top of page
David Darchiashvili

დავით დარჩიაშვილი - რუსეთის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი, დირექტორი

თანამოაზრეთა სოლიდარობა ნაციონალურ საზღვრებს ყოველთვის სცდებოდა და სცდება. ამიტომ, ისინი ყველგან უნდა ვეძებოთ, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოსადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ტერიტორიაზეც. იმაზეც მეტი გონებრივი ენერგია უნდა ვხარჯოთ, რომ მუდმივად იყოს მსჯელობა თუ რაა სახელმწიფო დღეს და რა იქნება იგი ხვალ. თუ ანალიზის ეროვნული დონე გვიზიდავს, კიდევ ორი რამაა მთავარი: დავაკვირდეთ ერის რეგიონალურ კონტექსტს და გამოვიყენოთ შედარებითი მეთოდი - სხვაგვარად არ გვეცოდინება, რაა ჩვენში განსხვავებული და რა - საზიაროდ რეგიონალური. შესაბამისად, გადავწყვიტეთ დავაფუძნოთ რუსეთის კვლევის ცენტრი საქართველოში.

რუსეთის კვლევის ცენტრი ამ ქვეყნის, მისი პოლიტიკური სისტემის გაგებას ემსახურება, რისთვისაც თანამედროვე სოციალური თეორიები ყველაზე შესაფერის ჩარჩოდ გვესახება. ჩვენი მიზანი მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება არაა: რუსეთმა, როგორც რამოდენიმესაუკუნოვანმა იმპერიამ, არაერთ მეზობელ სახელმწიფოს დააჩნია უდიდესი კვალი. ამიტომ, მთელი ყოფილი იმპერიული სივრცის და თავად ჩვენი სამშობლოს სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის გააზრებას რუსეთის კვლევები სჭირდება. ცენტრის ამოცანაა შესაბამისი ცოდნის გავრცელებაცა და კოლეგების, თანამოაზრეების გამრავლებაც.

ნათქვამი თითქოს ყველას ესმის, ვისაც საქართველოში ისტორია, პოლიტიკა, კულტურა თუ ეკონომიკა აინტერესებს. მაგრამ, რუსეთთან თუ მის რეგიონალურ როლთან დაკავშირებით, ჩვენში დომინირებს ორი ტიპის დისკურსი, რომელთაგანაც არც ერთი არაა აკადემიური. ერთის თანახმად, ყველა ჩვენი პრობლემა კრემლის განზრახულობათა და ქმედებათა ბრალია. მეორე, პრინციპში, არ ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას, მაგრამ გამოსავალს „დიდ ძმასთან“ ისტორიული გადაჯაჭვულობის აღდგენაში ხედავს.  არა და ლოგიკური სხვა რამ გვგონია და ეს არაა შუალედური „ჭეშმარიტება“ თუ პოზიცია აღნიშნულ ორ მენტალურ პოლუსს შორის: რუსეთის დღევანდელი ლიდერშიპი, რა თქმა უნდა, იმპერიული ნოსტალგიითაა შეპყრობილი. მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად უალტერნატივოა რუსული ელიტის ეს საუკუნოვანი სევდა. ასევე, ჩვენ უნდა ვიკვლიოთ „რუსული იმპერია ჩვენში“ ანუ ის სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურები, რომლებიც მსგავსად პრობლემურია როგორც იქ, ისე აქ და მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში; რომლებიც ხელს გვიშლის პროგრესსა თუ კანონის უზენაესობის დამკვიდრებაში. ხშირ შემთხვევაში, კრემლის დღევანდელი მესვეურები შეიძლება მათზე პარაზიტირებდნენ, მაგრამ ეს ყოველივე სულაც არაა მათი მოგონილი და თავსმოხვეული.

სოციალური მეცნიერებების მთავარი დანიშნულება ალბათ ისაა, გაარკვიოს თუ რა გვჭირს როგორც ინდივიდებს, ერებს, რეგიონებსა თუ მთელს კაცობრიობას. ხოდა აქ, საქართველოში, ეს ზოგადი დანიშნულება ითხოვს  რუსეთის კვლევას. ასე უკეთ გავიგებთ თუ რაა საქართველოსა და რუსეთს შორის მსგავსი, განსხვავებული და საზიარო. ესაა ერთერთი გზა ძველი დემოკრატიული ლოზუნგის - „თქვენი და ჩვენი თავისუფლებისათვის“ - განსახორციელებლად.

bottom of page