდეს. მათი მიზანია პოლიტიკური ელიტის და ზოგადად საზოგადოების აზრის ფორმირება, რომლის პრაქტიკაში განხორციელება დიდწილად დამოკიდებულია  სახელმწიფოს კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებსა და ამოცანებზე.[36]


2.3. ახალი თაობის ომის თეორია[37]


რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოფიცრის, სერგეი  ჩეკინოვისა და გენერალ-ლეიტენანტი სერგეი ბოგდანოვის „ახალი თაობის ომის თეორია“, 2000 წლიდან რუსეთის სამხედრო აკადემიურ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული და  მრავალგზის განხილული კონცეპტია. „ახალი თაობის ომის თეორიაში“, ავტორები ძირითად ყურადღებას ამახვილებენ  ომის ბოლოდროინდელ ტენდენციებზე და მის ასიმეტრიულ მახასიათებლებზე. ავტორების თანახმად,  ომი 21-ე საუკუნეში ტრანსფორმაციას განიცდის ორი ძირითადი მიმართულებით.


პირველი  ასპექტი ყურადღებას ამახვილებს ომის სოციალურ-პოლიტიკურ  ხასიათზე და მის არასამხედრო განზომილებაზე, რომელიც ძირითადად ინფორმაციულ და ფსიქოლოგიურ ოპერაციებს მოიცავს. მათი მიზანია მკვეთრად შეასუსტოს მტრის სამხედრო შესაძლებლობები  არაძალადობრივი მეთოდებით, რაც გულისხმობს საინფორმაციო პროცესებზე გავლენით, შეცდომაში  შეიყვანოს საზოგადოება; მოახდინოს მოსახლეობის და შეიარაღებული ძალების დემორალიზაცია.[38]


მეორე  ასპექტი ეხება პოლიტიკურ დაპირისპირების გლობალიზებულ სამყაროში და ავითარებს „ლოკალური ომების“ იდეას. ავტორების თანახმად, გლობალიზებულ სამყაროში, სადაც ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება სახელმწიფოებს შორის უზარმაზარია, არ არსებობს ობიექტური საჭიროება იმისა, რომ მათ  ფართომასშტაბიანი ომები აწარმოონ; პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების მისაღწევად საკმარისია „ლოკალური ომები“ და არაპირდაპირი, შეფარული ქმედებები’.[39] ჩეკინოვის და ბოგდანოვის აზრით, არაპირდაპირ ქმედებებში მოიაზრება საინფორმაციო, დისტანციური, სეგმენტირებული, პოლიცენტრული, ელექტრონული,  მიწაზე და საზღვაო, კოსმოსური და ანტი-სატელიტური მეთოდების გამოყენება. უფრო მეტიც,  „ახალი  თაობის ომის“ მთავარი იდეა არის არა მტრის ტერიტორიის  მიტაცება და მართვა, არამედ გავლენის სფეროების ზონებად დაყოფა, მაგრამ ზოგჯერ, თუ  ამ მიზნების მიღწევა ვერ ხერხდება, დასაშვებია გარკვეული საბრძოლო ოპერაციებიც კი  განხორციელდეს.[40]


სერგეი  ჩეკინოვისა და სერგეი ბოგდანოვის ომის თეორიებზე დაყრდნობით, გენერალმა ვალერი გერასიმოვმა, 2013 წელს სამხედრო-სამრეწველო  კურიერში გამოაქვეყნა სტატია "მეცნიერების ღირებულება წინასწარმეტყველებაში.[41] გერასიმოვის აზრით, ომის წესები მნიშვნელოვნად  შეიცვალა 21-ე საუკუნეში. პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების მიღწევა უფრო მარტივია  არასამხედრო მეთოდების გამოყენებით, ვიდრე იარაღის ძალით და სამხედრო ოპერაციებით;  უფრო მეტიც, კონფრონტაციის პროცესში ძირითადი აქცენტი გადადის პოლიტიკურ, ეკონომიკურ,  საინფორმაციო, ჰუმანიტარულ და სხვა არასამხედრო ტაქტიკის გამოყენებაზე, რომელსაც შესწევს უნარი მანიპულირება მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე და ოპოზიციური  პოლიტიკური ძალების მობილიზებაზე.[42] ავტორი ყურადღებას ამახვილებს ასევე „პერმანენტული ომის ცნებაზე“ და თუ როგორ შეიძლება, მოწინააღმდეგე სახელმწიფო რამდენიმე თვესა თუ დღეში, იქცეს მძაფრი შეიარაღებული კონფლიქტის არენად და ჩაიძიროს სრულ ქაოსში.[43]


3. შეჯამება: მუდმივი ომი, ანუ სანამ მიზნაი მიღწეულია


რუსეთის ფედერაციის სამხედრო თეორეტიკოსების  სტატიებისა და კონცეპტების ანალიზით აშკარა ხდება, რომ რუსეთის თანამედროვე ომის გაგებას,  რომელიც მესნერმა, პანარინმა, დუგინმა, ჩეკნოვმა, ბოგდანოვმა და გერასიმოვმა შეიმუშავეს, მჭიდრო კავშირები აქვს ზემოაღნიშნულ ჰიბრიდული ომის ჰიპოთეტურ კონცეფციასთან. პოლიტიკური,  ეკონომიკური, ინფორმაციული, იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენება რუსეთისთვის  ომის წარმოების უმნიშვნელოვანეს ტაქტიკად გადაიქცა.


გერასიმოვის განმარტებით, 2016 წლიდან მოყოლებული, ტრადიციული და არატრადიციული მეთოდების კომბინაცია უკვე შეიარაღებული კონფლიქტების  ძირითად მახასიათებლად ჩამოყალიბდა, ამიტომ რუსეთი იძულებულია თავის სამხედრო განვითარებასა  და მოდერნიზაციას შეუწყოს ხელი.[44] როგორც საერთაშორისო პოლიტიკური დისკურსი  გვაჩვენებს, ზემოაღნიშნული სამხედრო თეორიები და კონცეფციები ასევე დიდი მხარდაჭერით  სარგებლობენ რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში. 2008 წლიდან რუსეთის თავდაცვისა  და უსაფრთხოების ბიუჯეტი მნიშვნელოვანად გაიზარდა. მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა  ასევე რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო დოქტრინამ და მოერგო ომის თანამედროვე  გამოწვევებს.[45] მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში ჰიბრიდული  ომის საფრთხეების აკადემიური ანალიზი, ძირითადად რუსეთის მიერ უკრაინის ინტერვენციის შემდეგ დაიწყო, ჰიბრიდული ომის წარმოების რუსული მიდგომა 20-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან  იღებს სათავეს. რუსული ჰიბრიდული ომის თეორია და საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს,  რომ პოლიტიკური მიზნების მიღწევა შესაძლებელია  მინიმალური სამხედრო ჩართულობით. ძირითადი კონცენტრაცია გადატანილია არასამხედრო მეთოდების  გამოყენებაზე. ამდენად, რუსული ჰიბრიდული ომი შესაძლოა განისაზღვროს, როგორც ომის  წარმოების მრავალგანზომილებიანი, ყოვლისმომცველი და არატრადიციული მეთოდების ერთობლიობა,  რომლის მთავარი მიზანია ომსა და მშვიდობას, მოკავშირესა და მოწინააღმდეგეს, სახელმწიფო  და არასახელმწიფო აქტორებს შორის გამყოფი ხაზის გაბუნდოვანება. შედეგად, არ არსებობს  ომის ოფიციალური გამოცხადება და ფორმალური სამშვიდობო შეთანხმებები.


შესავალში  დასმულ მთავარ კითხვას თუ დავუბრუნდებით, შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ რუსული ჰიბრიდული  ომისთვისთვის, დრო, ადგილი და წესები ბუნდოვანია, ომის ტრადიციული საზღვრები კი წაშლილი. მიზანმიმართული დეზორიენტაცია, გაურკვევლობა და  ქაოსის შექმნა არის ის, რაც რუსულ თანამედროვე ომს ყველაზე უკეთ ახასიათებს.


__________________________________________________________________________________________


[1] Lonsdale, D. (2016) The Study and Theory of Strategy. Cambridge: Cambridge University Press, p. 22

[2] აფხაზეთი  - (1991-1993 წწ.), სამოქალაქო ომი საქართველოში - (1991 -1993 წწ.), დნესტრისპირეთი  (1992 წ.), სამხრეთ ოსეთი - ( 1992 წ.), ტაჯიკეთის სამოქალაქო ომი - (1992 – 1997  წწ.),ჩეჩნეთის ომი I - (1994 – 1996 წწ.), დაღესტანი -(1999 წ.), ჩეჩნეთის ომი II  - (1999 – 2009 წწ.), საქართველო - (2008 წ.), უკრაინა - (2014 წ.) სირია -  (2015-2019)

[3] დასავლეთი  ნაშრომში აღქმულია, როგორც მსოფლიოს ნაწილი, რომლებიც კულტურულად – საერთო ბერძნულ-რომაული  და ქრისტიანული ძირებით, სოციალურად – ინდუსტრიული კაპიტალიზმის დომინირებით, და პოლიტიკურად  – ლიბერალური დემოკრატიის პრივალირებით გამოირჩევა.

[4] Ehrhart, G. (2014) Russia's unconventional war in Ukraine: the transformation of collective violence. Zeitschrift Sicheheits und Politik

[5] Nichol, J. (2011) Russian Military Reform and Defense Policy. FAS Publishing, p. 1

[6] Vladimir, K. (2014) Новая военная доктрина России: ответ на агрессию, https://defendingrussia.ru/a/novaja_vojennaja_doktrina_rossii_otvet_na_agressiju-1271 (Accessed 15 February 2021)

[7] Washington Post, Playing by Putin’s tactics, (2014 March 09)

[8] Jonsson, O. (2019) The Russian Understanding of War - Blurring the Lines Between War and Peace. Washington: Georgetown University Press, p. 43

[9] Kante, J. and Bienkov, A. (2017) "www.businessinsider.com." UK officials now think Russia may have interfered with the Brexit vote. https://www.businessinsider.com/labour-mp-ben-bradshaw-suspicious-russian-interference-brexit-2017-2 (Accessed 9 September 2018)

[10] Collins, M., Gaudiano, N. and Collins, E. . www.usatoday.com. July 18, 2018. https://www.usatoday.com/story/news/politics/2018/07/17/paul-ryan-really-clear-russia-meddled-presidential-election/791541002/ (Accessed 9 September 2018)

[11] Wagstyl, S. (2017) "Financial Times." German politics: Russia’s next target? January 29, 2017. https://www.ft.com/content/31a5758c-e3d8-11e6-9645-c9357a75844a (Accessed 9 September 2018)

[12] Beckmann, R. (2010) Kriegstheoretische Analyse von neuen Gewaltformen. Wiesbaden: VS Verlag, pp. 8-15

[13] იქვე  p. 8

[14] Kaldor, M. (2000) New and old wars : Organized violence in the age of globalization. Frankfurt am Main: Suhrkamp Verlag, pp. 7-14

[15] Münkler, H. (2004) Die neuen Kriege. Reinbek: Rowohlt Verlag, pp. 6 - 15

[16] Wassermann, F. (2015) Asymmetrische Kriege: Eine politiktheoretische Untersuchung zur Kriegführung im 21. Jahrhundert. Frankfurt: Caumpus Verlag, p. 10

[17] Ofer Fridman, Russian Hybrid Warfare - Resurgence and Politicisation, (C.Hurnt, London, 2018),19-24

[18] Hoffman, F. (2014) On Not-So-New Warfare: Political Warfare vs Hybrid Threats. http://warontherocks.com/2014/07/on-not-so-new-warfare-political-warfare-vs-hybrid-threats/ (Accessed 17 August 2016)

[19] Ehrhart, G. (2016) Unkonventioneller und hybrider Krieg in der Ukraine. Zeitschrift für Außen- und Sicherheitspolitik, pp. 223–241

[20] Hoffman, F. (2014) On Not-So-New Warfare: Political Warfare vs Hybrid Threats. http://warontherocks.com/2014/07/on-not-so-new-warfare-political-warfare-vs-hybrid-threats/ (Accessed 17 August 2016)

[21] The Theory of Subversion-War / мятежевойна

[22] Friedman, O. (2018) Russian Hybrid Warfare - Resurgence and Politicisation. London: C.Hurst & Co. Ltd., pp. 55-57

[23] იქვე გვ.  58

[24] იქვე გვ. 61

[25] Месснер, Е. (2005) Хочешь мира, победи мятежевойну. Москва: Военный университет, с. 128-132

[26] Friedman, O. (2018) Russian Hybrid Warfare - Resurgence and Politicisation. London: C.Hurst & Co. Ltd., pp. 68

[27] Месснер, Е. (2005) Хочешь мира, победи мятежевойну. Москва: Военный университет, с. 158-168

[28] Friedman, O. (2018) Russian Hybrid Warfare - Resurgence and Politicisation. London: C.Hurst & Co. Ltd., pp. 70

[29] Дугин, А. (2018) Сетевая война и Глобализация. http://federalbook.ru/files/OPK/Soderjanie/OPK-7/V/Dugin.pdf (Accessed 13 September 2018)

[30] Панарин, И. (2003) Информационная война и мир.  Москва: ОЛМА ПРЕСС

[31] ალექსანდრე  დუგინი არის რუსი პოლიტოლოგი, გეოპოლიტიკური ფილოსოფოსი და რელიგიის ისტორიკოსი.

[32] Дугин, А. (2018) Сетевая война и Глобализация. http://federalbook.ru/files/OPK/Soderjanie/OPK-7/V/Dugin.pdf (Accessed 13 September 2018)

[33] იქვე.  Сетевая война и глобализация

[34] Friedman, O. (2018) Russian Hybrid Warfare - Resurgence and Politicisation. London: C.Hurst & Co. Ltd., pp. 76 - 82

[35] იგორ პანარინი  რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის წევრია, ფლობს დოქტორის ხარისხს პოლიტიკურ  მეცნიერებაში და ფსიქოლოგიაში

[36] Панарин, И. (2003) Информационная война и мир.  Москва: ОЛМА ПРЕСС, с. 128-130

[37] „ახალი  თაობის ომის თეორია“ აერთიანების სერგეი ჩეკინოვის და სერგეი ბოგდანოვის სხვადასხვა  დროს გამოცემულ თანემდროვე ომის კონცეპტებს, მათ შორის: Асимметричные действия  по обеспечению военной безопасности России; Эволюция сущности и содержания  понятия «война» в XXI столетии; Характерные особенности вооруженной борьбы в  войнах и конфликтах последнего десятилетия

[38] Чекинов, С. (2010) "Прогнозирование тенденций военного искусства в начальном периоде XXI века", Военная мысль, 7: 19-33, с. 24-25

[39] Чекинов, С. и Богданов, С. (2017). "Эволюция сущности и содержания понятия «война» в XXI столетии" Военная мысль, 1: 32-45, с. 37 - 45

[40] Чекинов, С. и Богданов, С. (2010) "Асимметричные действия по обеспечению военной безопасности России." ВОЕННАЯ МЫСЛЬ, 3 : 13-22, с. 10-13

[41] Герасимов, В. (2013) Ценность науки в предвидении. ВОЕННО-ПРОМЫШЛЕННЫЙ КУРЬЕР. https://vpk-news.ru/articles/14632 (Accessed 15 September 2018)

[42] იქვე.

[43] იქვე.

[44] Friedman, O. (2018) Russian Hybrid Warfare - Resurgence and Politicisation. London: C.Hurst & Co. Ltd., pp. 143

[45] დეტალური  ინფორმაციისთვის იხილეთ: Dresdener Studiengemeinschaft Sicherheitspolitik (DSS)  e.V. 2014. www.sicherheitspolitik-dss.de/ap/ap113000.pdf (Accessed 15  September 2018).